ცუდად მისდის ამ სეზონში საქმეები "ვესტ ჰემს", პრემიერლიგაზე 9 ტურის შემდეგ მე-16 ადგილზეა და უკვე ლაპარაკობენ მისი მწვრთნელის სლავენ ბილიჩის გადაყენებაზე. წუხელ "უებლიზე" 0:2-ს აგებდნენ "ჩაქუჩები" ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "ტოტენჰემთან", მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოპოვება მოახერხეს 3:2 და ოდნავი შვებით ამოისუნთქა მისმა ხორვატმა დამრიგებელმა:
"შესვენებაზე ფეხბურთელებს ველაპარაკე, ოღონდ ისე არა როგორც "ბრაიტონთან" შეხვედრისას. პირველ ტაიმში უხეიროდ არ გვითამაშია, შედეგი კი ვერ იყო სახარბიელო. ამისთანა გუნდისთვის 3 გოლის გატანა არაა სახუმარო საქმე. მოგება დავიმსახურეთ და ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
მართლა კარგად გავისარჯეთ.
როდესაც ასე ვასპარეზობთ, მშვიდად ვარ. ხომ ხედავთ, რომ გუნდი ცოცხალია. კარგი დღე იყო, მთლიანად სეზონისა კი რა მოგახსენოთ".