...მაგრამ "მანჩესტერის" ფრანგი ვარსკვლავი არასოდეს მალავდა, რომ მის გარშემო ფულთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი არ აინტერესებდა და საკუთარ თავს მხოლოდ მოედანზე გაკეთებული საქმეებით აფასებდა. მისი ორიგინალური ვარცხნილობაც კი არ უნდა მივიღოთ იმის ნიშნად, თითქოს ზედმეტი ყურადღების მიქცევა სურს, პირიქით, ის ითხოვს ყურადღებას იმდენად, რამდენადაც ეს ხელს არ შეუშლის ფეხბურთზე კონცენტრირებაში.
"შარშან ჩემზე ლაპარაკობდნენ, როგორც მსოფლიოს უძვირეს მოთამაშეზე,
გასული სეზონი მისთვის რთული იყო. რამდენიმე დასამახსოვრებელ მატჩს თუ არ ჩავთვლით, პოგბამ "მანჩესტერში" ვერ გაიბრწყინა ისე, როგორც ეს მის სტატუსს შეეფერებოდა. ამიტომ, მართალიც იყო ის ხალხი, ვისაც მის დანახვაზე მხოლოდ "იუვენტუსისთვის" გადახდილი 89 მილიონი გირვანქა ახსენდებოდა. თუმცა ბევრისთვის პოგბამ იმაზე უკეთესი ფეხბურთი ითამაშა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, რადგან პრემიერლიგა ურთულესი მარათონია და ხანდახან ადაპტაცია დიდ დროს ითხოვს.
მეორე მხრივ, "იუნაიტედმა" გასული კამპანია ევროპა ლიგის მოგებით დაასრულა და ეს იყო ერთგვარი ტრამპლინი, რამაც უკვე ახალ სეზონში პოგბასთვისაც და მთლიანად გუნდისთვისაც გარკვეული დივიდენდები უნდა მოიტანოს.
სეზონი კი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო - "მანჩესტერმა" შინ 4:0 მოუგო "ვესტ ჰემს" და ერთი გოლი სწორედ ამ წერილის გმირმა გაიტანა. თუმცა კიდევ ერთხელ ვთქვათ - ჯერ მაინც დროა საჭირო, რათა ჟოზე მოურინიოს სამწყსოში ყველაფერი დალაგდეს. ერთი კარგი თამაში ბევრს არაფერს ნიშნავს...
"როცა თანაგუნდელებს კარგად იცნობ, უკვე იცი, როგორ უნდა ითამაშო მათ გვერდით, - ამბობს პოგბა, - ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის უკეთ გამოგდის თამაში. თქვენ ნახეთ "ვესტ ჰემთან" მატჩი, რომელშიც კარგად გამოჩნდა, რომ ყველა ერთმანეთისთვის ვთამაშობდით და ვიბრძოდით. სეზონი ბრწყინვალედ დავიწყეთ, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი მატჩი, მთავარი ის არის, როგორი იქნება ფინიში. ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ "იუნაიტედის" სტანდარტი იმაზე ბევრად მაღალი იყოს, ვიდრე "ვესტ ჰემთან" თამაშში იყო. ყველამ ნახეთ, მატიჩი უდავოდ გამოირჩეოდა მოედანზე, ლუკაკუმ ორი გოლი გაიტანა... ანუ ეს იყო ის, რასაც ჩვენ მათგან ველოდით".
შემდეგ პოგბა იხსენებს "მანჩესტერში" გატარებულ პირველ პერიოდს: "როცა მაშინ "ოლდ ტრაფორდიდან" წავედი, ყოველთვის მქონდა შეგრძნება, რომ რაღაც დამაკლდა, რადგან არ ვიყავი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე. მაგრამ მადლობელი ვარ "იუვენტუსის" და საერთოდ - იტალიის ჩემპიონატის, სადაც ძალიან გავიზარდე როგორც ფეხბურთელი და როგორც - პიროვნება".
დავუბრუნდეთ გასულ სეზონს და ასეთი სტატისტიკა მოვიშველიოთ - პოგბამ 9-ჯერ გაარტყა ბურთი ხარიხას, ამას გარდა, უამრავი საგოლე სიტუაცია ჰქონდა და პარტნიორებსაც არაერთხელ შეუქმნა ანალოგიური შანსი. თუმცა ორიოდ დღის წინ, "მანჩესტერის" თამაშის შეფასებისას, ამ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა პოგბაზე ეჭვით ილაპარაკა:
"თქვენ მეკითხებით, არის თუ არა პოგბა ის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება საჭირო დროს და საჭირო სიტუაციაში? არ ვარ ამაში დარწმუნებული", - ამბობს შოტლანდიელი სპეციალისტი.
პოლ სქოულზს, "იუნაიტედის" ლეგენდას, ნამდვილად არ ესწავლებოდა ნახევარდაცვიდან გოლების გატანა და თან - საჭირო გოლების, რამაც მის კარიერაში ლამის გადამწყვეტი როლი ითამაშა. ის მიუთითებს იმაზე, რომ ასეთი რამ პოგბასაც სჭირდება.
"მან დიდი, გადამწყვეტი გოლების გატანა უნდა ისწავლოს", - ასეთია ამ მრავლისმნახველი კაცის შეგონება, რასაც, სხვათა შორის, პოგბაც ეთანხმება:
"რატომაც არა?! იმედი მაქვს, ამ სეზონში უფრო მეტს გავიტან და აღარ იქნება ამდენი ძელი თუ ხარიხა, რამდენიც შარშან იყო. ვიცი, რომ შანსები მექნება და თავადაც შევიქმნი ამ შანსს. მაგრამ მე არასოდეს ვთამაშობ საკუთარი თავისთვის. შეიძლება, სეზონში 50 გოლიც გაიტანო, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერი მოიგო და ეს გოლები წყალში იქნება გადაყრილი. მე აქ ვარ იმისთვის, რომ მოვიგო პრემიერლიგა, ჩემპიონთა ლიგა... რასაც ინდივიდუალურად იგებ, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ჩემთვის "მანჩესტერთან" ერთად უმაღლესი ჯილდოების მოგებაა მთავარი. ამ ყველაფერს კი აკეთებს გუნდი და არა - ერთი რომელიმე ფეხბურთელი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"