ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი. I მატჩების წინ: ბრძოლა ვენგერისთვის, სიგიჟე "ველოდრომზე"

AutoSharing Option
დღეს ევროპალიგის პირველი ნახევარფინალები გაიმართება. ლონდონის "არსენალი" საშინაო ასპარეზზე მიიღებს "ატლეტიკოს", ხოლო "მარსელს" "ზალცბურგი" ეწვევა.

რა თქმა უნდა, ორივე შეხვედრა ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. დავიწყოთ ლონდონში გასამართავი მატჩით...

არსენ ვენგერი სეზონის დასრულების შემდეგ "არსენალს" ტოვებს. ეს ცნობილი ამბავია.

"მეთოფეები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ეს ტურნირი მოიგონ, რათა ფრანგ სპეციალისტს ღირსეული გაცილება მოუწყონ 22-წლიანი ეპოპეის შემდეგ (პლუს ამას, ვენგერს ევროტიტული მოგებული არ აქვს), თან კიდევ ჩემპიონთა ლიგის საგზურს შესწვდნენ, რასაც სწორედ ევროპალიგაში გამარჯვება იძლევა.

"არსენალს" უნდა ულიდეროს მესუთ იოზილმა, ვინც გადამწყვეტ
შეხვედრებში, ალბათ, უფრო მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს, ვიდრე პრემიერლიგურ თამაშებში. მესუთი ცუდ ფორმაში ნამდვილად არ არის, რადგან სულ ცოტა ხნის წინ 50-ე საგოლე გადაცემა მიითვალა პრემიერლიგაში.

"ატლეტიკოს" მთავარი კაცი ამ შეხვედრაში ანტუან გრიზმანი იქნება. ფრანგ ფორვარდს შესანიშნავად რომ შეუძლია თამაში, ეს არაერთხელ ვნახეთ. მას ხელს ოდნავი არასტაბილურობა უშლის, თუმცა ევროპალიგის ნახევარფინალი ის ადგილი არ არის, სადაც სისუსტეები უნდა გამოავლინო. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 18 გოლია.

ფინალებში თამაშს დაჩვეულია დიეგო სიმეონე, ვინც "ატლეტიკო" 2011 წელს ჩაიბარა და გუნდი გვარიანად გარდაქმნა - ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად აქცია თუნდაც ევროპულ ასპარეზზე. პრიმერაში კი ერთხელ, მაგრამ მაინც დაამხო "ბარსელონასა" და "რეალის" ჰეგემონია - "ატლეტიკო" გააჩემპიონა.

რა არის ამ გუნდების სუსტი წერტილები? როცა "არსენალზე" ვსაუბრობთ, ეს ერთმნიშვნელოვნად დაცვაა და ზოგადი არასტაბილურობა. "ატლეტიკოს" კი არ ჰყავს საკმარისად ღრმა შემადგენლობა, რაც სიმეონეს უფრო ხშირი როტაციის საშუალებას მისცემდა, გამომდინარე სეზონის ინტენსიური გრაფიკიდან...

ხუთშაბათი, 26 აპრილი
არსენალი-ატლეტიკო 23:05
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი: ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, კოსიელნი, მონრეალი - რემზი, ჯაკა - უილშირი, მხითარიანი, იოზილი - ლაკაზეტი
ატლეტიკო: ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ლუკასი - კორეა, საული, გაბი, კოკე - გრიზმანი, დიეგო კოშტა

* * *

"მარსელი"-"ზალცბურგის" წყვილში ფავორიტის გამოცნობა ძალიან რთულია, თუმცა საფრანგეთში გასამართ შეხვედრაში უპირატესობა მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ, მათ უკან ხომ სავსე "ველოდრომი" იდგება!

"მარსელის" თამაში ძალიან არის დამოკიდებული დიმიტრი პაიეზე, ვინც წლევანდელ ევროტურნირებზე შესანიშნავია და აგერ, "ლაიპციგთან" საშინაო მეოთხედფინალშიც გაიბრწყინა.

"ზალცბურგის"ლიდერად კი 25 წლის ვალონ ბერიშა უნდა შევრაცხოთ. ავსტრიელებმა მეოთხედფინალში "ლაციო" რომ ჩამოიშორეს გზიდან, ამაში მისი წვლილი ძალიან დიდია.

ბერიშას გარდა, კიდევ შეიძლება რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა. მოკლედ რომ ვთქვათ, "ზალცბურგი" გუნდურობის ნათელი ნიმუშია.

მას შემდეგ, რაც "მარსელში" გამოცდილი რუდი გარსია მივიდა, გუნდის შედეგები დასტაბილურდა. მართალია, შინაურ ასპარეზზე 54 წლის სპეციალისტის გუნდი ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის (ფრანგულ ლიგაში ხომ "პარი სენ-ჟერმენი" თამაშობს), მაგრამ ველოდრომელებს ევროტიტულის მოგების შანსი აქვთ და ეს უკვე საქმეა.

გერმანელი მარკო როზე "ზალცბურგის" სამწვრთნელო შტაბში 2013 წლიდან მუშაობს. 2016/17 წლების სეზონში მან "ზალცბურგის" 19-წლამდელებს უეფას ახალგაზრდული ლიგა მოაგებინა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარმატებით შეცვალა ოსკარ გარსია, ვინც გუნდი ივნისში დატოვა.

"მარსელის" მთავარი პლუსი საშინაო კედლებია, "ზალცბურგს" კი, მეტოქის დარად, ბევრი გოლი გააქვს და ამ შემტევ პოტენციალს უნდა დაეყრდნოს ამ თამაშშიც.

ხუთშაბათი, 26 აპრილი
მარსელი-ზალცბურგი 23:05
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი: პელე - ამავი, ლუის გუსტავო, რამი, საკაი - სანსონი, ზემბო - ანგისა, პაიე, ტოვენი - სარი, მიტროღლუ
ზალცბურგი: ვალკე - ულმერი, ჩალეტა - სარი, რამალიო, ლინდერი - ბერიშა, შლაგერი, სამასეკუ, ჰაიდარა - დაბური, გულბრანდსენი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"მარსელი" და "ზალცბურგი 12 - 12 კაცით რატომ თამაშობენ?
ინტრიგანი
18:09 26-04-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული