პრემიერლიგა. IX ტური: 1000 გოლი "ლივერპულის" კარში [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დებიუტანტ "ჰადერსფილდთან" სეზონის პირველი მარცხი იგემა და თანაქალაქელი "სიტი", რომელმაც მატჩის ბოლოსღა გატეხა "ბარნლის" მედგარი წინააღმდეგობა, 5-ქულიან დისტანციაზე გაუშვა...

ტურის მთავარი მატჩი კი "უემბლიზე" გაიმართა, სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა "ტოტენჰემმა" შანსი არ დაუტოვა "ლივერპულს"...

მანჩესტერ სიტი-ბარნლი
"მანჩესტერ სიტი" ვერ იყო ისეთი შთამბეჭდავი, როგორც წინა მატჩებში, თუმცა "ბარნლის" დასამარცხებლად, თუნდაც 3-ბურთიანი სხვაობით, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

"ქალაქელებს" დაუბრუნდათ სერხიო აგუერო, რომელიც ავტოავარიის შემდეგ მკურნალობდა.

სწორედ აგუერომ გახსნა ანგარიში 11-მეტრიანით, რომელიც საკამათოდ კი მოჩანდა, მაგრამ თავად არგენტინელისთვის მთავარი აქ სხვა რამ იყო
- ამ გოლით ის გაუთანაბრდა "მანჩესტერს სიტის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ ერიკ ბრუკსს (177 გოლი) და უახლოეს მატჩში უკვე რეკორდის დამხობაც შეუძლია.

ამას გარდა, პეპ გვარდიოლას გუნდმა ზედიზედ მე-11 მატჩი მოიგო და ამით უკვე "სიტი" გაუთანაბრდა საკლუბო რეკორდს.

და კიდევ ერთი საინტერესო რამ - მიმდინარე პრემიერლიგის ბომბარდირებს შორის "მანჩესტერ სიტის" 4 ფეხბურთელია, რაც ამ გუნდის უზარმაზარ საგოლე პოტენციალზე მეტყველებს.

ფაქტები
  • 9 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 25 ქულა დააგროვა, რაც ამავე კლუბის მიერ 2011/12 წლების სეზონში ნაჩვენები შედეგის გამეორებაა. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის "ჩელსის", რომელსაც 2005/06 წლების სეზონში 9 ტურის შემდეგ 27 ქულა ჰქონდა.
  • პეპ გვარდიოლას, როგორც მწვრთნელს, 9 ტურის შემდეგ უკეთესი შედეგი (27 ქულა) ჰქონდა "ბაიერნის" მწვრთნელად მუშაობის პერიოდში (2015/16).
  • "სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა ლეროი სანემ ბოლო 4 მატჩიდან 3-ში გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
  • "მანჩესტერ სიტის" ბოლო 6 მატჩში ლერიო სანე 9 გოლში მონაწილეობდა - 5 გოლი, 4 პასი.
  • "მანჩესტერ სიტიში" დებიუტის (2015) შემდეგ კევინ დე ბრუინმა 33 საგოლე პასი გააკეთა, რაც საუკეთესო შედეგია.

ჰადერსფილდი-მანჩესტერ იუნაიტედი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მარცხი ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ჟოზე მოურინიოს არავისთან ჰქონდა საპრეტენზიო, გარდა თავისი ფეხბურთელებისა, რომელთაც მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს.
"ყველაფერი მარტივად არის, რადგან დღეს მოიგო საუკეთესო გუნდმა, რომელიც უფრო მეტად მოტივირებული და მონდომებული იყო. ეს არის და ეს", - თქვა მოურინიომ მატჩის შემდეგ.

ფაქტები
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" ვერ მოიგო ვერცერთი ის 19 მატჩი, რომელშიც მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ჩამორჩებოდა. ერთადერთი შემთხვევა იყო 2015 წლის სექტემბერში, როცა "იუნაიტედი" 0:2-ს აგებდა "ნიუკასლთან" და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
  • რომელუ ლუკაკუმ პრემიერლიგის ბოლო 10 მატჩიდან 8-ში ან გოლი გაიტანა, ან საგოლე პასი გააკეთა (8 გოლი, 2 პასი).

ჩელსი-უოტფორდი
სამმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ჩელსიმ" შეძლო თამაშის შემობრუნება ყოჩაღ "უოტფორდთან" და ამაში გადამწყვეტი როლი ანტონიო კონტეს მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა ითამაშა - დუბლი შეასრულა მიში ბატშუაიმ, ხოლო სესარ ასპილიკუეტამ გოლი შეცვლაზე აქტიურად შესული დავიდე ძაპაკოსტასა და ვილიანის დიდი ძალისხმევის შედეგად გაიტანა.

სხვათა შორის, ეს იყო "უოტფორდის" პირველი საგარეო მარცხი მიმდინარე პრემიერლიგაში.

ფაქტები
  • "ჩელსი" არ დამარცხებულა "უოტფორდთან" ბოლო 13 დაპირისპირებაში (10 მოგება, 3 ფრე).
  • 2017 წელს, ყველა ტურნირის ჩათვლით, "ჩელსის" მიერ გატანილ გოლებში ყველაზე დიდი წილი პედროს უდევს - 12 გოლი, 9 პასი.
  • 2017 წლის აპრილის შემდეგ ედენ აზარმა პრემიერლიგაში პირველი საგოლე პასი შეასრულა.
  • მიში ბატშუაიმ "უოტფორდის" წინააღმდეგ ჩატარებული ბოლო 3 მატჩიდან სამივეში გაიტანა გოლი (სულ - 4).
ევერტონი-არსენალი
"არსენალმა" დემორალიზებულ "ევერტონს" კარგი გაკვეთილი ჩაუტარა და გასავარდნ ზონაში გაისტუმრა, არსენ ვენგერს კი დაბადების დღისთვის მშვენიერი საჩუქარი უძღვნა (ფრანგი მწვრთნელისთვის ეს მესამე შემთხვევაა 2005 და 2006 წლების შემდეგ)...

მიუხედავად იმისა, რომ რონალდ კუმანი სიტუაციის გამოსწორების პირობას დებს, უკვე აქტიურად განიხილება "ევერტონში" დევიდ მოიესის შესაძლო დაბრუნების საკითხი.

ფაქტები
  • "არსენალს" "ევერტონისთვის" პრემიერლიგაში 100 გოლი აქვს გატანილი.
  • მესუთ იოზილმა პრემიერლიგაში 43-ე საგოლე პასი გააკეთა. 2013 წლის შემდეგ (იოზილის დებიუტი) ინგლისის მთავარი ლიგაში ეს საუკეთესო შედეგია.
  • უეინ რუნის პრემიერლიგაში ყველაზე მეტი გოლი "არსენალის" კარში აქვს გატანილი - 12.
  • უეინ რუნიმ პეტერ ჩეხს 7 გოლი გაუტანა - ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა მეკარეებს.
ტოტენჰემი-ლივერპული
"ტოტენჰემმა" სრულად გააშიშვლა "ლივერპულის" პრობლემები. შეიძლება ითქვას, იურგენ კლოპს დაცვა, ფაქტობრივად, არ ჰყავს. "წითლებზე" მეტი გოლი მიმდინარე პრემიერლიგაში მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს გაშვებული. ეს ტიპური აუტსაიდერული მაჩვენებელია (საერთოდ, ინგლისის ტოპ-ლიგაში მერსისაიდელებს უკვე 1002 გოლი აქვთ გაშვებული), რაც ამბიციურ კლუბსა და მწვრთნელს ნამდვილად არ ეკადრებათ.

"ტოტენჰემი" კი მიქრის, ჰარი კეინსაც ისევ გააქვს და უკვე სათავეშიც უდგას ბომბარდირთა დავას. საინტერესო ფაქტია - გაგიკვირდებათ და, ამ სეზონში კეინს ლამის ყველასთვის და ყველგან ჰქონდა გოლი გატანილი, გარდა "უემბლისა", სადაც "ტოტენჰემის" დროებითი სახლია. და აი, 24 წლის ფორვარდმა ნავსი გატეხა, თან - წყვილი გოლით.

კომენტარები
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "ბრწყინვალედ ვითამაშეთ, აგრესიით და მობილიზებით. კარგად ვიცოდით, რას შემოგვთავაზებდა "ლივერპული" და პასუხიც შესაბამისი მოვამზადეთ. უკვე მესამე სეზონია ჩემპიონობისთვის ვიბრძვით და ვიღაცას მივდევთ. "მანჩესტერ სიტი" შესანიშნავი გუნდია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელით, მაგრამ გვჯერა, რომ ლიდერს დავეწევით. ჩვენთვის სეზონის თითოეული დღე ძალიან მნიშვნელოვანია".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "ოთხი შეცდომა და ოთხი გოლი - ძალიან დასანანია. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა. არადა, გვქონდა შანსები, გოლიც გავიტანეთ და რაღაც მომენტში თამაშის შემოტრიალებაც შეიძლებოდა, მაგრამ... ისევ გაუმართლებელი შეცდომები. უკვე ბევრი ქულა დავკარგეთ, პრობლემებიც საკმარისად გვაქვს, მაგრამ "ლივერპული" მაინც ბოლომდე იბრძოლებს".

ფაქტები
  • ბოლო 10 პრემიერლიგურ მატჩში "ტოტენჰემმა" პირველად მოუგო "ლივერპულს" - 3 ფრე, 6 მარცხი.
  • "ტოტენჰემის" მიერ გატანილი მეორე გოლი იყო მე-1000 "ლივერპულის" კარში, ინგლისური ტოპ-ლიგის მასშტაბით.
  • ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" მაისურით ბოლო 8 მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ 2 გოლი, ყველა ტურნირის ჩათვლით.
ფაქტები სხვა მატჩებიდან
  • "კრისტალ პალასს" არ გაუტანია გოლი ზედიზედ 7 გასვლით მატჩში.
  • "ნიუკასლი" ბოლო 10 საშინაო პრემიერლიგური მატჩიდან მხოლოდ ერთში დამარცხდა (6 მოგება, 3 ფრე).
  • "სტოკმა" ბოლო 10 საშინაო მატჩიდან 5 წააგო.
  • 2015/16 წლების სეზონის სტარტიდან "სუონსის" ფეხბურთელებმა ყველაზე მეტი - 11 ავტოგოლი გაიტანეს.
  • 2015/16 წლების სეზონის სტარტიდან არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია იმაზე მეტი (3) ავტოგოლი, ვიდრე ფედერიკო ფერნანდესს ("სუონსი"). ასევე 3-ჯერ დალაშქრა საკუთარი კარი ჯეკ კორკმა ("ბარნლი"), რომელიც, სხვათა შორის, "სუონსის" საკუთრებაა.
  • "საუთჰემპტონს" ბოლო 11 საშინაო მატჩში მხოლოდ 6 გოლი აქვს გატანილი.
  • "ვესტ ბრომვიჩს" აგვისტოს შემდეგ არ გაუმარჯვია.
პრემიერლიგა. IX ტური
ვესტ ჰემი-ბრაიტონი 0:3
გოლები: 0:1 მიურეი (10), 0:2 ისკიერდო (45+2), 0:3 მიურეი (75-პენ)

ჩელსი-უოტფორდი 4:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 პედრო (12), 1:1 დუკური (45+2), 1:2 პერეირა (49), 2:2 ბატშუაი (71), 3:2 ასპილიკუეტა (87), 4:2 ბატშუაი (90+5)
ჩელსი (3-4-3): კურტუა - რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, კეჰილი - ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო (68. ვილიანი) - პედრო (86. ძაპაკოსტა), აზარი, მორატა (61. ბატშუაი).

ჰადერსფილდი-მანჩესტ. იუნ 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 მუი (28), 2:0 დეპუატრი (33), 2:1 რაშფორდი (78)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი (23. ლინდელიოფი), იანგი - ერერა, მატიჩი - მატა (46. მხითარიანი), ლინგარდი, მარსიალი (46. რაშფორდი) - ლუკაკუ.

მანჩესტერ სიტი-ბარნლი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 აგუერო (30), 2:0 ოტამენდი (73), 3:0 სანე (75)
სიტი (4-3-3-): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - ფერნანდინიო (78. ტურე), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი (80. გიუნდოგანი) - სანე, დავიდ სილვა, აგუერო (76. გაბრიელ ჟეზუში).

ნიუკასლი-კრ. პალასი 1:0
გოლი: 1:0 მერინო (86)

სტოკი-ბორნმუნთი 1:2
გოლები: 0:1 სიურმენი (16), 0:2 სტანისლასი (18-პენ), 1:2 დიუფი (63)

სუონსი-ლესტერი 1:2
გოლები: 0:1 ფერნანდესი (25-საკ. კარში), 0:2 ოკაზაკი (49), 1:2 მოუსონი (56)

საუთჰემპტ.-ვესტ ბრომვიჩი 1:0
გოლი: 1:0 ბუფალი (85)

ევერტონი-არსენალი 2:5 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 რუნი (12), 1:1 ნაჩო მონრეალი (40), 1:2 იოზილი (53), 1:3 ლაკაზეტი (74), 1:4 რემზი (90), 2:4 ნიასე (90+3), 2:5 ალექსის სანჩესი (90+5)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მერტეზაკერი, ნაჩო მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი (82. კოკელენი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (77. უილშირი).
გაძევება: გეიე (68. ევერტონი)

ტოტენჰემი-ლივერპული 4:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 კეინი (4), 2:0 სონი (12), 2:1 სალაჰი (24), 3:1 ალი (45+3), 4:1 კეინი (56)
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდი, დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ერიქსენი (81. დაიერი), უინქსი, ორიე - ალი, სონი (69. სისოკო) - კეინი (88. ლორენტე).
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, ლოვრენი (31. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), მორენო - მილნერი, ჰენდერსონი, ჩანი (83. გრუიჩი) - კოუტინიო, სალაჰი, ფირმინო (77. სტარიჯი).

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
28 ოქტომბერი: მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი, არსენალი-სუონსი, კრ. პალასი-ვესტ ჰემი, ლივერპული-ჰადერსფილდი, უოტფორდი-სტოკი, ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ სიტი, ბორნმუთი-ჩელსი

29 ოქტომბერი: ბრაიტონი-საუთჰემპტონი, ლესტერი-ევერტონი

30 ოქტომბერი: ბარნლი-ნიუკასლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული