დანიის დიდი ნაკრები გვიბრუნდება? - რუსეთს უელსიც ზედ მიაყოლა და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში დანიამ უელსი 4:0 დაამარცხა

ობიექტურად უფრო ძლიერმა გუნდმა იმარჯვა, რომელსაც ტურნირის სტარტი ცნობილი მოვლენის გამო ჩაუვარდა, თუმცა შემდეგ ძალები მოიკრიბა, რუსეთი გაანადგურა, და დღეს უელსიც ზედ მიაყოლა. შეგახსენებთ, დანია ევროპირველობაზე პირველი გუნდია, რომელმაც ჯგუფში პირველი ორი შეხვედრის წაგების მერე პლეი-ოფში გასვლა შეძლო.

მოიგერიეს რა ბრიტანელთა იერიშები, დანიელებმა იქით შეუტიეს და დოლბერგმა შორიდან ანგარიში გახსნა. აქედან მოყოლებული სკანდინავიელები უპირატესობას დაეუფლენ, თუმცა შესვენებამდე მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

სამაგიეროდ მეორე ტაიმის დასაწყისში მოახერხეს - ბრეიზუეითი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა,
მის მიერ ჩაწოდებული ბურთი უილიამსმა ისე უხეიროდ მოიგერია, რომ კარის წინ დოლბერგისთვის პასი გამოუვიდა და მან საჩუქრით ისარგებლა. იულმანდის შეგირდები არც ამით დაკმაყოფილდნენ, კიდევ რამდენიმე მომენტი შექმნეს და ბოლოს გოლები მელემ და ბრეიზუეითმა გაიტანეს.

მეოთხედფინალში დანია ნიდერლანდებსა და ჩეხეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“

უელსი - დანია 0:4
გოლები: 0:1 დოლბერგი (27), 2:0 დოლბერგი (48), 0:3 მელე (89), 0:4 ბრეიზუეითი (90+6)
გაძევება: უილსონი (90)

. დანია კონტინენტის პირველობის 1/4 ფინალში 2004 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
. ბოლოს დიდ ტურნირზე დანიამ პლეი-ოფში 1998 წელს იმარჯვა - მაშინ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნიგერიას 4:1 სძლია.
. დოლბერგი ბენდტნერის შემდეგ პირველი დანიელი ფეხბურთელია, რომელმაც 2012 წლის მერე დიდ ტურნირზე დუბლი შეასრულა.
. დანიამ მიმდინარე ტურნირზე საჯარიმოს გარედან 3 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული