პრემიერლიგა. III ტურის წინ: ფირმინომ "არსენალის" გასაღებიც იცის

AutoSharing Option
პრემიერლიგის III ტური "ბორნმუთისა" და "მანჩესტერ სიტის" მატჩით იწყება. ამ უკანასკნელმა გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა "ევერტონთან" მეორე ტურის საშინაო მატჩში (1:1) და ახლა ყველანაირად ეცდება, "ვითალითი სთედიუმიდან" გამარჯვებული წავიდეს. მით უმეტეს, პეპ გვარდიოლას უმთავრესი მიზანი პრემიერლიგის მოგებაა და ამ ტიპის გუნდებთან ქულების განიავება, შეიძლება, ძვირად დაუჯდეს.

"სიტი" და "ბორნმუთი" სულ ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს მას მერე, რაც "ალუბლები" პირველად აღზევდნენ ინგლისურ ელიტაში. "ქალაქელებმა" ოთხივე დაპირისპირება მოიგეს ბურთების შთამბეჭდავი სხვაობით - 15:1.

ამ 15 გოლიდან 5 - რაჰიმ სტერლინგის ანგარიშზეა. ამას გარდა, სერხიო
აგუეროს გატანილი აქვს ერთი გოლი მაინც პრემიერლიგის ბოლო 7 საგარეო მატჩში. საერთოდაც, "სიტის" არ წაუგია ბოლო 10 თამაში. თუმცა, დაგვეთანხმებით, ამ ციფრების გარეშეც "სიტი" წყვილის უპირობო ფავორიტია. ერთი ეგ არის, რომ დისკვალიფიცირებულია გუნდის ახალწვეული კაილი უოლკერი, რომელიც მეორე ტურში გააძევეს.

მეორე მანჩესტერული გრანდი, რომელმაც ბრწყინვალედ დაიწყო სეზონი და ზედიზედ ორი მატჩი ერთნაირი ანგარიშით - 4:0 მოიგო, მასპინძლობს "ლესტერს", ვინც პირველ ტურში დიდი ბრძოლა (3:4) გაუმართა "არსენალს", წინა უქმეებზე კი დამაჯერებლად სძლია (2:0) დებიუტანტ "ბრაიტონს".

ასე რომ, ჟოზე მოურინიოს გუნდს დიდი სიფრთხილე მართებს. 2014 წლის შემდეგ, "მანჩესტერს" "მელიებთან" 7-დან 4 მატჩი აქვს მოგებული (2 ფრე, 1 მარცხი). თავის მხრივ, "ლესტერის" ფეხბურთელები განსაკუთრებული ყურადღებით უნდა იყვნენ ჰენრიხ მხითარიანის მიმართ, ვინც ამ სეზონში უკვე 4-ჯერ იყო ასისტენტის როლში, საერთოდ კი, პირველი ფეხბურთელი გახდა პრემიერლიგის ისტორიაში, ზედიზედ 3 მატჩში 2-2 საგოლე პასი რომ მიითვალა.

მოქმედ ჩემპიონ "ჩელსის", რომელმაც წინა ტურში უმნიშვნელოვანესი ლონდონური დერბი მოუგო (2:1) "ტოტენჰემს", კვლავ საკადრო პრობლემები აქვს. დისკვალიფიცირებულია გუნდის კაპიტანი და ცენტრალური მცველი გარი კეჰილი (10 სექტემბერს დაბრუნდება), ხოლო ედენ აზარს ჯერაც ტრავმა აწუხებს.

ამ მხრივ, დანაკლისი აქვთ "ირისებსაც". ვერ ითამაშებს "სიტისთან" მატჩში გაძევებული ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი.

ურთიერთშეხვედრების ნაწილს რაც შეეხება, გასულ სეზონში "არისტოკრატებმა" "ევერტონს" შინ შავი დღე აყარეს - 5:0. ამას გარდა, ლივერპულელებს "სტემფორდ ბრიჯზე" არ მოუგიათ 1994 წლის ნოემბრის შემდეგ (22 მატჩი), ხოლო "ჩელსის" პრემიერლიგაში ზედიზედ ორი საშინაო მატჩი 2011 წლის შემდეგ არ წაუგია. და კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი - "ევერტონს" მოქმედ ჩემპიონებთან ბოლო 11 მატჩში მხოლოდ 1 წაგება (6 მოგება, 4 ფრე) აქვს.

ტურის ყველაზე საინტრიგო მატჩი უთუოდ "ლივერპული"-"არსენალია". იურგენ კლოპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, რაც კიდევ უფრო აამაღლებს საერთოგუნდურ განწყობას. "არსენალს" არ ეყოლება ტრავმირებული ალექსის სანჩესი, ხოლო "ლივერპულისთვის" კვალავაც დიდ დანაკლისად რჩება ასევე დაშავებული ადამ ლალანას არყოფნა.

შარშან "წითლებმა" არსენ ვენგერის "მეთოფეებს" ორივე მატჩი მოუგეს (3:1 შინ, 4:3 სტუმრად). ისე კი, "არსენალთან" მიჯრით 3 მატჩი "ლივერპულს" 1998 წლის მაისის შემდეგ არ აქვს მოგებული. საინტერესოა ისიც, რომ ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში (იგულისხმება მხოლოდ პრემიერლიგა), სხვა წყვილებთან შედარებით, ყველაზე მეტი - 17 გოლია გასული 90-ე წუთზე და მის შემდეგ.

"ლივერპულს" ჩემპიონატის ბოლო სამ საშინაო მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვია, რობერტო ფირმინომ კი "არსენალის" წინააღმდეგ ბოლო 4 მატჩში 3 გოლი მიითვალა.

სხვა წყვილებზე რა ვთქვათ? "ტოტენჰემი" კვირას მიიღებს "ბარნლის", რომელმაც პირველ ტურში "ჩელსი" მისსავე მოედანზე გაამწარა (3:2). საინტერესოა ისიც, გააგრძელებენ თუ არა უდანაკარგო სვლას დებიუტანტი "ჰადერსფილდი" და "ვესტ ბრომვიჩი", რომლებიც, შესაბამისად, "საუთჰემპტონსა" და "სტოკს" მასპინძლობენ.


პრემიერლიგა. III ტური
შაბათი. 26 აგვისტო

ბორნმუთი-მანჩესტერ სიტი 15:30
კრისტალ პალასი-სუონსი 18:00
ჰადერსფილდი-საუთჰემპტონი 18:00
ნიუკასლი-ვესტ ჰემი 18:00
უოტფორდი-ბრაიტონი 18:00
მანჩესტერ იუნაიტედი-ლესტერი 20:30
კვირა. 27 აგვისტო
ჩელსი-ევერტონი 16:30
ვესტ ბრომვიჩი-სტოკი 16:30
ლივერპული-არსენალი 19:00
ტოტენჰემი-ბარნლი 19:00

ბომბარდირი: 3 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული