Слава Україні! - პლეი-ოფში ძლივს გასულმა უკრაინამ შვედეთს სძლია და 1/4-ფინალში ინგლისს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში უკრაინამ შვედეთი დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და ტურნირის ისტორიაში მეოთხედფინალში პირველად გავიდა.

შვედეთის ნაკრების მწვრთნელმა ანდერსონმა წინა მატჩთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ისაკს თავდასხმაში კულუსევსკი შეუწყვილა. რაც შეეხებ უკრაინას, მისმა თავკაცმა შევჩენკომ ავსტრიასთან წაგების შემდეგ რამდენიმე არასტანდარტული სვლა გააკეთა: მატვიენკო დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენა, ცენტრში ზაბარნისთნ ერთად - კრივცოვი; ნახევარდაცვაში მალინოვსკი სტეპანენკოთი შეცვალა, რომელსაც უკან სიდორჩუკი გაუმწესა, შეტევის მარცხენა ფლანგზე კი შაპარენკო ვიხილეთ. შევჩენკომ თქვა, რომ პროგრამა-მინიმუმი უკვე შეასრულეს და თუ წინსვლას გააგრძელებდნენ, ეს ბონუსი
იქნებოდა. სხვათა შორის, მან აღიარა, რომ გუნდი გადაიღალა და ავსტრიასთან სუსტი თამაში ამის ბრალი იყო. მას შემდეგ უკრაინას აღდგენისთვის 8 დღე ჰქონდა და ეს ნათლად გამოჩნდა კიდეც.

უკრაინამ შვედეთის სასტარტო იერიშები მოიგერია, იქით შეუტია, იარმოლენკოს პასი იარემჩუკმა მიიღო, ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ოლსენი აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე. 27-ე წუთზე იარმოლენკომ ამჯერად გადაცემა ზინჩენკოს გაუკეთა და მან ანგარიში გახსნა. სწორედ იმ ზინჩენკომ, რომელსაც მიმდინარე ტურნირზე აქამდე არაფრით გამოუჩენია თავი. სლავები თამაშს მშვიდად აკონტროლებდნენ, მაგრამ „ტრე კრუნურმა“ ანგარიში ავტოგოლით გაათანაბრა - ფორსბერგის დარტყმული ბურთი ზაბარნის მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და ბუშანის კარში გავიდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშებით წარიმართა და უფრო თვალსასეირო გახდა - ჯერ სიდორჩუკმა გაარტყა ბურთი ძელს, ხოლო მერე ფორსბერგმა. სკანდინავიელები თანდათან ინიციატივას დაეუფლნენ, უფრო აგრესიულად შეუტიეს. კულუსევსკის გატანა ბუშანმა არ დაანება, ფორსბერგის დარტყმული ბურთი კი ხარიხას მოხვდა. სადღაც 75-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, ტემპიც დაეცა, გუნდები ფრთხილობდნენ, თითქოს დამატებით დროზე იყვნენ თანახმა და ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ. მწვრთნელებმა ცვლილებები განახორციელეს. 97-ე წუთზე ბესედინს დანიელსონი ეუხეშა. მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ გააძევა, ანდერსონის გუნდი კაცნაკლული დარჩა და დაცვაში ჩადგა. ბესედინმა თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და ციგანკოვმა შეცვალა. დარჩენილ დროში შვედეთი თავს ორგანიზებულად იცავდა, მაგრამ კომპენსირებულ დროში ზინჩენკოს აწეულ ბურთზე დოვბიკმა ცენტრალურ მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

3 ივლისს, რომში, მეოთხედფინალში, უკრაინა ინგლისს დაუპირისპირდება.

გლაზგო. „ჰემპდენი“

შვედეთი - უკრაინა 1:2
გოლები: 0:1 ზინჩენკო (27), 1:1 ფორსბერგი (43), 1:2 დოვბიკი (120+1)
გაძევება: დანიელსონი (97)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ზინჩენკო დაასახელეს, რომელმაც გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
. დოვბიკი 106-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 120+1-ეზე გაიტანა - ეს ნაკრებში ჩატარებულ მესამე მატჩში მისი პირველი გოლია.
. დოვბიკის გოლი ტურნირის ისტორიაში გამარჯვების მომტანთა შორის ყველაზე გვიანია.
. ევრო 2020-ზე 1/8-ფინალში 4 დამატებითი დრო დაინიშნა, რაც რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 33 /
უკრაინის წინა მატჩების კომენტარები წავიკითხე და ზოგიერთის ანტიუკრაინულმა განწყობებმა გამაკვირვა. ამ ხალხს ხომ ჩვენთვის არაფერი დაუშავებია. ვულოცავ უკრაინას, ინგლისიც დაემარცხებინოს.
ვახო
03:18 30-06-2021
8
ვულოცავ უკრაინას და პირადად შევჩენკოს!!! იმ რესურსით,რაც მის ხელთაა,ნამდვილად კარგი შედეგია!!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული