როგორც მოსალოდნელი იყო, "ქალაქელები" თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას, მომენტებიც ქონდათ, მაგრამ ვერ ივარგეს. ყველაზე კარგი შანსი 34-ე წუთზე დავიდ სილვამ ვერ გამოიყენა, რომელმაც ძელს გაარტყა ბურთი, კონტრშეტევაზე კი "შეფილდ იუნაიტედიდან" გადაყვანილმა 20 წლის ფორვარდმა კელვერტ-ლიუინმა მარჯვნიდან ჩააწოდა საჯარიმოში ბურთი და რუნიმ ანგარიში გახსნა. სხვათა შორის, ეს პრემიერლიგაზე "შრეკის" საიუბილეო მე-200 გოლია
ტაიმის დასასრულს კი "ტოტენჰემისგან" შეძენილმა 27 წლის მარჯვენა მცველმა კაილ უოკერმა მოახერხა და ორ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (მეორე გაფრთხილება კელვერტ-ლიუინმა აკიდა) და მოედანი დატოვა. ბარემ გეტყვით, რომ ეს პრემიერლიგაზე უოკერის მე-200 შეხვედრა გახლდათ და აქამდე წითელი ბარათი არ მიუღია.
შესვენების შემდეგ რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა "სიტიმ" ბევრი უტია და საწადელსაც მიაღწია. 82-ე წუთზე აგუეროს ჩაწოდებული ბურთი ჰოლგეითმა პირდაპირ სტერლინგზე მოიგერია და მან მიწაზე დაუშვებლად ბურთს ადგილი პიკფორდის კარის ბადეში მიუჩინა. აღსანიშნავია, რომ შნეიდერლინს ძალიან უჭირდა აგუეროს მეურვეობა, 88-ე წუთზე მსაჯმა მასთან უხეშობისთვის მეორედ გააფრთხილა და გუნდები მოედანზე 10-10-ზე დარჩნენ. ენდშპილში მასპინძლები სტუმართა საჯარიმოს მიაწყდნენ, მაგრამ გამარჯვების მომტანი გოლის გატანა ვერ მოახერხეს.