გერმანიის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რენე ადლერმა 34 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ადლერის ბოლო კლუბი "მაინცი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც 17 შეხვედრა ჩაატარა.
ბოლოს კი, 2018 წლის 28 აპრილს მშობლიური ქალაქის კლუბის, "ლაიპციგის" წინააღმდეგ ითამაშა და მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.
ადლერის კომენტარი "მაინცის" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:
"მაინცი მშვენიერი ადგილია კარიერის დასასრულებლად. ჰამბურგში გატარებული დიდი დროის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მაინცი ძალიან კარგი ადგილია სამუშაოდ და უფრო მეტად კი, ფეხბურთის სათამაშოდ.
როგორც ასაკოვანი ფეხბურთელი ახალგაზრდა გუნდში, მე მათ მომცეს ძალა და ენერგია. კარგი
იქნებოდა, მეტი მეთამაშა და რომ არა ჩემი ტრავმა, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. ბედნიერი ვიყავი აქ, შემიყვარდა ქალაქი, ხალხი და რეგიონი. აქ გავიჩინე მეგობრები, რომლებთანაც ურთიერთობას მომავალშიც გავაგრძელებ".
რენე ადლერი ტრავმებს შეეწირა. ის ერთ დროს გერმანიის ნაკრების ნომერი პირველი მეკარე იყო და მანუელ ნოიერი - მისი შემცვლელი. სწორედ ადლერი უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარე 2010 წელს, თუმცა მიღებულმა ტრავმამ ყველაფერი შეცვალა. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ მიიღო მძიმე ტრავმა. უკანასკნელი ზემოთ აღნიშნული შემთხვევა იყო.
ადლერმა საფეხბურთო კარიერა "ლაიპციგის" ბავშვთა გუნდში დაიწყო, თუმცა ყველამ "ლევერკუზენში" თამაშით გაიცნო. "ლევერკუზენის" შემდეგ "ჰამბურგში" თამაშობდა, ბოლოს კი - "მაინცში".
ადლერს ბუნდესლიგაში 269 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ბუნდესნაკრებში დებიუტი 23 წლის ასაკში ჰქონდა, ინგლისის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში. სულ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში 12 შეხვედრა ჩაატარა.