მიუნხენის "ბაიერნი": კლოზე ზამერის მემკვიდრე და სხვა ამბები

AutoSharing Option
გერმანული "ბილდი" იტყობინება, რომ მიუნხენის "ბაიერნის" სპორტული დირექტორის ვაკანტურ თანამდებობას მიროსლავ კლოზე ჩაიბარებს. ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილია.

"ბაიერნს" ბოლო სპორტული დირექტორი იყო მათიას ზამერი. მან 2016 წლის ივლისში თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა. ცოტა ხნის წინ წინ, ული ჰიონესმა განაცხადა, რომ კლუბს ახალი სპორტული დირექტორი უახლოეს მომავალში ეყოლება.

გერმანული პრესის ცნობით, პოზიციის დაკავებაზე უარი უკვე თქვეს ფილიპ ლამმა და ოლივერ კანმა, რის შემდეგაც, "რეკორდმაისტერმა" მიროსლავ კლოზეს კანდიდატურა განიხილა და თავად კლოზეც დათანხმდა.

აქვე გუნდის მმართველობის წევრის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს კომენტარიც:
"ეს დიდი გამოწვევაა როგორც ჩვენთვის, ისე კლოზესათვის. ჩემი აზრით, ის ბოლომდე დაიხარჯება ჩვენი კლუბისათვის."

"ბაიერნი" ჰიუსაიზე ნადირობს
მიუნხენის "ბაიერნს" "ნაპოლის" მცველის, ელსეიდ ჰიუსაის გადაბირება სურს. ამ ტრანსფერისათვის "რეკორდმაისტერმა" დაახლოებით 30 მილიონი ევრო გამოყო. დაახლოებით ამავე თანხას იხდის ალბანეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერში იტალიური "ინტერი".

თავის დროზე, "ნაპოლიმ" დაახლოებით 5 მილიონი ევრო გადაუხადა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ემპოლის". გასულ სეზონში ჰიუსაიმ იტალიის სერია A-ში 35 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ელბერი: მიულერმა გასული სეზონი უნდა დაივიწყოს!
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯოვანი ელბერმა განაცხადა, რომ ტომას მიულერმა რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყოს გასული სეზონი, რომელიც მისთვის უიღბლო აღმოჩნდა.

"მიულერი დიდი მასშტაბის პროფესიონალია და, მჯერა, ახალ სეზონს ის სულ სხვანაირად ჩაატარებს. მან რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაივიწყოს წინა სეზონი. რეცეპტი მარტივია - მან სიამოვნება უნდა მიიღოს ფეხბურთისაგან და დატკბეს მისით." - აღნიშნა ელბერმა.

ტოლიანი "ბაიერნსაც" უნდა
"ტოტენჰემის" შემდეგ "ჰოფენჰაიმის" 22 წლის მცველის, იერემი ტოლიანის გადაბირება "ბაიერნსაც" სურს. მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერის" ესპანელი მცველი, ხუან ბერნატი მძიმედ დაშავდა და კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელად სწორედ ტოლიანს განიხილავს. ფეხბურთელს "ჰოფესთან" კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აქვს.

"შანხაიმ" რობენი და რიბერი იუარა
ჩინური "შანხაის" მენეჯერმა, მადს დავიდსენმა განაცხადა, რომ გუნდს აღარ უნდა არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის გადაბირება.

"სამი წლის წინ ჩვენ შეთავაზება გავუკეთეთ რიბერის. იყო ინტერესი რობენის მიმართაც. ახლა ჩვენ აღარ გავუკეთებთ მათ ასეთ შეთავაზებებს. მათ ჰქონდათ შანსი და ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ჩინურმა კლუბებმა ბევრი რამ ისწავლეს და წავიდა ის დრო, როცა ყველას დაუფრიქრებლად ვყიდულობდით." - განაცხადა მან.

ხამესმა უარყო
ხამეს როდრიგესმა უარყო "ბილდის" გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს, მან თქვა, რომ "ბაიერნი" "რეალზე" დიდი კლუბია. შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკელი "რეკორდმაისტერში" სწორედ ესპანური გრანდიდან მივიდა. "სპორტ ბილდმა" ხამესს სწორედ ასეთი შინაარსის სიყვები მიაწერა.

"თავი დამანებეთ. მე ვაფასებ "რეალს" და ეს ყველაზე უკეთესად ვიცი. ასეთი რამ არასოდეს მითქვამს. გმადლობთ." - დაწერა ხამესმა საკუთარი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

მათეუსი: "ბაიერნს" დიდი უპირატესობა აღარ ექნება
ლოთარ მათეუსმა განაცხადა, რომ მიუნხენის "ბაიერნს" აღარ ექნება იმხელა უპირატესობა ბუნდესლიგაში, რამხელაც აქამდე ჰქონდა მის კონკურენტებთან შედარებით:

"ჩემი აზრით, მომავალი სეზონი ბუნდესლიგაში უფრო თანაბარი იქნება, ვიდრე წინა სეზონები. "ბაიერნს" აღარ უნდა ჰქონდეს ისეთი გამოკვეთილი უპირატესობა, როგორიც ჰქონდა ადრე. ლიდერი კლუბები უკვე გაცილებით ამბიციურები გახდნენ. ის კი არა, სერიოზულად უნდა შევხედოთ "ჰერტას" და "კიოლნის" ამბიციებსაც. მე არ ვამბობ, რომ "ბაიერნი" არაა ფავორიტი. უბრალოდ, მეტ დაძაბულობას ველი." - განაცხადა მათეუსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული