პრემიერლიგა. X ტური: ერთი ცვლილების ფასი [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" არასანახაობრივ მატჩში "ტოტენჰემი" შეაჩერა და "სიტისთან" 5-ქულიანი დისტანცია შეინარჩუნა...

გაიმარჯვეს ლიდერთა ჯგუფში მყოფმა "ჩელსიმ" და "არსენალმაც", რაც იმას ნიშნავს, რომ "მანჩესტერ სიტის" ერთი ფეხის დაცდენა და საჩემპიონო რბოლა ახალი ძალით გაჩაღდება...

მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" პრაგმატული ტაქტიკით შეძლო "მამლების" დამარცხება და 20 აგვისტოს შემდეგ პრემიერლიგაში პირველი მარცხი აგემა.

რა თქმა უნდა, "ტოტენჰემისთვის" მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო ტრავმირებული ჰარი კეინის არყოფნა. ამ პირობებში სტუმარმა მხოლოდ ერთი რეალური საგოლე შანსი შექმნა, როცა კრისტიან ერიქსენის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ დელე ალიმ ახლო მანძილიდან კარგად
ვერ დაარტყა.

ისე გამოჩნდა, რომ კეინის გარეშე "დეზების" შეტევითი პოტენციალი ძალიან მწირია. მაურისიო პოჩეტინო ნაწყენი დარჩა პეპ გვარდიოლაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემს" "კეინის გუნდი უწოდა". არ ყოფილა მთლად უსაფუძვლო შეფასება, თუმცა ეს მაინც დრომ უნდა დაამტკიცოს.

..."ოლდ ტრაფორდზე" გადამწყვეტი მომენტი დადგა 70-ე წუთზე, როცა ჟოზე მოურინიომ, მარკუს რაშფორდის ნაცვლად, თამაშში ანტონი მარსიალი ჩართო. "განსაკუთრებულის" ეს გადაწყვეტილება "იუნაიტედის" ქომაგებს მაინცდამაინც არ ესიამოვნათ, თუმცა მოურინიომ დაამტკიცა, რომ ასეთ სიტუაციებში იშვიათად ცდება - მატჩის დასრულებამდე 9 წუთი რჩებოდა, როცა რომელუ ლუკაკუმ თავურით მიაწოდა მარსიალს, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ბურთი შორეულ კუთხეში გაახვია.

"ჰადერსფილდთან" წინა ტურში წაგების შემდეგ "იუნაიტედს" ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.

კომენტარი
ჟოზე მოურინიო (მანჩესტერი): "ორივე გუნდი ცდილობდა გამარჯვებას, მაგრამ ორივემ იცოდა, რომ ოპონენტი ძლიერი იყო და ეს ფაქტორი გარკვეულწილად ცვლის ხოლმე თამაშის სურათს. თუ არ ჩავთვლით დელე ალის შანსს, შეიძლება ითქვას, ჩვენ კარგად ვაკონტროლებდით თამაშს. გვესმოდა, რომ დაცვაში ერთ პატარა შეცდომასაც კი შეიძლებოდა მარცხი მოჰყოლოდა. ვფიქრობ, ჩვენ დავიმსახურეთ გამარჯვება".

მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "თანაბარი თამაში იყო და ასეთ დროს წაგება ძალიან საწყენია. გვქონდა ერთი კარგი შანსი, მერე მეორეც... ვფიქრობ, ჩვენ მეტი დავიმსახურეთ. ამაყი ვარ იმით, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი ჩადეს თამაშში, თუმცა თამაშის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მაგრამ ჩვენ მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება. როცა ბევრი შანსი არ გაქვს, მერე ერთ შეცდომას აუცილებლად მარცხი მოჰყვება".

ვესტ ბრომვ.-მანჩესტერ სიტი
...გოლი, 3 დარტყმა კარში და საგოლე პასი - "მანჩესტერ სიტის" გამარჯვების მთავარი ინსპირატორი 21 წლის ლეროი სანე იყო. პეპ გვარდიოლამაც შეაქო გერმანელი და გუნდის "უმნიშვნელოვანესი ფიგურა" უწოდა. ვალში არც "შალკეს" ყოფილი შემტევი დარჩა - გვარდიოლა ის მწვრთნელია, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი თამაში და ახალ სიმაღლეზე ამიყვანაო...

ამ ურთიერთქათინაურებს დავამატოთ ისიც, რომ სანემ თავის პირველივე პრემიერლიგურ სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი შეაგდო, რაც ნახევარმცველის კვალობაზე, თან ასეთი კონკურენციის პირობებში, მშვენიერი შედეგია.

ბორნმუთი-ჩელსი
..."ბორნმუთის" მცველმა საიმონ ფრენსისმა ვერ შეძლო ალვარო მორატას პასის ჩაჭრა და "ჩელსის" ყოფილ მეკარე ასმირ ბეგოვიჩთან პირისპირ გასულმა ედენ აზარმა ახლო კუთხეში გამარჯვების გოლი გაიტანა. ბოლო წამებზე სესკ ფაბრეგასმა რეალური შანსი გაფლანგა, თორემ 2:0 ლონდონელთა დომინაციისთვის უფრო შესაფერისი ანგარიშით იქნებოდა.

ანტონიო კონტე კმაყოფილი დარჩა თავისი ფეხბურთელების საბრძოლო სულისკვეთებით და გააკრიტიკა მედია, რომელიც წერს, თითქოს "ჩელსის" ფეხბურთელები მის სამწვრთნელო მეთოდებს არ მიესალმებიან.

მიუხედავად ყველაფრისა, "ჩელსის" მაინც აქვს პრობლემები, განსაკუთრებით - დაცვაში. 23 სექტემბრის შემდეგ "ბორნმუთთან" მოგებული თამაში პირველი შემთხვევა იყო, როცა კონტეს გუნდმა გოლი არ გაუშვა.

კომენტარი
ანტონიო კონტე (ჩელსი): "კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა ესეც უნდა ვთქვა - როცა ბევრი საგოლე შანსი გაქვს, ვალდებული ხარ, ეს შანსები გამოიყენო, რადგან 1:0 არ არის ის შედეგი, დამშვიდების საშუალება რომ მოგცეს".

არსენალი-სუონსი
მეორე ტაიმში "არსენალმა" კარგად ითამაშა და თამაშის შემოტრიალება მოახერხა. აარონ რემზიმ "მეთოფეთა" რიგებში 50-ე გოლი გაიტანა, ხოლო არსენ ვენგერისთვის ეს იყო მე-800 გამარჯვება ამ გუნდის მწვრთნელის რანგში.

თუმცა "არსენალის" 3 ქულაში უფრო სოლიდური წილი დაიდო ბოსნიელმა სეად კოლაშინაცმა, ვინც 7-წუთიან ინტერვალში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ამას გარდა, "შალკედან" მოსულ მარცხენა მცველს ამ სეზონში "არსენალის" ყველაზე მეტ გოლში უდევს წილი.

ლივერპული-ჰადერსფილდი
"ტოტენჰემთან" წაგების (1:4) შემდეგ იურგენ კლოპმა "ჰადერსფილდის" ძლევაზე თქვა - ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, თითქოს შობის დღესასწაულიაო...

3 გატანილი გოლი, 3 ქულა და "მშრალად" შენახული კარი - სრულიად საკმარისი აღმოჩნდა "წითლების" თავკაცისთვის, რომ მცირე კრიზისის დაძლევაზე ელაპარაკა. სხვათა შორის, "ჰადერსფილდის" გერმანელი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი კლოპის საუკეთესო მეგობარია, თუმცა ფეხბურთმა მეგობრობა არ იცის, მეტადრე მაშინ, როცა გამარჯვება ჰაერივით გჭირდება.

და კიდევ ერთი - დენ სტარიჯმა "ლივერპულის" მაისურით მე-100 გოლი გაიტანა.

ფაქტები
  • 10 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ" 28 ქულას მოუყარა თავი. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელებს" კლუბის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვთ ბურთების ფანტასტიკური სხვაობით (+29).
  • "მანჩესტერ სიტის", ყველა ტურნირის ჩათვლით, არ წაუგია ბოლო 21 მატჩი. ეს არის საუკეთესო სერია ამ კლუბის ისტორიაში.
  • "მანჩესტერ სიტიმ" მოიგო პრემიერლიგის ზედიზედ 8 მატჩი.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" მიმდინარე პრემიერლიგის ყველა 5 საშინაო მატჩში მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა, რაც პირველი შემთხვევაა 2007/08 წლების სეზონის შემდეგ.
  • მიმდინარე სეზონში "სუონსის" ყველაზე ნაკლები (76) დარტყმა აქვს კარისკენ და, ასევე, ყველაზე ნაკლები (20) დარტყმა მიზანში.
  • "კრისტალ პალასი", "ბენევენტო", "მალაგა" და "დიჟონი" მიმდინარე სეზონის ის 4 გუნდია, რომლებმაც ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A, ლიგა 1) ყველა მატჩში გაუშვეს მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ვესტ ჰემის" ფორვარდმა ხავიერ ერნანდესმა თავისი 41-ე გოლი გაიტანა პრემიერლიგაში და თან ყველა - საჯარიმო მოედნის შიგნიდან. ამ მხრივ, რეკორდი ეკუთვნის "ევერტონის" ნახევარმცველ ტიმ კეჰილს, ვის აქტივშიც 56 გოლია.
  • "ლივერპულის" ნახევარმცველმა ჟორჟინიო ვეინალდუმმა პრემიერლიგაში მე-18 გოლი (აქედან 11 - "ნიუკასლის" მაისურით) გაიტანა. საინტერესოა, ყველა ეს გოლი ვეინალდუმმა საშინაო მატჩებში შეაგდო.
  • "უოტფორდმა" ზედიზედ მეორე მატჩში წააგო, რაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა.

პრემიერლიგა. X ტური
მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 მარსიალი (81)
მანჩესტერი (3-4-1-2): დე ხეა - ბაილი, სმოლინგი, ჯოუნსი - ვალენსია, ერერა, მატიჩი, იანგი (90+3. დარმიანი) - მხითარიანი (65. ლინგარდი) - რაშფორდი (70. მარსიალი), ლუკაკუ.
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - ალდერვეირელდდი, დაიერი, ვერტონგენი - ორიე, სისოკო (62. დემბელე), უინქსი, ბ. დევისი - ერიქსენი, ალი - სონი (62. ფერნანდო ლორენტე).

ვესტ ბრომვ.-მანჩესტერ სიტი 2:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 სანე (10), 1:1 როდრიგესი (13), 1:2 ფერნანდინიო (15), 1:3 სტერლინგი (64), 2:3 ფილიპსი (90+4)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ოტამენდი, დელფი - დე ბრუინი, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სანე, ბერნარდო სილვა (61. სტერლინგი), გაბრიელ ჟეზუში (82. გიუნდოგანი).

უოტფორდი-სტოკი 0:1
გოლი: 0:1 ფლეტჩერი (16)

ლივერპული-ჰადერსფილდი 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 სტარიჯი (50), 2:0 ფირმინო (58), 3:0 ვეინალდუმი (75)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - გომესი, მატიპი, კლავანი, მორენო - მილნერი, ვეინალდუმი, ჰენდერსონი - ფირმინო (66. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), სალაჰი (81. სოლანკე), სტარიჯი (74. ჩანი).
გამოუყენებელი პენალტი: სალაჰი (42. ლივერპული)

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 2:2
გოლები: 0:1 ერნანდესი (31), 0:1 აიუ (43), 1:2 მილივოიევიჩი (50), 2:2 ზაჰა (90+7)

არსენალი-სუონსი 2:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 კლუკასი (22), 1:1 კოლაშინაცი (51), 2:1 რემზი (58)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მერტეზაკერი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი (78. ჰოლდინგი) - იოზილი, ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (81. ჟირუ).

ბორნმუთი-ჩელსი 0:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 0:1 აზარი (51)
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, რიუდიგერი - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი, ბაკაიოკო, ალონსო - პედრო (79. დრინკუოტერი), აზარი (85. ვილიანი) - მორატა (79. ბატშუაი).

ბრაიტონი-საუთჰემპტონი 1:1
გოლები: 0:1 ს. დევისი (7), 1:1 მიურეი (54)

ლესტერი-ევერტონი 2:0
გოლები: 1:0 ვარდი (18), 2:0 გრეი (29)

ორშაბათი, 31 ოქტომბერი
ბარნლი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 8 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 6 - ალვარო მორატა (ჩელსი), ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური
4 ნოემბერი: სტოკი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ვესტ ბრომვიჩი, ნიუკასლი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-ბარნლი, სუონსი-ბრაიტონი, ვესტ ჰემი-ლივერპული
5 ნოემბერი: ტოტენჰემი-კრ. პალასი, მანჩესტერ სიტი-არსენალი, ჩელსი-მანჩესტერ იუნ, ევერტონი-უოტფორდი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული