პრემიერლიგა. IV ტური: განადგურებული "წითლები" და სათავეში მყოფი მანჩესტერელები [VIDEO]

AutoSharing Option
მანჩესტერ სიტი-ლივერპული
"მანჩესტერ სიტიმ" მქუხარე მესიჯი გაუგზავნა კონკურენტებს - "ლივერპულის" დამარცხებით, პეპ გვარდიოლამ ყველას მიანიშნა, რომ ამ სეზონში პრემიერლიგის მთავარი ტიტულის რეალური პრეტენდენტია. ეს იყო "წითლებზე" ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება 1937 წლის შემდეგ...

გარდა წმინდა სათამაშო პლუსებისა, "სიტის" სხვა ფაქტორებმაც შეუწყო ხელი - კერძოდ, სადიო მანეს გაძევებამ. ერთ-ერთი შეტევისას სენეგალელმა ფორვარდმა სახეში ფეხი ჩასცხო მეკარე ედერსონს, რომელიც სასწაულით დაუძვრა მძიმე ხვედრს. ის დასისხლიანებული გაიყვანეს მოედნიდან, თუმცა თამაშის ბოლოს ტრიბუნაზე გამოჩნდა, რაც იმს ნიშანი იყო, რომ მოტეხილობებს გა
დაურჩა...

აღსანიშნავია გაბრიელ ჟეზუშისა და მისი შემცვლელის, ლეროი სანეს ორ-ორი გოლი. ასევე ისიც, რომ სერხიო აგუეროს ძირითადში დაბრუნება გვარდიოლასგან ერთგვარად შეცდომის აღიარება იყო. სწორედ აგუერომ გახსნა ანგარიში (171-ე გოლი "სიტის" მაისურით, რაც შვიდით ნაკლებია ერიკ ბრუკის უძველეს საკლუბო რეკორდზე) და მერე ჟეზუშსაც გაატანინა...

საუკეთესო მოთამაშე
...მაგრამ BBC-ის ექსპერტებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კევინ დე ბრუინი დაასახელეს. ბელგიელმა, ფაქტობრივად, "გააკეთა" თამაში მოედნის სიღრმიდან, ხოლო აგუეროსა და ჟეზუშს პირველ ტაიმში სულაც საგოლე პასები "დაუხატა".

კომენტარები
იურგენ კლოპი (ლივერპული): "ძალიან გაბრაზებული ვარ პირველი ტაიმის გამო - არა იმდენად წითელის ბარათის ან ორი გაშვებული გოლის გამო, არამედ უფრო იმიტომ, რომ მანეს გაძევებამდე, უბრალოდ, არ ვიცოდით, რა უნდა გვეკეთებინა მოედანზე. თუმცა წითელმა ბარათმაც დიდწილად შეცვალა თამაშის სცენარი. მიუხედავად ამისა, მაინც არ მჯეროდა, რომ 0:2-ისა და რიცხობრივი უმცირესობის პირობებშიც კი შანსი არ გვექნებოდა... მინდა დავუბრუნდე მანეს გაძევებას. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო 100-პროცენტიანი წითელი ბარათი (თამაშის შემდეგ ექსპერტებმა ფიფას წესების შესაბამისად ახსნეს, რომ არბიტრი ჯონ მოსი აბსოლუტურად მართალი იყო - ავტ.), რადგან ვნახე თამაშის ბოლოს ედერსონი, რომელიც ტრიბუნებზე იჯდა. გამოდის, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა".

პეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "სანამ მოედანზე რიცხობრივი ბალანსი იყო, მატჩი თანაბრად მიდიოდა, გაძევების შემდეგ კი თამაშის სადავეებს ჩვენ ვაკონტროლებდით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეორე გოლი, რომელიც შესვენებამდე გავიტანეთ... საბედნიეროდ, ედერსონს მოტეხილობები არ აღმოაჩნდა, თუმცა იყო ძალიან დიდი საფრთხე გაცილებით მძიმე ტრავმის. იმედი მაქვს, ის მალე დაგვიბრუნდება. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მანემ ეს შეგნებულად გააკეთა, ის ბურთზე თამაშობდა, მაგრამ შეჯახება ძალიან სერიოზული იყო".

ფაქტები
  • "ლივერპულის" მწვრთნელად ყოფნის პერიოდში ეს იყო იურგენ კლოპის ყველაზე მძიმე მარცხი.
  • ეს იყო ასევე იურგენ კლოპის პირველი საგარეო მარცხი გასული სეზონის პირველი შვიდეულის გუნდების წინააღმდეგ (10 მატჩი, 5 მოგება, 4 ფრე, 1 მარცხი).
  • "მანჩესტერ სიტიში" დებიუტის შემდეგ კევინ დე ბრუინმა ერთ მატჩში 2 და მეტი საგოლე პასი 7 სხვადასხვა დაპირისპირებაში მიითვალა. ამ პერიოდში მის ანგარიშზე სულ 29 საგოლე პასია.
  • სერხიო აგუერომ "ლივერპულს" "ეტიჰადზე" ყველა (6) მატჩში გაუტანა თითო გოლი.
  • "მანჩესტერ სიტიში" ყოფნის პერიოდში, გაბრიელ ჟეზუშმა, პრემიერლიგის 12 მატჩში, რომელშიც ის ძირითად შემადგენლობაში იყო, 14 გოლში დაიდო წილი - 10 თავად გაიტანა, ოთხიც სხვას გაატანინა.

სტოკი-მანჩესტერ იუნაიტედი
"მანჩესტერ იუნაიტედს" ორ ქულად დაუჯდა დაცვაში დაშვებული შეცდომები და აღარ აქვს ასპროცენტიანი შედეგი, თუმცა ჟოზე მოურინიოს ბიჭები პირველ ადგილზე რჩებიან ბურთების უკეთესი სხვაობის გამო და ლიდერობას უყოფენ თანაქალაქელ "სიტის".

მატჩის კულმინაცია იყო დამატებული წუთები, როცა "სტოკის" მეკარე ჯეკ ბატლენდმა სასწაული რეაქცია გამოავლინა თანაგუნდელის დარტყმულზე და თავისიანები, ერთი მხრივ, ავტოგოლისგან, ხოლო მეორე მხრივ, რაც მთავარია, მარცხისგან იხსნა.

საუკეთესო მოთამაშე
ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი "სტოკში" ამ ზაფხულს "შალკედან" გადავიდა. 28 წლის კამერუნელი გახდა პირველი ფეხბურთელი 2008 წლის შემდეგ, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერლიგის საგოლე ანგარიში დუბლით გახსნა. ამ მატჩში მან მხოლოდ ორჯერ დაარტყა კარში და ორივემ მიზანს უწია.

კომენტარი
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერ იუნაიტედი): "ქულით კმაყოფილი არ ვარ, რადგან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მაგრამ რას ვიზამთ, ეს არის შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ. ერთი გუნდი ცდილობდა გამარჯვებას, მეორე - ქულის მოპოვებას... "სტოკი" კარგად იცავდა თავს, კარგი კონტრშეტევებიც ჰქონდა, "სტანდარტულების" დროსაც გვანერვიულეს... მახსენდება დავიდ დე ხეას დიდებული "სეივი"... მაგრამ ჩვენ ვერ შევძელით კუთხურის დროს დაცვის ორგანიზება და დავისაჯეთ".

ფაქტები
  • "სტოკის" ფორვარდ ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგის მიერ გატანილმა პირველმა გოლმა "მანჩესტერ იუნაიტედის" 535-წუთიანი "მშრალი" სერია დაასრულა.
  • ალექს ფერგიუსონის შემდეგ (2013) "მანჩესტერ იუნაიტედს" "სტოკთან" საგარეო მატჩი (სულ 5) არ მოუგია.
  • "მანჩესტერ იუნაიტედის" არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია პრემიერლიგის პირველ ოთხ მატჩში იმაზე მეტი (4) გოლი, ვიდრე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა. ანალოგიური შედეგი აქვთ ლუის საას, რობინ ვან პერსისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.
  • მარკ ჰიუზი მეორე მწვრთნელია, ვისაც ჟოზე მოურინიოსთან უშუალო დაპირისპირებებში ზედიზედ 4 მატჩი არ წაუგია. პირველი შედეგი რონალდ კუმანს აქვს - 5 მატჩი.

არსენალი-ბორნმუთი
  • დენი უელბეკმა პრემიერლიგის 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, მაშინ, როცა წინა 16 მატჩში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გატანილი.
  • 2014 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, რომ დენი უელბეკმა ერთ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.
  • "არსენალმა" "ბორნმუთს" შინ ყველა 4 მატჩში (სხვადასხვა ტურნირის ჩათვლით) მინიმუმ 2-ბურთიანი სხვაობით მოუგო.

ევერტონი-ტოტენჰემი
  • 2014 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" პრემიერლიგაში პირველად მოიგო ზედიზედ 4 საგარეო მატჩი.
  • ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.
  • "ევერტონს" "ტოტენჰემისთვის" პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩში არ მოუგია (5 წაგება, 5 ფრე).
  • დანიელ ფეხბურთელებს შორის კრისტიან ერიქსენი ყველაზე შედეგიანია (32 გოლი) პრემიერლიგის ისტორიაში, ნიკლას ბენდტნერთან ერთად.
  • უეინ რუნი მე-2 ფეხბურთელია პრემიერლიგის ისტორიაში, ვისაც 100 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული. პირველია გარეთ ბერი - 119.

ლესტერი-ჩელსი
  • "ლესტერმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, "ჩელსისთან" 14 მატჩიდან 12 წააგო.
  • ჯეიმი ვარდმა პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა, აქედან 3 - 2017/18 წლების სეზონში.
  • 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული, პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (11) პენალტი ჯეიმი ვარდმა გაიტანა.
  • 2016 წლის აგვისტოს შემდეგ ევროპის წამყვან ლიგებში ყველაზე მეტი (10) თავური ანდრეა ბელოტიმ ("ტორინო") გაიტანა. მეორე შედეგი (9 თავური) "ჩელსის" ფორვარდ ალვარო მორატას აქვს.

მანჩესტერ სიტი-ლივერპული 5:0
გოლები: 1:0 აგუერო (24), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (45+6), 3:0 გაბრიელ ჟეზუში (53), 4:0 სანე (77), 5:0 სანე (90+1)
სიტი (3-1-4-2): ედერსონი (45+1. ბრავო) - დანილო, სტოუნზი, ოტამენდი (71. მანგალა) - ფერნანდინიო - უოლკერი, დე ბრუინი, დავიდ სილვა, მენდი - გაბრიელ ჟეზუში (57. სანე), აგუერო.
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, მორენო - ჩანი, ჰენდერსონი, ვეინალდუმი (58. მილნერი) - სალაჰი (46. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მანე, ფირმინო (67. სოლანკე).
გაძევება: მანე (37. ლივერპული)


არსენალი-ბორნმუთი 3:0
გოლები: 1:0 უელბეკი (6), 2:0 ლაკაზეტი (28), 3:0 უელბეკი (50)
არსენალი (3-4-3): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი (68. კოკელენი), ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი, უელბეკი (75. ალექსის სანჩესი), ლაკაზეტი (75. ჟირუ).


ბრაიტონი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 1:0 გროსი (45), 2:0 გროსი (48), 3:0 ჰემედი (63), 3:1 მორისონი (77)


ევერტონი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (29), 0:2 ერიქსენი (42), 0:3 კეინი (46)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო (78. უინქსი), დაიერი, ბ. დევისი - ერიქსენი (71. დემბელე), ალი - კეინი (85. სონი).


ლესტერი-ჩელსი 1:2
გოლები: 0:1 მორატა (41), 0:2 კანტე (50), 1:2 ვარდი (62-პენ)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - მოზესი (74. ძაპაკოსტა), ბაკაიოკო, ფაბრეგასი (78. აზარი), კანტე, ალონსო - პედრო (63. ვილიანი) - მორატა.


საუთჰემპტონი-უოტფორდი 0:2
გოლები: 0:1 დუკური (38), 0:2 იანმაატი (66)


სტოკი-მანჩესტერ იუნ 2:2
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (43), 1:1 რაშფორდი (45+1), 1:2 ლუკაკუ (57), 2:2 ჩუპო-მოტინგი (63)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, ბაილი, ჯოუნსი, დარმიანი - ერერა (72. მარსიალი), მატიჩი, პოგბა - მხითარიანი (84. ლინგარდი), რაშფორდი (72. მატა), ლუკაკუ.


ბარნლი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 ვუდი (5)


სუონსი-ნიუკასლი 0:1
გოლი: 0:1 ლასელსი (76)


ორშაბათი. 11 სექტემბერი
ვესტ ჰემი-ჰადერსფილდი 23:00

ბომბარდირები: 4 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 3 - სადიო მანე (ლივერპული), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი), ჯეიმი ვარდი (ჩელსი), დენი უელბეკი (არსენალი).

მომდევნო ტური
15 სექტემბერი:
ბორნმუთი-ბრაიტონი

16 სექტემბერი:
კრ. პალასი-საუთჰემპტონი, ჰადერსფილდი-ლესტერი, ლივერპული-ბარნლი, ნიუკასლი-სტოკი, უოტფორდი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ბრომვიჩი-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-სუონსი

17 სექტემბერი:
ჩელსი-არსენალი, მანჩესტერ იუნ-ევერტონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული