თამაში გუნდებმა ფრთხილად დაიწყეს, შემდეგ კი უპირატესობას ფრანგები დაეუფლნენ, შეუტიეს და პოგბას ჩაწოდებულ ბურთს ეროვნულ გუნდში დაბრუნებულმა ჰუმელსმა საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ამას მასპინძელთა იერიშები და კროოსის უხეიროდ შესრულებული ორი საჯარიმო მოჰყვა. მეტი შესვენებამდე აღსანიშნავი, გარდა იმისა, რომ რიუდიგერმა პოგბას უკნიდან უკბინა, არაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი დეშამის გუნდმა 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში რაბიომ ბურთი ნოიერის კარის ძელს გაარტყა, საპასუხო შეტევისას კი გნაბრიმ ოდნავ ააცილა ბურთი კარს. ლიოვის გუნდი მეტოქის ნახევარზე დამკვიდრდა, გოლი კი საკუთარ კარში მიიღო - თუმცა მბაპეზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. ცოტა ხანში მბაპე ბუნდესგუნდის საჯარიმოში შეიჭრა, ჰუმელსმა ვარდნაში ბურთი აართვა, მსაჯმა კი ჩათვალა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ბოლოს არბიტრმა ბენზემას არ ჩაუთვალა ოფსაიდის გამო გოლი და მალე მატჩიც დასრულდა.
მიუნხენი. „ალიანც არენა“
გერმანია - საფრანგეთი 0:1
გოლი: ჰუმელსი (20, საკ. კარში)
ამ ჯგუფში დღეს პორტუგალიამ უნგრეთი 3:0 დაამარცხა. 19 ივნისს უნგრეთი საფრანგეთს, ხოლო პორტუგალია გერმანიას დაუპირისპირდება.
. მიმდინარე ტურნირზე უკვე 3 ავტოგოლი გავიდა, რაც ევრო 2016-ზე დამყარებული ანტირეკორდის გამეორებაა.
. გერმანია ევროპირველობის სტარტზე პირველად დამარცხდა - აქამდე 7 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა.
. ბენზემამ საფრანგეთის ნაკრებში 2014 წლის მუნდიალის შემდეგ დიდ ტურნირზე პირველად ითამაშა.
. გუნდებმა კარში 90 წუთის მანძილზე თითოჯერ დაარტყეს.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოგბა დაასახელეს.
. გერმანიამ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველად გაიტანა ავტოგოლი.