ბუნდესლიგის მორიგ ტურში სუპერმატჩი არ არის, თუმცა რამდენიმე ისეთი შეხვედრაა, ყურადღებას რომ იმსახურებს. თუნდაც ადრეული, პარასკევის თამაში ავიღოთ, რომელშიც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები - "შალკე" და "ლევერკუზენი" გადაეყრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ბუნდესლიგაში ვერცერთი მათგანი ვერ ბრწყინავს, ბრძოლა მაინც ფიცხელი უნდა იყოს. "შალკეს" არ ეყოლება ალჟირელი საყრდენი ნაბილ ბენთალები. რაც შეეხება "ლევერკუზენს", "ფარმაცევტთა" რიგებში საეჭვოა ლარს ბენდერის თამაში.
ბუნდესლიგის ლიდერი "დორტმუნდი" "აუგსბურგს" ეწვევა და შეეცდება, "რეალთან" მარცხით გაფუჭებული ხასიათი გამოიკეთოს. ეს
დორტმუნდელების ლაზარეთი კი კვლავ სავსეა - ვერ ითამაშებენ დურმი, გერეირო, როისი და შმელცერი. საეჭვოა მინდორზე როდესა და შურლეს გასვლა. რაც შეეხება "აუგსბურგს", მასპინძელთა შემადგენლობაში ვერ ითამაშებს რაიდერი. საეჭვოა ლაიტნერის, ტიგლისა და ფრიდრიხის მინდორზე გასვლაც.
მეორეადგილოსანი "ჰოფენჰაიმი" "ფრაიბურგს" ეწვევა. იულიან ნაგელსმანის გუნდმა, წესითა და რიგით, ბიჩაკჩიჩისა და დემირბაის გარეშე უნდა იასპარეზოს. "ფრაიბურგს" არ ეყოლება აბრაში, რამდენიმე ფეხბურთელი კი ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
"ბაიერნი" ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლშია: გინდა - შინ, გინდა - გარეთ. თუნდაც ბოლო ბუნდესლიგური მატჩი რად ღირს, როცა "ვოლფსბურგთან" საშინაო მატჩში მხოლოდ ფრეს (2:2) გამორჩა. ამ თამაშს "რეკორდმაისტერი" 2 ბურთით იგებდა, მაგრამ... მერე ამას დაემატა ჩემპიონთა ლიგაში ნაწვნევი ფიასკო (0:3) "პარი სენ ჟერმენთან" და შედეგად - კარლო ანჩელოტის გათავისუფლება მთავარი მწვრთნელის პოსტიდან.
"ბაიერნს" რთული გასვლა ელის "ჰერტასთან", სადაც გუნდს, დროებით, ანჩელოტის ასისტენტი ვილი სანიოლი გაუძღვება. "რეკორდმაისტერისთვის" განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მანუელ ნოიერის არყოფნა.
ფაქტები
- "ლევერკუზენი" გასვლაზე პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
- ამ სეზონში "ჰანოვერის" მონაწილეობით გამართულ არცერთ შეხვედრაში არ გასულა ორზე მეტი გოლი.
- "აუგსბურგი" მიმდინარე სეზონში შინ არ დამარცხებულა.
- ზედიზედ 9 მატჩია, "ვერდერი" გამარჯვების მოპოვებას ვერ ახერხებს.
- ბოლო 8 მატჩია, "ჰოფენჰაიმს" ბუნდესლიგაში მარცხის სიმწარე არ განუცდია.
გერმანია. ბუნდესლიგა. VII ტური
პარასკევი, 29 სექტემბერი
შალკე-ლევერკუზენი 22:30
შაბათი, 30 სექტემბერი
გლადბახი-ჰანოვერი 17:30
აინტრახტი-შტუტგარტი 17:30
აუგსბურგი-დორტმუნდი 17:30
ვოლფსბურგი-მაინცი 17:30
ჰამბურგი-ვერდერი 20:30
კვირა, 1-ლი ოქტომბერი
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 15:30
ჰერტა-ბაიერნი 17:30
კიოლნი-ლაიპციგი 20:00
ბომბარდირები: 8 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 7 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 5 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი); 4 - მაქსიმილიან ფილიპი (დორტმუნდი), კევინ ვოლანდი (ლევერკუზენი), ალფრედ ფინბოგასონი (აუგსბურგი), მეთიუ ლეკი (ჰერტა), მარკ უტი (ჰოფენჰაიმი), მარტინ ჰარნიკი (ჰანოვერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"