რომის "ლაციო" ევროპა ლიგის მატჩს გლაზგოს "სელტიკის" წინააღმდეგ ნაწილობრივ ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს, რისი მიზეზიც ფრანგული "რენის" წინააღმდეგ გამართული შეხვედრის დროს რომაული კლუბის გულშემატკივართა რასისტული ქმედებები გახდა.
აღნიშნული შეხვედრა 3 ოქტომბერს გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 2:1. თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ საჩივარი უეფაში შევიდა და უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "ლაციოს" ფანების ქცევა რასისტულად მიიჩნია.
"სელტიკთან" შეხვედრაში სტადიო "ოლიმპიკოს" 4 სექტორი იქნება ცარიელი და იქ გამოკრული იქნება ბანერი, წარწერით- #EqualGame. ასევე, "ლაციოს" 20 000 ევროს გადახდა მოუწევს და თუ 1 წლის
განმავლობაში მსგავსი შემთხვევა განმეორდება, რომაულ კლუბს 1 თამაშის მაყურებლის გარეშე ჩატარება მოუწევს.
წელს უეფამ თბილისის "დინამოც" დასაჯა ფანების მხრიდან ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებისა და "გაბალას" ფეხბურთელების მისამართით რასისტული შეძახილების გამო. თუმცა "დინამოს" შემთხვევაში სასჯელი უფრო მკაცრი იყო - 50 000 ევრო ჯარიმა და გულშემატკივრების გარეშე თამაში "ფეიენოორდის" წინააღმდეგ.