დრამა ბუქარესტში - მბაპემ პენალტი გააცუდა და მსოფლიოს ჩემპიონი ევროპირველობას დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონს მედგრად დაუდგა, პირველ ტაიმში ნაღდი საგოლე მომენტი არ შეაქმნევინა, თავად კი სეფეროვიჩის გოლით დაწინაურდა. მეორე ტაიმის დასაწყისში პავარმა ცუბერი საჯარიმოში წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა, ლორისმა კი გოლის გატანა როდრიგესს არ დაანება და მოედანზე სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ჯერ მბაპემ ოდნავ ააცილა ბურთი კარს, შემდეგ ბენზემამ ორწუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა
და შესაძლო 0:2-ის ნაცვლად ტაბლოზე 2:1 დაფიქსირდა.

შემდეგ პოგბამ შორიდან ლამაზი გოლი გაიტანა და 3:1. თუმცა ცოტა ხანში სეფეროვიჩმა თავურით დუბლი შეასრულა და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა. 85-ე წუთზე გავრანოვიჩმა ლორისის კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. მაინც გაიტანა გავრანოვიჩმა, ოფსაიდის გარეშე - კიდევ ერთი 3:3 და კიდევ ერთი დამატებითი დრო დღევანდელ პლეი-ოფებში.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, ხოლო პენალტების სერიაში ბოლო თერთმეტმეტრიანი მბაპეს ზომერმა აუღო და შვეიცარიამ გაიმარჯვა.

შვეიცარია 2 ივლისს სანკტ-პეტერბურგში, მეოთხედფინალში, ესპანეთს შეხვდება.

ბუქარესტი. „ნაციონალა“

საფრანგეთი -შვეიცარია 3:3 (პენ 4:5)
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (15), 1:1 ბენზემა (57), 2:1 ბენზემა (59), 3:1 პოგბა (75), 3:2 სეფეროვიჩი (81), 3:3 გავრანოვიჩი (90)
გამოუყენებელი პენალტი: როდრიგესი (55)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაკა აღიარეს.
. საფრანგეთი დიდ ტურნირზე პენალტების სერიაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - ადრე ეს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალში მოხდა.
. მბაპემ ტურნირი უგოლოდ დაასრულა - მხოლოდ 1 საგოლე პასი გააკეთა.
. საფრანგეთი უკანასკნელი 5 დიდი ტურნირიდან მეოთხედფინალში პირველად ვერ გავიდა.
. შვეიცარია ბოლოს დიდ ტურნირზე 1954 წელს იყო გასული - მუნდიალზე.
. შვეიცარიამ 61 წლის შემდეგ პირველად გაუტანა საფრანგეთს 3 გოლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
რა გეჩქარებათ, ფრანგებო?!... აცალეთ შვეიცარიას, იქნებ, ევროპის ჩემპიონები გახდნენ და პირდაპირ ჩეპიონობაზე შეადგინეთ პეტიცია...
ვოოტ
12:42 02-07-2021
0
უკრაინა ევროპის ჩემპიონია
გრიგოლი1408
14:55 29-06-2021
6

სიახლეები პოპულარული