დღის მატჩი თავისთვისაც, გუნდისთვისაც...
"არსენალმა" ჩრდილოლონდონელ მომხვდურთან პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი და დაამტკიცა, რომ თავისი პოტენციალით ღირსია, იყოს მოწინავეთა შორის, თუ საქმეს სერიოზულად მოეკიდება...
36-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ ამ სეზონში თავისი პირველი არსენალური გოლი გაიტანა, როცა თანამემამულე მესუთ იოზილისგან (მატჩის საუკეთესო მოთამაშე BBC-ის ვერსიით) მიიღო პასი და თავურით შეარხია უგო ლორისის კარის ბადე, ხუთიოდ წუთში კი უკვე ალექსის სანჩესმა დააგვირგვინა ალექსანდრ ლაკაზეტის გადაცემა.
ეგ იყო მხოლოდ, რომ მუსტაფის გოლი მოჰყვა ჯარიმას, რომელიც არბიტრ მაიკლ დინის მხრიდან ერთობ საეჭვო გადაწყვეტილება იყო. თუმცა, საერთო ჯამში, "არსენალი" მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და მაურისიო პოჩეტინოს სამსაჯო შეცდომებზე აპელირება არას არგებს.
ლოგიკური იყო მეორე გოლიც და იქვე, ლორისმა კინაღამ მესამედაც გამოიტანა ბურთი ბადიდან, როცა სანჩესს რთული ბურთი აუღო...
"ტოტენჰემი" უჩვეულოდ ინერტული იყო. სამუნდიალო პლეი ოფის ემოციებისგან დაცლილი კრისტიან ერიქსენი თითქოს ცდილობდა შეტევების გამწვავებას, მაგრამ მეორე მხრივ, აშკარად ვერ აჩვენეს თავიანთი სტანდარტი ჰარი კეინმა და დელე ალიმ, რომელთაც ტრავმების გამო სანაკრებო მატჩები გაუცდათ...
თუმცა ვნახეთ ორი ეპიზოდი, როცა "მამლებს" ანგარიშის "დასველება" შეეძლოთ - ჯერ მაშინ, როცა იმავე ერიქსენის დარტყმული ძელს მოხვდა, ხოლო ერიკ დაიერის თავური პეტრ ჩეხმა მოიგერია.
"არსენალის" შეტევა ძალიან ძლიერი იყო იოზილი-სანჩესი-ლაკაზეტის ტრიოთი და მხოლოდ გაკვირვებას იწვევს, რატომ არ იყენებს არსენ ვენგერი ხშირად ამ სამეულს, რატომ აქვს ნაკლები ნდობა 52 მილიონ ფუნტად ნაყიდ ლაკაზეტს? არადა, როცა კი მწვრთნელი მათ დაეყრდნო, "მეთოფეებმა" ყოველთვის მიზანში მოარტყეს...
ასე იყო თუ ისე, "არსენალმა" ბოლო 7 ურთიერთდაპირისპირებაში პირველად სძლია "ტოტენჰემს", ამ უკანასკნელს კი "ემირეითსზე" ნათამაშები 12 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული, ხოლო "დიდი ექვსეულის" წარმომადგენელი სტუმრად ბოლოს 2016 წლის 14 თებერვალს ჰყავს დამარცხებული - 2:1 "მანჩესტერ სიტისთან".
კომენტარები
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი): "სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თამაში თანაბარი იყო. ზოგადად კი იმედგაცრუებელი ვარ, რადგან ფეხბურთელებმა თავი გადადეს პოზიტიური შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ დაგვიფასდა, მაინც დავმარცხდით. მიმაჩნია, რომ ანგარიში არ შეეფერება თამაშის ხასიათს. მატჩის ბედი გადაწყვიტა დეტალებმა, რაც მაინცდამაინც ჩვენს წინააღმდეგ იყო".
არსენ ვენგერი (არსენალი): "ამაყი ვარ ჩემი გუნდით. ძალიან კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ ყველა ასპექტში, პლუს ამას, იყო უდიდესი სურვილი გამარჯვების და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა... მუსტაფი შესანიშნავი იყო, ისევე, როგორც სამკაციანი დაცვა. აღფრთოვანებული ვარ იოზილითაც - მან დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ დიდებული ინდივიდუალისტია, არამედ, შესანიშნავად მუშაობს გუნდზეც".
ფაქტები
- "არსენალმა" მოიგო ზედიზედ მე-11 პრემიერლიგური საშინაო მატჩი, რაც საუკეთესო სერიაა 2005 წლის შემდეგ, როცა თებერვალ-ნოემბერში მიჯრით 13 თამაშში გაიმარჯვა საკუთარ მოედანზე.
- "ტოტენჰემის" მწვრთნელის რანგში მაურისიო პოჩეტინომ 6 ლონდონური დერბიდან წააგო 4.
- "ტოტენჰემის" მეკარე უგო ლორისს არასოდეს შეუნახავს კარი "მშრალად" "დიდი ექვსეულის" გუნდებთან საგარეო მატჩებში - 24 მატჩში გაუშვა 56 გოლი, ანუ საშუალოდ 2,3 გოლი ერთ თამაშში.
- "არსენალის" შემტევმა ალექსის სანჩესმა დაასრულა 11-მატჩიანი უგოლო სერია "დიდი ექვსეულის" გუნდების წინააღმდეგ. ბოლოს მან "ჩელსის" გაუტანა 2016 წლის სექტემბერში.
- შკოდრან მუსტაფიმ სამივე პრემიერლიგური გოლი მესუთ იოზილის პასებით გაიტანა.
- პრემიერლიგაში დებიუტის (2013) შემდეგ მესუთ იოზილმა 45 საგოლე პასი შეასრულა - ყველაზე მეტი, ვიდრე მთავარი ინგლისური ლიგის ყველა მონაწილემ, და 21-ჯერ მეტი, ვიდრე "არსენალის" ყველა მოთამაშემ აღნიშნულ პერიოდში.
- ჰარი კეინმა 9-დან მე-7 ლონდონურ დერბიში ვერ შეძლო გოლის გატანა.
საუკეთესო ფეხბურთი პრემიერლიგის ისტორიაში?..
პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" კიდევ ერთი თვალსასეირო სპექტაკლი დადგა და უკბილო "მელიებს" 2 უპასუხო გოლი მიართვა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ქალაქელთა" მოგებების სერია (ყველა ტურნირის ჩათვლით) უკვე 16 მატჩს უტოლდება.
"სიტი" მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა. აქ ზედმეტია ლაპარაკი სათამაშო პერიპეტიებზე - გვარდიოლას გუნდი ყველა პარამეტრით აღემატებოდა მეტოქეს, უფრო მთავარი მატჩის შემდგომი რეაქციებია, რომელთაგან რამდენიმეზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას.
მაგალითად, "ლესტერის" ყოფილმა მწვრთნელმა დევიდ პლიტმა თქვა, რომ დღესდღეობით, არ ეგულება პრემიერლიგაში გუნდი, რომელსაც "სიტის" დამარცხება შეუძლია: "ვფიქრობ, ისინი 10 ფეხბურთელითაც ადვილად მოიგებდნენ ამ თამაშს და საერთოდაც, მე ვერ ვხედავ გუნდს, რომელსაც "მანჩესტერ სიტის" დამარცხება შეუძლია. საოცარი გუნდია! ნახეთ, როგორ ეპყრობიან ბურთს, როგორი ნიჭიერები არიან და როგორ იყენებს გვარდიოლა ამ ნიჭს".
"არსენალის" ყოფილმა მცველმა მარტინ კიოუნმა კი პირდაპირ განაცხადა: "ეს არის ჩემი პროგნოზი და არ მეშინია ამის თქმის - "მანჩესტერ სიტი" ამ სეზონში არც ერთ თამაშს არ წააგებს".
"ტოტენჰემის" ექსფორვარდი გარეთ კრუკსი: "ეს არის საუკეთესო ფეხბურთი, რაც კი პრემიერლიგაში ოდესმე ვინმეს უთამაშია".
ფაქტები
- კევინ დე ბრუინმა ("მანჩესტერ სიტი") პრემიერლიგაში ჩატარებულ 76 მატჩში მონაწილეობა მიიღო 50 გოლში (16 გაიტანა, 34 - გაატანინა).
- გაბრიელ ჟეზუშის ("მანჩესტერ სიტი") ხელი 21 მატჩიდან 20 გოლში (15 გოლი, 5 საგოლე პასი) ურევია.
- პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩში ლეროი სანემ ("მანჩესტერ სიტი") 12 გოლში მიიღო მონაწილეობა - 6 გაიტანა და ამდენივე გაატანინა.
- დავიდ სილვას ("მანჩესტერ სიტი") 72 საგოლე პასი აქვს გაკეთებული - ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის ნებისმიერ სხვა ფეხბურთელს 2010 წლის (დავიდ სილვას დებიუტი) შემდეგ.
- მეორე შემთხვევაა, რომ პრემიერლიგის გუნდს 12 ტურის შემდეგ 34 ქულა აქვს. ანალოგიური შედეგი "მანჩესტერ სიტის" 2011/12 წლების სეზონშიც ჰქონდა.
ორი დაბრუნება ერთი გოლით
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლოდროინდელ გარჯას რომ აანალიზებდნენ, პრემიერლიგის ექსპერტები ლამის ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდს ძალიან დაეტყო პოლ პოგბას ტრავმა, რომ "იუნაიტედი" ნახევარდაცვაში ვეღარ არის ისეთი გაუვალი, როგორიც პოგბასთან ერთად იყო, ხოლო ეს უკანასკნელი რომ ეხმარებოდა შემტევებს და თავადაც გაჰქონდა თავისი წილი, ამაზე აღარ ვლაპარაკობთ...
აგერ, დაბრუნდა პოგბა და ეგრევე გაიტანა, მანამდე კი საგოლედ უპასა ანტონი მარსიალს.
7-თვიანი უქმობის შემდეგ "იუნაიტედში" კიდევ ერთი დიდი დაბრუნება შედგა - ბოლო 14 წუთი ითამაშა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რაც მოურინიოს გუნდის შეტევით პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
"წითელმა ეშმაკებმა" შთამბეჭდავი გამარჯვებით საკლუბო რეკორდიც დაამყარეს - 38 მატჩი "ოლდ ტრაფორდზე" მარცხის გარეშე.
ფაქტები სხვა მატჩებიდან
- "ლივერპულმა" პრემიერლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
- პრემიერლიგის ისტორიაში მოჰამედ სალაჰს "ლივერპულის" ყველა ფორმაციის ფეხბურთელებს შორის სეზონის სტარტიდან საუკეთესო საგოლე მაჩვენებელი აქვს - 9.
- ფილიპე კოუტინიო მესამე ადგილზეა "ლივერპულის" ყველა დროის ფეხბურთელებს შორის საგოლე პასების მხრივ - 31. პირველია სტივენ ჯერარდი (92), მეორეზე - სტივ მაკმანამანი (58).
- 2017 წლის მაისის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა "საუთჰემპტონის" ფეხბურთელების ერთი დარტყმაც არ წასულა კარისკენ.
- "ვესტ ბრომვიჩმა" "ჩელსისთან" 22 პრემიერლიგური მატჩიდან 17 წააგო.
- "ვესტ ბრომვიჩს" პრემიერლიგაში 10 ტურია არ მოუგია.
- "ვესტ ბრომვიჩმა" ბოლო 8 თვის განმავლობაში 10 საშინაო პრემიერლიგური მატჩიდან ერთიც ვერ მოიგო.
- ანტონიო კონტემ "ჩელსის" მწვრთნელის რანგში 50-ე მატჩი ჩაატარა.
- "ჩელსიმ" პრემიერლიგის ბოლო 12 საგარეო მატჩიდან 10-ში გაიმარჯვა.
- ედენ აზარმა "ჩელსის" ბოლო 6 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლი გაიტანა.
- ანტონიო კონტეს მწვრთნელობის პერიოდში "ჩელსიმ" მოიგო ყველა ის 16 მატჩი, რომელშიც ედენ აზარმა გაიტანა ერთი გოლი მაინც.
- "ჰადერსფილდს" არ გაუტანია გოლი (47 დარტყმიდან) პრემიერლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩში.
- კალუმ უილსონმა ("ბორნმუთი") მეორედ მოახერხა პრემიერლიგის მატჩში ერთი და მეტი გოლის გატანა, ხოლო ჰეთ-თრიკი შეასრულა პირველად, 2015 წლის აგვისტოს შემდეგ ("ვესტ ჰემთან").
- "ბარნლის" საუკეთესო სტარტი აქვს 1974/75 წლების სეზონის შემდეგ, ხოლო 1975 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ტოპლიგაში ზედიზედ 3 მატჩის მოგება.
- ჯეკ კორკმა ("ბარნლი") გაიტანა პირველი გოლი პრემიერლიგის ბოლო 43 მატჩში, თანაც - ყოფილი გუნდის ("სუონსი") წინააღმდეგ.
- "კრისტალ პალასს" 12 ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს. პრემიერლიგაში მხოლოდ ერთმა გუნდმა ("ევერტონი" 1994/95 წლების სეზონში) შეძლო გავარდნისგან თავის დაღწევა სეზონის ამ ეტაპზე 5 და ნაკლები ქულების პირობებში.
არსენალი-ტოტენჰემი 2:0
გოლები: 1:0 მუსტაფი (36), 2:0 ალექსის სანჩესი (41)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - კოსიელნი, მუსტაფი, მონრეალი - ბელერინი, რემზი, ჯაკა, კოლაშინაცი - იოზილი (84. ივობი), ალექსის სანჩესი - ლაკაზეტი (73. კოკელენი).
ტოტენჰემი (3-4-2-1): ლორისი - დავინსონ სანჩესი, დაიერი, ვერტონგენი - ტრიპიერი, სისოკო, დემბელე (63. უინქსი), დევისი - ერიქსენი, ალი (75. სონი) - კეინი (75. ლორენტე).
ბორნმუთი-ჰადერსფილდი 4:0
გოლები: 1:0 უილსონი (26), 2:0 უილსონი (31), 3:0 არტერი (70), 4:0 უილსონი (84)
გაძევება: ფრენსისი (45. ბორნმუთი)
ბარნლი-სუონსი 2:0
გოლები: 1:0 კორკი (29), 2:0 ბარნსი (40)
კრ. პალასი-ევერტონი 2:2
გოლები: 1:0 მაკარტური (2), 1:1 ბეინსი (6-პენ), 2:1 ზაჰა (35), 2:2 ნიასე (45)
ლესტერი-მანჩესტერ სიტი 0:2
გოლები: 0:1 გაბრიელ ჟეზუში (45), 0:2 დე ბრუინი (49)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი (31. მანგალა), კომპანი, დელფი - დე ბრუინი (90. გიუნდოგანი), ფერნანდინიო, დავიდ სილვა - სტერლინგი (84. ბერნარდო სილვა), სანე, გაბრიელ ჟეზუში.
ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0
გოლები: 1:0 სალაჰი (31), 2:0 სალაჰი (41), 3:0 კოუტინიო (68)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდრე-არნოლდი, კლავანი, ლოვრენი, მორენო - ვეინალდუმი, ჰენდერსონი, კოუტინიო (69. ჩანი) - სალაჰი (80. მილნერი), მანე (74. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ფირმინო.
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 0:4
გოლები: 0:1 მორატა (17), 0:2 აზარი (23), 0:3 ალონსო (38), 0:4 აზარი (62)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - კრისტენსენი, კეჰილი, ასპილიკუეტა - ძაპაკოსტა, ფაბრეგასი (67. დრინკუოტერი), კანტე (77. ვილიანი), ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (71. პედრო) - მორატა.
მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 4:1
გოლები: 0:1 გაილი (14), 1:1 მარსიალი (37), 2:1 სმოლინგი (45+2), 3:1 პოგბა (54), 4:1 ლუკაკუ (70)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, სმოლინგი, იანგი - პოგბა (70. ფელაინი), მატიჩი - რაშფორდი, მატა (83. ერერა), მარსიალი (77. იბრაჰიმოვიჩი) - ლუკაკუ.
უოტფორდი-ვესტ ჰემი 2:0
გოლები: 1:0 ჰიუზი (11), 2:0 რიჩარლისონი (64)
ორშაბათი, 20 ნოემბერი
ბრაიტონი-სტოკი 23:59
ბომბარდირები: 9 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი); 7 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
მომდევნო ტური
24 ნოემბერი: ვესტ ჰემი-ლესტერი
25 ნოემბერი: კრ. პალასი-სტოკი, მანჩესტერ იუნ-ბრაიტონი, ნიუკასლი-უოტფორდი, სუონსი-ბორნმუთი, ტოტენჰემი-ვესტ ბრომვიჩი, ლივერპული-ჩელსი
26 ნოემბერი: საუთჰემპტონი-ევერტონი, ბარნლი-არსენალი, ჰადერსფილდი-მანჩესტერ სიტი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"