პრემიერლიგა. XV ტურის წინ: სუპერმატჩი ლონდონში

AutoSharing Option
ინგლისური პრემიერლიგის დამფასებელი შაბათ საღამოს ელის. ლონდონში სუპერმატჩია - "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუხვდება.

ეს ჯახი მილიონობით გულშემატკივრის ინტერესს იწვევს. ახლა მთავარია, ჟოზე მოურინიომ ძველ ზნეს უგანოს და ზედმეტად არ "ჩაკეტოს" თამაში. ეს ნამდვილად ახასიათებს პორტუგალიელს, მით უმეტეს მაშინ, როცა მისი გაწვრთნილი გუნდი ინგლისური ფეხბურთის გრანდებს ხვდება. "არსენალი" კი, მისი ბოლოდროინდელი ჩავარდნების მიუხედავად, ასეთთა კატეგორიას ნამდვილად მიეკუთვნება.

ამ შეხვედრაში "მანჩესტერს" შეიძლება დაუბრუნდეს კოტდივუარელი მცველი ერიკ ბაილი. "წითელ ეშმაკებს" განსაკუთრებული დანაკლისი არ აქვთ. ფილ ჯოუნსი და მაიკლ ქერიკი გუნდს უკვე კარგა ხანია,
ვერ ეხმარებიან და მოურინიოს სამწყსო მათ გარეშე თამაშს მიჩვეულია.

დანაკლისი არც "არსენალს" აქვს. ყველას დაგვავიწყდა, როდის გავიდა მინდორზე ბოლოს სანტი კასორლა. საეჭვოა თეო უოლკოტის თამაში, მაგრამ მიიჩნევენ, რომ დიდი ალბათობით, ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი ამ მატჩისთვის გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

ცალკე თემაა არსენ ვენგერისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებები. მოგეხსენებათ, ამ ორი მწვრთნელის საფეხბურთო ფილოსოფია აშკარად განსხვავებულია ერთმანეთისგან. მათ მართლაც ხშირად გაუკრიტიკებია ერთმანეთი. ეს კი არა, ლამის ხელჩართული ჩხუბიც გაუმართავთ... ასე რომ, დაძაბულობა არც მინდვრის გარეთ იქნება ნაკლები.

რაც შეეხებათ სხვა ინგლისურ გრანდებს, "ჩელსი" რამდენიმე მეორეხარისხოვან ფეხბურთელს მოისაკლისებს. ამის მიუხედავად, "არისტოკრატებმა" მაინც უნდა მოახერხონ მოწინააღმდეგის დამარცხება, თუმცა ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "ნიუკასლის" სათავეში მრავლის მნახველი რაფა ბენიტესი დგას...

"ლივერპული" უეჭველი სამი ქულისთვის ჩავა "ბრაიტონთან" სათამაშოდ. ელიან, რომ შესაძლოა, სწორედ ამ მატჩში მოხდეს გამოჯანმრთელებული ემრე ჩანის დაბრუნება ძირითად შემადგენლობაში.

ტობიას ალდერვეირელდისა და ვიქტორ ვანიამას გარეშე ესტუმრება ფორმიდან ამოვარდნილი "ტოტენჰემი" "უოტფორდს", რომელმაც ორიოდ დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შინ 2:4 წააგო. როგორ უნდა ამ გუნდთან გასვლაზე წარმატებით თამაში, ეს "დეზებს" კარგად აჩვენა სწორედ "იუნაიტედმა".

"სიტი" საშინაო ასპარეზზე მასპინძლობს "ვესტ ჰემს", რომელსაც დევიდ მოიესი ჯერჯერობით ვერაფერს შველის. პეპ გვარდიოლას გუნდი კი, უბრალოდ, შეუჩერებელია. ამასთან ერთად, "ქალაქელები" ერთობ თვალსასეიროდაც აგორებენ ბურთს. რა თქმა უნდა, ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე "სიტის" აქციები ამ მატჩში გაცილებით ძვირად ფასობს.

ფაქტები
  • "ლივერპულმა" აქამდე ორივე ოფიციალური მატჩი მოუგო "ბრაიტონს".
  • "ევერტონმა", რომელსაც ამ უქმეებიდან სემ ელერდაისი დამოძღვრავს, ბოლო ხუთ შეხვედრაში ხუთჯერ ითამაშა ისეთი მატჩი, რომელშიც 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.
  • "ვესტ ბრომვიჩისა" და"კრისტალ პალასის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.
  • "არსენალმა" ბოლო შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, "მანჩესტერმა" - 4.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალთან" სტუმრად ბოლოს 2014 წელს გაიმარჯვა (2:1).
  • 5 პრემიერლიგური მატჩია, "ვესტ ჰემი" ვერ ახერხებს "მანჩესტერ სიტის" დამარცხებას.
პრემიერლიგა. XV ტური
შაბათი, 2 დეკემბერი
ჩელსი-ნიუკასლი 16:30
ბრაიტონი-ლივერპული 19:00
ევერტონი-ჰადერსფილდი 19:00
ლესტერი-ბარნლი 19:00
სტოკი-სუონსი 19:00
უოტფორდი-ტოტენჰემი 19:00
ვესტ ბრომვიჩი-კრ. პალასი 19:00
არსენალი-მანჩესტ. იუნ 21:30

კვირა, 3 დეკემბერი
ბორნმუთი-საუთჰემპტონი 17:30
მანჩესტ. სიტი-ვესტ ჰემი 20:00

ბომბარდირები: 12 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 10 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 9 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), ალვარო მორატა (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული