პრემიერლიგა. XX ტურის წინ: BOXING DAY - შეაშინებს "სიტის" "კაჭკაჭების" ჩხავილი?

AutoSharing Option
დღეს 26 დეკემბერია - ტრადიციული Boxing Day, შობის მეორე დღე, როცა ინგლისის ყველა ლიგაში საფეხბურთო მოედნებზე ემოციები ჩქეფს.

ამავე დროს, ეს არის გიჟური მარათონის პირველი ტური და ამ ერთი კვირის განმავლობაში ასეთი კიდევ 3 გველოდება...

ანუ ისე, როგორც ინგლისში იციან - არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება ტურის მატჩებს, აქ რამდენიმე საინტერესო თამაშია. დავიწყოთ ლიდერით, რომელიც 27 დეკემბერს თამაშობს.

"მანჩესტერ სიტი" ესტუმრება "ნიუკასლს" და დიდებული სერიის გაგრძელებას ეცდება, რადგან პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ მიღწეულით დაკმაყოფილება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

თავის მხრივ, "ნიუკასლი"
ძალიან არასტაბილურად კი თამაშობს და "სიტისთვისაც" ბოლო წლებში არ წარმოადგენს ტრადიციულად უხერხულ მეტოქეს, მაგრამ, ამის მიუხედავად, "კაჭკაჭები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ფავორიტი შეაჩერონ.

თქმა რად უნდა, რომ ამ მატჩში "ქალაქელთა" აქციები უფრო ძვირად ფასობს, მაგრამ თავისი კოზირები რაფა ბენიტესსაც ექნება შემონახული. "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბარნლისთან" ითამაშებს.

"წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში არ იქნებიან მარუან ფელაინი, მაიკლ ქერიკი, ერიკ ბაილი და ანტონიო ვალენსია. ცხადია, ეს "იუნაიტედის" საქმეს ართულებს და ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ Boxing Day-ზე და წინა საახალწლო ტურშიც სენსაციები მრავლადაა.

თანაც, წლევანდელმა "ბარნლიმ" თავისი თვითმყოფადი თამაშითა და შედეგებით ბევრის სიმპათია დაიმსახურა. "ჩელსი" საშინაო ასპარეზზე "ბრაიტონს" დაუხვდება და დაუბრუნდება ალვარო მორატა, რომელიც წინა ტურში დისკვალიფიცირებული იყო.

"ლივერპული" "ენფილდზე" "სუონსის" ელოდება. იურგენ კლოპის გუნდს ორი მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემა აქვს - ვერ ითამაშებენ ჯორდან ჰენდერსონი და ალბერტო მორენო. სამაგიეროდ, დაცვის ცენტრში მოსალოდნელია ჟოეზ მატიპის დაბრუნება.

"ტოტენჰემზეც" ვთქვათ. "დეზები" "საუთჰემპტონს" უმასპინძლებენ. მაურისიო პოჩეტინო გახარებულია, რომ მცირე ჩავარდნის შემდეგ კვლავ დაიწყო გატანა ჰარი კეინმა (ჰეთ თრიკი "ბარნლისთან" წინა ტურის მატჩში).

ტური დასრულდება "კრისტალ პალასისა"და "არსენალის" ლონდონური დერბით. აქ საინტერესოა რამდენიმე სტატისტიკური ფაქტი - "არწივებმა" "მეთოფეებთან" ბოლო 12 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (3:0 წინა სეზონში), ხოლო "არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო 19 მატჩიდან მხოლოდ 2-ში ვერ შეძლო "კრისტალ პალასის" კარის აღება.

ფაქტები

  • მას შემდეგ, რაც 2012 წელს "საუთჰემპტონი" პრემიერლიგაში დაბრუნდა, "ტოტენჰემმა" ამ გუნდთან მატჩებში 30 შესაძლებლიდან 25 ქულა მოაგროვა (8 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). ამავე პერიოდში, "ტოტენჰემმა" მხოლოდ "სუონსისა" (28) და "სანდერლენდს" (26) წაართვა უფრო მეტი ქულა.
  • შობისშემდგომ ტურებში (ეგრეთ წოდებული Boxing Day) "ტოტენჰემს" ზედიზედ 11 მატჩი არ წაუგია (8 მოგება, 3 ფრე).
  • იმავე Boxing Day-ზე "საუთჰემპტონმა" მოიგო ბოლო 6-დან 5 მატჩი (1ფრე). ბოლო გამარჯვება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო - 2015 წელს 4:0 "არსენალთან".
  • დელე ალიმ ("ტოტენჰემი") "საუთჰემპტონს" ბოლო 3 პრემიერლიგურ მატჩში 4 გოლი გაუტანა (პლუს 1 საგოლე პასი).
  • "ბორნმუთს" სულ ორი მატჩი აქვს მოგებული "ვესტ ჰემთან" (პრემიერლიგაში) და ორივე შეხვედრაში ჰეთ-თრიკის წყალობით - 2015 წლის აგვისტოში" ჩაქუჩებს" 3 გოლი კალუმ უილსონმა გაუტანა, ხოლო 2017 წლის მარტში - ჯოშუა კინგმა.
  • 2015/16 წლების სეზონში ამ წყვილში ორივე მატჩი სტუმარმა გუნდმა მოიგო, სამაგიეროდ, ორივე შემთხვევაში მასპინძელმა იმარჯვა 2016/17 წლების სეზონში.
  • თუ "ვესტ ჰემმა" გაიმარჯვა, ეს იქნება ამ გუნდის ზედიზედ მეორე საგარეო მოგება - პირველად ამ წლის თებერვლის შემდეგ. იმავე Boxing Day-ზე "საუთჰემპტონმა" მოიგო ბოლო 6-დან 5 მატჩი (1 ფრე). ბოლო გამარჯვება განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო - 2015 წელს 4:0 "არსენალთან".
  • "ჩელსი" და "ბრაიტონი" პირველად ხვდებიან ერთმანეთს "სტემფორდ ბრიჯზე" 1989 წლის შემდეგ. ამ გუნდების წინა ოთხივე პრემიერლიგური მატჩი მოქმედმა ჩემპიონმა მოიგო. "ბრაიტონის" ერთადერთი გამარჯვება კი 1933 წლით თარიღდება - 2:1 ასოციაციის თასზე.
  • "ჩელსის" Boxing Day-ზე არ წაუგია ბოლო 12 მატჩი (7 მოგება, 5 ფრე). ბოლო მარცხი იყო 2003 წელს "ჩარლტონთან" - 2:4.
  • "ბრაიტონს" Boxing Day-ზე არ მოუგია ბოლო 8 მატჩი (3 ფრე, 5 წაგება), მას შემდეგ, რაც 2005 წლის 26 დეკემბერს ჩემპიონშიფში "ქუინზა პარკს" სძლია.
  • "ჰადერსფილდს" არ წაუგია "სტოკთან" ბოლო 5 დაპირისპირება (3 მოგება, 2 ფრე). სამაგიეროდ, მთავარ ლიგაში "სტოკს" არ წაუგია "ჰადერსფილდთან" ბოლო 6 მატჩი (1951 წლის ოქტომბრიდან 1972 წლის იანვრამდე), გაუშვა რა ამ მატჩებში მხოლოდ 1 გოლი.
  • "ჰადერსფილდს" Boxing-ზე არ წაუგია ბოლო 6 მატჩი (3 მოგება, 3 ფრე), ბოლო 2 კი ზედიზედ მოიგო.
  • "სტოკმა" Boxing Day-ზე მოიგო ბოლო 6-დან 4 მატჩი (1 ფრე, 1 წაგება), თან მისი უკანასკნელი მსხვერპლი იყო "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2:0 2015 წლის 26 დეკემბერს.
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" "ბარნლისთან" ჩემპიონატის საშინაო მატჩი არ წაუგია 1962 წლის (2:5) შემდეგ.
  • გასულ სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბარნლისთან" საშინაო მატჩში 38-ჯერ დაარტყა კარში, თუმცა თამაში 0:0 დასრულდა.
  • "მანჩესტერ იუნაიტედმა" Boxing Day-ზე 23-დან 19 მატჩი მოიგო, რაც პრემიერლიგის კლუბებს შორის პროცენტულად (83%) საუკეთესო შედეგია.
  • "მანჩესტერ იუნაიტედს" Boxing Day-ზე არ წაუგია ბოლო 16 საშინაო მატჩი 1978 წლის (0:3 "ლივერპულთან") შემდეგ.
  • "ლესტერმა" "უოტფორდს" პრემიერლიგის ბოლო 6 მატჩიდან 4 მოუგო (1 ფრე, 1 წაგება).
  • პრემიერლიგის დღევანდელი გუნდებიდან "უოტფორდი" ერთადერთია, რომელსაც Boxing Day-ზე თამაში არ მოუგია (2 ფრე, 2 წაგება).
  • "ლესტერმა" Boxing Day-ზე 11 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (2 ფრე, 8 წაგება), ხოლო დამარცხდა ზედიზედ სამ შეხვედრაში.
  • "ვესტ ბრომვიჩმა" Boxing Day-ზე წააგო ბოლო 3 მატჩი, "ევერტონს" კი ამავე დღეს არ წაუგია საგარეო მატჩი 2005 წლის შემდეგ (0:4 "ასტონ ვილასთან").
  • "ევერტონს" "ვესტ ბრომვიჩთან" ზედიზედ 3 საგარეო მატჩი აქვს მოგებული. უკეთესი შედეგი (4-4 მოგება) მხოლოდ "მანჩესტერ სიტისა" და "სანდერლენდს" აქვთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. XX ტური
სამშაბათი, 26 დეკემბერი
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 16:30
ბორნმუთი-ვესტჰემი 19:00

ჩელსი-ბრაიტონი 19:00
ჰადერსფილდი-სტოკი 19:00

მანჩესტერ იუნ-ბარნლი 19:00
უოტფორდი-ლესტერი 19:00

ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 19:00
ლივერპული-სუონსი 21:30

ოთხშაბათი, 27 დეკემბერი
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 23:45

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი

კრ. პალასი-არსენალი 23:59

ბომბარდირები: 15 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სერხიო აგუერო
(მანჩესტერ სიტი); 10 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული