ბუნდესლიგა. VIII ტურის წინ: "ბაიერნის" ცეკვა "მგლებთან"

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანულ სპორტულ მედიაში ახლა მთავარი თემა ნაკრების მძიმე მდგომარეობაა და გასაგები მიზეზების გამო ცოტა ხნით დავიწყებას მიეცა "ბაიერნი", რომელსაც ასევე კრიზისმა დარია ხელი. მაგრამ დასრულდა სანაკრებო ბატალიები და დავუბრუნდეთ საკლუბო ფეხბურთს...

ისე, ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა - ამ დროისთვის ნიკო კოვაჩის გუნდს სატურნირო ცხრილში მე-6(!) ადგილი უჭირავს. კლუბის ხელმძღვანელობა საწინააღმდეგოს კი ამტკიცებს, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, კოვაჩს "მგლებთან" ფეხის დაცდენა არ აპატიონ.

მაინც რა სჭირს "ბაიერნს"? ბოროტი ენები ამბობენ, რომ კოვაჩს მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს გუნდის ლიდერებთან - მაგალითად,
ხამეს როდრიგესთან, ვისაც თვალი გაქცევაზე უჭირავს.

ასეა თუ ისე, "ვოლფსბურგი" სულაც არ არის იოლი მეტოქე, მით უმეტეს, საშინაო ასპარეზზე. "მონსტრს" იოლი გასეირნება ნამდვილად არ ელოდება. პირველი, რასაც გერმანიის ჯერაც საუკეთესო კლუბმა უნდა მიხედოს, დაცვაში არსებული უამრავი პრობლემაა.

ამ მატჩში "ბაიერნს" ვერ დაეხმარებიან დავიდ ალაბა, კინგსლი კომანი, რაფინია და კორენტენ ტოლისო. "ვოლფსბურგს" კი ნახევარდაცვის" ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ჯოშუა გილავოგი არ ეყოლება ტრავმის გამო.

ზოგიერთებისთვის მოულოდნელად სატურნირო ცხრილს სათავეში "დორტმუნდი" უდგას. ლუსიენ ფავრის გუნდს ამ ტურში რთული გასვლითი თამაში ელის "შტუტგარტთან". რა თქმა უნდა, სტუმართა მიზანი მოგება იქნება, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "შვაბები" საკუთარ მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან.

მასპინძელთა უმთავრესი ამოცანა "დორტმუნდის" ესპანელი ფორვარდის, პაკო ალკასერის შეჩერება იქნება, რომელიც ჩინებულ ფორმაშია და გოლი გოლზე გააქვს, თან არამარტო კლუბის სახელით. აგერ, რამდენიმე დღის წინ იყო ესპანეთ-ინგლისის მატჩი, რომელშიც პაკომ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა. სხვა საქმეა, რომ ამ გოლმა ესპანეთი ინგლისთან მარცხს ვერ აარიდა.
"დორტმუნდში" ტრავმის გამო გამორიცხულია მარკო როისის თამაში. ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ ფეხზე დააყენონ უნიჭიერესი ამერიკელი კრისტიან პულიშიჩი, ვისაც მსუბუქი დაზიანება აქვს.

ფაქტები
  • "აინტრახტსა" და "ფორტუნას" შორის ბოლო 2 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "აუგსბურგისა" და "ლაიპციგის" უკანასკნელ ორ მატჩში ორივე გუნდს არ გაუტანია.
  • "ნიურნბერგსა" და "ჰოფენჰაიმს" შორის ბოლო 5 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "შტუტგარტსა" და "დორტმუნდს" შორის ბოლო 10 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ვოლფსბურგმა" და "ბაიერნმა" ბოლო 3 მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "შალკემ" ბუნდესლიგის ზედიზედ 2 მატჩი მოიგო.
  • "ჰერტასა" და "ფრაიბურგს" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "გლადბახსა" და "მაინცს" შორის უკანასკნელ ორ თამაშში ორივეს არ გაუტანია.

ბუნდესლიგა. VIII ტური
პარასკევი, 19 ოქტომბერი
აინტრახტი-ფორტუნა 7:1
გოლები: 1:0, 4:0 სებასტიან ჰალერი (პენ. 20, 50), 2:0, 3:0, 5:1, 6:1, 7:1 ლუკა იოვიჩი (26, 34, 55, 69, 72), 4:1 დოდი ლუკებაკიო (53)

შაბათი, 20 ოქტომბერი
ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
შტუტგარტი-დორტმუნდი 17:30
აუგსბურგი-ლაიპციგი 17:30
ვოლფსბურგი-ბაიერნი 17:30
ნიურნბერგი-ჰოფენჰაიმი 17:30
შალკე-ვერდერი 20:30

კვირა, 21 ოქტომბერი
ჰერტა-ფრაიბურგი 17:30
გლადბახი-მაინცი 20:00

ბომბარდირები: 6 - პაკო ალკასერი (დორტმუნდი); 5 - ალასან პლეა (გლადბახი), ანჯეი დუდა (ჰერტა);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული