ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩების წინ: არსენის "არსენალის" ბოლო შანსი

AutoSharing Option
ვინ ითამაშებს ევროპალიგის ფინალში ლიონის "ოლიმპიურზე"? შანსს პირველ ნახევარფინალში დამარცხებული "ზალცბურგიც" ინარჩუნებს, თუმცა "მარსელი" მაინც გამოკვეთილი ფავორიტია. აი, მეორე ნახევარფინალში კი დიდი ჯახია...

არსენ ვენგერს "არსენალის" ეპოქის ხმაურით დასრულება სურს და ევროთასის პირველად მოგება აქვს დაგეგმილი, თუმცა "ვანდაზე" არა მისი გუნდი, არამედ "ატლეტიკოა" უკეთეს სიტუაციაში.

გარდა ფანების დიდი მხარდაჭერისა, პირველი მატჩის შედეგიც ესპანური კლუბის სასარგებლოდაა - 1:1.

ლონდონში "ატლეტიკომ" თითქმის მთელი თამაში ერთით ნაკლებმა და უმწვრთნელოდ (ვრსალიკო და სიმეონე გააძევეს) ითამაშა. მაშინ ორი ფრანგული გოლი გავიდა - ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა
ანგარიში, ხოლო ანტუან გრიზმანმა გაათანაბრა. უმწვრთნელოდ "ატლეტიკოს" საპასუხო მატჩშიც მოუწევს ფონს გასვლა.

"ატლეტიკოს" არ ეყოლება დისკვალიფიცირებული ვრსალიკო და ტრავმირებულები ხუანფრანი და ფილიპე ლუიში. მოკლედ, სიმეონეს განაპირა მცველებში უჭირს. მარჯვენამცველობას, ალბათ, თომასი იტვირთებს, რომელიც ცენტრალური ნახევარმცველია.

დიეგო კოშტა სათამაშოდ მზად არის, ისევე, როგორც ანხელ კორეა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატში გააძევეს. სიმეონემ ესპანეთის ჩემპიონატში გრიზმანი, ხიმენესი, ობლაკი და საული დაასვენა.

"არსენალს" დიდი ხანია, რაც სანტი კასორლა დააკლდა. ელნენიც არ ითამაშებს. საეჭვოა ივობისა და კოლაშინაცის თამაშიც. თავისთავად ცხადია, ობამეიანგს ევროპალიგაზე "არსენალის" მაისურით თამაშის უფლება არ აქვს.

სამაგიეროდ, ითამაშებს ჰენრიხ მხითარიანი, რომელიც "იუნაიტედთან" მატჩში დაბრუნდა და ის უელბეკს სასტარტოში ადგილს შეეცილება. ვენგერმა უქმეებზე რემზი, უილშირი, ლაკაზეტი, მონრეალი, კოსიელნი და მუსტაფი დაასვენა, რომ მადრიდული თამაშისთვის ენერგია მეტი ჰქონდეთ შენარჩუნებული.

სიმეონეს გუნდს "ვანდა მეტროპოლიტანოზე" 11 თამაშია (ყველა შეჯიბრებაში), რაც გოლი არ გაუშვია. მეორე მხრივ, "არსენალი" ევროპალიგაზე ხუთი მატჩია, არ დამარცხებულა.

"ველოდრომზე" "მარსელი" ლიდერმა ფლორიან ტოვენმა დააწინაურა, რომელიც ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელობაზე აცხადებს პრეტენზიას. მეორე ტაიმში კი ავსტრიელთა კარში კლინტონ ნ'ჟიემ გაიტანა - 2:0. სანამ "ზალცბურგს" ჩამოვწერთ, გავიხსენოთ, რომ წინა წრეში ამ გუნდმა რომშიც ორი ბურთის სხვაობით წააგო, მაგრამ შინ "ლაციოს" 4:1 გადაურბინა. 41 წლის მარკო როუზის გუნდი ტყუილად არ მოსულა ამ ეტაპამდე.

"მარსელს" მეკარე სტივ მანდანდა და იაპონელი განაპირა მცველი ჰიროკი საკაი არ ეყოლება, საეჭვოა კონსტანტინოს მიტროღლუს თამაშიც.

ხუთშაბათი, 3 მაისი
ატლეტიკო-არსენალი 23:05 (1:1)
ზალცბურგი-მარსელი 23:05 (0:2)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული