ბუნდესლიგა. V ტურის წინ: "ბაიერნმა" გელზენკირხენში ვერ უნდა იხუმროს

AutoSharing Option
ტურის ცენტრალურ მატჩში "შალკე" "ბაიერნს" მიიღებს. ბოლოდროინდელი კრიტიკის ფონზე, მიუნხენელებს დამაჯერებელი თამაში მართებთ. "რეკორდმაისტერს" ალაბა, ბერნატი და ნოიერი დააკლდებიან. "ხუმარებს" კი არავინ ჰყავთ დაშავებული. ცნობილია, რომ ეს გუნდები, ისტორიულად, არაფერს უთმობენ ერთმანეთს. იმედია, ბრძოლა ამჯერადაც ფიცხელი იქნება.

გერმანული ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში "დორტმუნდი" უდგას. "ჰამბურგთან" გასვლით შეხვედრაში პიტერს ბოსის გუნდი ტრადიციულად განახევრებული შემადგენლობით ითამაშებს. მინდორზე ვერ გავლენ გერეირო, როისი, როდე და შმელცერი. საეჭვოა ბარტრასა და დურმის თამაში.

"ვოლფსბურგი", რომელსაც უკვე აღარ ჰყავს დამრიგებლად ანდრის იონკერი, "ვერდერს" მარიო გომესის გარეშე დაუხვდება.
"მგლების" რიგებში" საეჭვოა კუბა ბლაშჩიკოვსკის თამაში. თავის მხრივ, "ვერდერსაც" გვარიანი დანაკლისი აქვს. და მაინც, საინტერესო იქნება "ვოლფსბურგი" ახალი მწვრთნელის, მარტინ შმიდტის ხელში. ისე, ნათქვამია, ახალი ცოცხი კარგად გვისო...

წინა სეზონის მთავარი აღმოჩენა "ლაიპციგი" ორ ფრონტზე ბრძოლას ეჩვევა. გუნდი ჩემპიონთა ლიგაშიც ასპარეზობს. სატურნირო ცხრილში მეზობელ "აუგსბურგთან" მატჩში მათ აქვთ ოპტიმიზმის საფუძველი, რადგან პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ.

სულ თვალსასეირო, შედეგიანი მატჩები გამოდის "მაინცსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის. იმედია, გამონაკლისი არც ამჯერად იქნება. ფავორიტ სტუმრებს ორი ლიდერის შესაძლო არყოფნა აწუხებთ - არის იმის ალბათობა, რომ მინდორზე ვერ გავიდნენ გნაბრი და ბიჩაკჩიჩი.

"ჰერტასთან" შეხვედრაში "ლევერკუზენს" მხოლოდ იედვაი დააკლდება. ეს არაფერია ბერლინელთა დანაკლისთან, რომელთაც ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე ჰყავთ დაშავებული.

ბუნდესლიგის თანალიდერი "ჰანოვერი" "ფრაიბურგს" ეწვევა და ყველადერს გააკეთებს იმისთვის, რომ წარმატებული სვლა გააგრძელოს. სტუმრებს ალბორნოსი და პრიბი დააკლდებათ, ბეხის თამაში კი საეჭვოა. "ფრაიბურგს" კი რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული და შეძლებენ თუ არა ისინი მოედანზე გასვლას, უშუალოდ თამაშის წინ გაირკვევა.

ფაქტები
  • "ჰანოვერს" მიჯრით 4 მატჩია არ წაუგია.
  • "ფრაიბურგი" შეეცდება, 6-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტოს.
  • რაც ბუნდესლიგა დაიწყო, "ლევერკუზენის" მონაწილეობით გამართულ მატჩებში 2,5-ზე მეტი გოლი გადის.
  • რაც ბუნდესლიგა დაიწყო, "დორტმუნდს" გოლი არ გაუშვია, ბოლო 10 მატჩი კი არ წაუგია.
  • "მაინცისა" და "ჰოფენჰაიმის" ბოლო 5 შეხვედრიდან 4 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • 6 მატჩია, "ჰოფენჰაიმი" წაუგებელია.
  • "კიოლნმა" სარეკორდოდ ცუდად დაიწყო ბუნდესლიგა - 1 გოლი გაიტანა და 12 გაუშვა.
  • ბოლო 7 მატჩია, "ვერდერი" ბუნდესლიგაში გამარჯვებას ვერ ახერხებს.
  • 8 მატჩია, "ბაიერნს" ფრედ არ უთამაშია.
  • რაც სეზონი დაიწყო, "შალკემ" უკვე ორი პენალტი დაარტყა.

სამშაბათი, 19 სექტემბერი
გლადბახი-შტუტგარტი 20:30
აუგსბურგი-ლაიპციგი 22:30
შალკე-ბაიერნი 22:30
ვოლფსბურგი-ვერდერი 22:30

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
კიოლნი-აინტრახტი 20:30
მაინცი-ჰოფენჰაიმი 22:30
ჰამბურგი-დორტმუნდი 22:30
ჰერტა-ლევერკუზენი 22:30
ფრაიბურგი-ჰანოვერი 22:30

ბომბარდირები: 5 - ლევანდოვსკი (ბაიერნი), 4 - ვერნერი (ლაიპციგი), ობამეიანგი (დორტმუნდი), ფინბოგასონი (აუგსბურგი); 3 - ლეკი (ჰერტა), უტი (ჰოფენჰაიმი), ჰარნიკი (ჰანოვერი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული