ბუნდესლიგა. II ტური: "ბაიერნის" დაუჯერებელი სტატისტიკა "ვერდერთან" [VIDEO]

AutoSharing Option
  • ბუნდესლიგას ოთხი ტურის შემდეგ ოთხი ლიდერი ჰყავს
  • "დორტმუნდს" შინ წაგება დაავიწყდა
  • ლევანდოვსკის მე-80 გოლი

ვერდერი-ბაიერნი
14 წაგება ზედიზედ და 55 გაშვებული გოლი - ასეთი სავალალო სტატისტიკა აქვს "ვერდერს" "ბაიერნთან", რომლის კარშიც, როგორც იქნა, მანუელ ნოიერი დაბრუნდა. ეს მისი პირველი გამოჩენა იყო მოედანზე აპრილის შემდეგ. გერმანიის ნაკრების მეკარემ 223-ე გამარჯვება მოიპოვა ბუნდესლიგაში, რითაც გაუთანაბრდა ული შტაინს და ემუქრება აბსოლუტურ რეკორდსმენ ოლივერ კანს (310).

ნოიერს თითქმის არ ჰქონია პრობლემები, სამაგიეროდ, მიუნხენელ წინახაზელებს საკმაო წვალება მოუწიათ იმის მიუხედავად, რომ უდიდესი სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ. 73-ე წუთამდე მიუნხენელებს,
ტოლისოს ძელის გარდა, არც ერთი რეალური მომენტი არ ჰქონიათ. ყველაფერი ანჩელოტის შეცვლების შემდეგ, სამწუთიან ინტერვალში მოხდა, როცა საგოლე გადაცემები შეასრულეს რეზერვისტებმა - კინგსლი კომანმა და თომას მიულერმა, დუბლი კი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, თან პირველ შემთხვევაში, პოლონელმა ქუსლით გაიტანა.

სხვათა შორის, თომას მიულერი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიკავა ადგილი. "არ ვიცი, რა თვისებების ხილვა სურს მწვრთნელს, მაგრამ მგონია, რომ ის ჩემს შესაძლებლობებს 100 პროცენტით ვერ იყენებს", - განაცხადა მიულერმა.

"ბაიერნის" დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მიულერი თადარიგში ტაქტიკური მოსაზრებებით დარჩა.

"ვაპირებდით, აქცენტი ფლანგებზე გაგვეკეთებინა და უფრო ხშირად გვქონოდა ბურთი ცენტრში. ამიტომაც დარჩა თომასი სკამზე. მაგრამ ის წარმატებით შევიდა თამაშში მეორე ტაიმში. ეს იყო სუფთა ტაქტიკური გადაწყვეტილება", - თქვა ანჩელოტიმ.

ფაქტები
  • გერმანიის თასის მატჩების ჩათვლით, "ბაიერნი" "ვერდერს" ზედიზედ 17 მატჩია უგებს. ბოლოს ბრემენელებმა მიუნხენელებს ქულები 2009 წელს წაართვეს
  • ლევანდოვსკიმ "ბაიერნის" მაისურით ბუნდესლიგაში გოლების რაოდენობა 80-მდე აიყვანა (98 მატჩში)
  • "ვერდერმა" ბუნდესლიგაში 1800-ე მატჩი ჩაატარა

დორტმუნდი-ჰერტა
"დორტმუნდი" იმდენად მიჩვეულია ვარსკვლავებთან გამოთხოვებას, რომ უსმან დემბელეს დაკარგვა არ დასტყობია. პიტერ ბოშის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო "მშრალი" ანგარიშით.

დემბელეს წასვლის შემდეგ "ბორუსიაში" საკმარისად დარჩნენ ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ პასებით პიერ-ემერიკ ობამეიანგის მომარაგება. ამჯერად, ეს როლი ნური შაჰინმა იტვირთა, ობამეიანგი კი არაფერში ჩამორჩება ლევანდოვსკის და წელს ოთხივე ოფიციალურ მატჩში აქვს გატანილი. მეორე გოლი კი თავად შაჰინმა ჯარიმიდან გაიტანა და ამისთვის თურქს 925-დღიანი ლოდინი დასჭირდა.

ფაქტები
  • "დორტმუნდი" 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ არ მარცხდება ბუნდესლიგაში საკუთარ მოედანზე. ეს სერია 875 დღეა გრძელდება
  • "დორტმუნდის" მცველმა ლუკაშ პიშჩეკმა 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. პოლონელ ფეხბურთელებს შორის ეს აბსოლუტური რეკორდია. პიშჩეკმა გაუსწრო "შალკესა" და "ბოხუმის" ყოფილ მცველ ტომაშ ვალდოხს
  • "ჰერტას" მთავარ მწვრთნელ პალ დარდაის დორტმუნდში არც მოთამაშისა და არც მწვრთნელის რანგში არ მოუგია

სხვა ფაქტები
  • ტრავმებით გაწამებული ჰოლგერ ბადშტუბერი რამდენიმე კვირის წინ "შტუტგარტმა" შეიფარა და მცველმა მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელობას ნდობისთვის - "მაინცის" კარში ერთადერთი გოლი ექსბაიერნელმა გაიტანა. ეს ბადშტუბერის პირველი გოლია ბუნდესლიგაში 2009 წლის დეკემბრის შემდეგ
  • 33 წამი დასჭირდა "აუგსბურგის" ისლანდიელ ფორვარდ ალფრედ ფინბოგასონს "გლადბახთან" მატჩში ანგარიშის გასახსნელად
  • "ლევერკუზენის" გარემარბმა იულიან ბრანდმა 21 წლისა და 25 დღის ასაკში მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში. ის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ამ ზღვარს მიაღწია
  • ჟონათასი რამდენიმე დღის წინ გადავიდა "რუბინიდან" "ჰანოვერში" და ბრაზილიელმა სადებიუტო გოლით მოაგებინა თავის გუნდს "შალკესთან"

კიოლნი-ჰამბურგი 1:3
გოლები: 0:1 ჰანი (34), 0:2 ვუდი (59), 1:2 სორენსენი (90), 1:3 ჰოლტბი (90)
გაძევება: მავრაი (59. ჰამბურგი)


აუგსბურგი-გლადბახი 2:2
გოლები: 1:0 ფინბოგასონი (1), 1:1 ზაკარია (7), 1:2 ვენდტი (30), 2:2 კორდოვა (89)


ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:2
გოლები: 1:0 ვენდელი (32), 1:1 კრამარიჩი (47), 2:1 ბელარაბი (49), 2:2 უტი (70)


აინტრახტი-ვოლფსბურგი 0:1
გოლი: 0:1 დიდავი (22)


შტუტგარტი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ბადშტუბერი (53)


ვერდერი-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (72), 0:2 ლევანდოვსკი (75)
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი (85. რუდი), ტოლისო, ტიაგო ალკანტარა - რობენი (64. კომანი), რიბერი (73. მიულერი) - ლევანდოვსკი.


დორტმუნდი-ჰერტა 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (15), 2:0 შაჰინი (57)
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი (39. თოფრაქი), ბარტრა, ზაგადუ - შაჰინი - გონსალო კასტრო, გიოტცე (63. კაგავა) - პულიშიჩი, ფილიპი (79. დაუდი) - ობამეიანგი.


ლაიპციგი-ფრაიბურგი 4:1
გოლები: 0:1 ნიდერლეხნერი (48), 1:1 ვერნერი (48), 2:1 ორბანი (55), 3:1 ვერნერი (71), 4:1 ბრუმა (80)
გაძევება: ჰიოფლერი (81. ფრაიბურგი)


ჰანოვერი-შალკე 1:0
გოლი: 1:0 ჟონათასი (67)

ბომბარდირები: 3 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 2 - ობამეიანგი (დორტმუნდი), კრამარიჩი (ჰოფენჰაიმი), ლეკი (ჰერტა), ვერნერი (ლაიპციგი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული