დორტმუნდში, არგენტინასთან ამხანაგურ მატჩში (2:2), გერმანიის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა სერჟ გნაბრიმ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და საერთოდ, ამ სეზონში როგორც "ბაიერნში", ასევე ეროვნულ გუნდში დიდებულად თამაშობს.
გნაბრიმ წელს ბუნდესგუნდში ყველაზე მეტი, 6 გოლი გაიტანა, მაგრამ გულშემატკივრებს თავი, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური საქციელით დაამახსოვრა და სამართლიანი კრიტიკაც დაიმსახურა.
"ალბისელესტესთან" შეხვედრა გერმანიის ქალაქ გალეში ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილით დაიწყო. ყველა გაირინდა, გნაბრიმ კი სიცილი დაიწყო.
გნაბრი წარმოშობით კოტდივუარელია, თუმცა შტუტგარტში დაიბადა და გერმანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ასპარეზობდა.