ნუ გააკრიტიკებთ ჩემს მოთამაშეებს!..
მშვიდად ყოფნის რა მოგახსენოთ და, საქმე უკვე ისეა, "იუნაიტედს" ლიდერის დევნა კი არა, იმ პოზიციის შენარჩუნებაზე ზრუნვა მოუწევს, საიდანაც პირდაპირ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან.
საზრუნავი და თავსატეხი კი მართლაც ბლომად ექნება ჟოზე მოურინიოს, რადგან "ჩელსი" სტაბილურად იგებს, "ლივერპულმაც" და "ტოტენჰემმაც" ისევ "აკრიფეს" ფორმა და ვერც არასტაბილურ "არსენალს" ჩამოვწერთ ამ ბრძოლაში...
დავუბრუნდეთ "იუნაიტედს". მოურინიომ განგაშის ზარებს მაშინღა შემოჰკრა, როცა სტივენ დეფურმა ბრწყინვალედ შეასრულა საჯარიმო დარტყმა, 30 მეტრიდან ბურთი პირდაპირ "ცხრიანში" დააჭედა და "ბარნლი" ორი ბურთით დააწინაურა.
მოულოდნელად სასტარტოში გამწესებულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ადგილი ჯესი ლინგარდს დაუთმო, ხოლო ერთი მცველის მოხსნით მოურინიომ თავდასხმა მივიწყებული ჰენრიხ მხითარიანითაც გააძლიერა.
რა თქმა უნდა, მეორე ტაიმი მთლიანად "ოლდ ტრაფორდის" პატრონებისა იყო. გამართლებული აღმოჩნდა ლინგარდის გამოყვანა - ამ უკანასკნელმა ქუსლით დააგვირგვინა ეშლი იანგის გასწვრივი პასი და სხვაობა შეამცირა, თუმცა თამაშის გადარჩენას ადგილობრივი პუბლიკა 91-ე წუთამდე ელოდა. და აქ ისევ ლინგარდმა იყოჩაღა, როცა დაახლოებით საჯარიმოს კუთხიდან ბურთი შორეულ კუთხეში ჩასვა - 2:2, რომელმაც, თქვენ წარმოიდგინეთ, "ბარნლიც" კი გაანაწყენა. აშკარაა, მოურინიოს გუნდს წინა ხაზზე ძალა და ფანტაზია აკლია.
"ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, ბევრი იშრომეს, მაგრამ ვერ გაუმკლავდნენ პრობლემებს, რომელიც სახეზეა. რა თქმა უნდა, შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები, ისევე, როგორც "ლესტერთან" წინა ტურში დაკარგული 2 ქულით, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რასაც ბიჭებისგან ვხედავ. ნუ გააკრიტიკებთ ჩემს ფეხბურთელებს", - თქვა მოურინიომ.
ჩემი შენ გითხარიო, სწორედ ამაზეა ნათქვამი - განა, მოურინიო არ იყო, "ლესტერთან" წინა ტურის მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები მიწასთან რომ გაასწორა?! ახლა კი... ანერვიულებულია ჟოზე. ხდება ხოლმე...
იტალიელის ესპანური გამარჯვება
"ჩელსიმ" მშვიდად მოუგო "ბრაიტონს" და მეორეადგილოსან "იუნაიტედთან" სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. ეს იყო იტალიელი ანტონიო კონტეს სუფთა "ესპანური" გამარჯვება - ჯერ ერთი, რომ გოლები ალვარო მორატამ და მარკოს ალონსომ გაიტანეს, ხოლო საგოლე პასებიც მათი თანამემამულეებისა იყო - შესაბამისად, სესარ ასპილიკუეტასა და სესკ ფაბრეგასის შესრულებით.
აიწყვიტეს "ტოტენჰემმა" და "ლივერპულმა". ბრწყინვალე ფორმაშია ჰარი კეინი, რომელმაც ზედიზედ მეორე ჰეთ-თრიკი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში უკვე 3 ბურთით უსწრებს ლივერპულელ მოჰამედ სალაჰს, ვინც "სუონსისთან" მატჩში გოლებისგან "დაისვენა" და მხოლოდ ორი საგოლე პასით დაკმაყოფილდა...
"მამლებში" კი, კეინის გარდა, შესანიშნავი იყო კორეელი ჰიუნგ-მინ სონიც, ვინც გოლს ორი საგოლე პასიც მიაყოლა. გაიტანა და ასისტენტობა გასწია დელე ალიმაც.
დრამატულად განვითარდა მოვლენები "ბორნმუთი"-"ვესტ ჰემის" მატჩში. სტუმრები ალალი 3 ქულით უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ, მაგრამ ბოლო წამებზე მასპინძელმა კალუმ უილსონმა გაიტანა გოლი, რომელიც ერთბაშად ორი მიზეზის გამო არ უნდა ჩათვლილიყო - თამაშგარეშიც იყო და ბურთი ხელზეც მოხვდა (თუ შეაშველა). "ვესტ ჰემის" მწვრთნელმა დევიდ მოიესმა და ფეხბურთელებმა ერთი ამბავი ატეხეს, მაგრამ არბიტრმა ბობ მედლიმ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ გაიმარჯვა "უოტფორდმა", "ლესტერი" კი მეკარე კასპარ შმეიხელმა დაღუპა. სახელგანთქმული მამის ვაჟმა ახლო კუთხეში გაუშვა გოლი და თან ბურთს ხელიც "მიაშველა".
ფაქტები
- ჰარი კეინი ("ტოტენჰემი") გახდა პირველი ფეხბურთელი პრემიერლიგის ისტორიაში, ვინც ერთი კალენდარული წლის (2017) განმავლობაში 6 ჰეთ თრიკი შეასრულა.
- ჰარი კეინმა 2017 წელს ჩატარებულ 36 მატჩში 39 გოლი გაიტანა და გააუმჯობესა ალან შირერის ("ბლექბერნი") 22 წლის წინანდელი მიღწევა - 36 გოლი 42 მატჩში.
- ჰარი კეინმა 2017 წელს ჩატარებულ ყველა (52) მატჩსა და ტურნირში (კლუბი/ნაკრები) 56 ბურთი გაიტანა და 2 გოლით გაუსწრო ლიონელ მესის. ამასთან, კეინი ევროპის ტოპ-ლიგების მასშტაბით უპირველესი მეგოლეცაა.
- "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბარნლი" იყო მე-20 ფაქტი პრემიერლიგაში, როცა ჟოზე მოურინიოს გუნდი 2 ბურთით ჩამორჩა მეტოქეს და მხოლოდ მეორედ მოხდა, რომ პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდმა არ წააგო (0 მოგება, 2 ფრე, 18 მარცხი).
- "ბარნლი" მეორე გუნდია პრემიერლიგაში, რომელმაც ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" 2 გოლი გაუტანა. აქამდე ეს ორჯერ გააკეთა "მანჩესტერ სიტიმ" - 2016 წლის სექტემბერში და ამა წლის დეკემბრის დასაწყისში.
- ჯესი ლინგარდი "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ფეხბურთელია კრის სმოლინგის (2015 წლის სექტემბერში და ისიც "ბარნლისთან" მატჩში) შემდეგ, ვინც შეცვლაზე შესულმა დუბლი შეასრულა.
- "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში 9 გოლი გაიტანეს შეცვლაზე - ყველაზე მეტი, ვიდრე პრემიერლიგის სხვა გუნდების მოთამაშეებმა.
- მიმდინარე სეზონში ევროპის ტოპ-ლიგებში გატანილი გოლების რაოდენობით (75) "ლივერპული" მხოლოდ პსჟ-სა (89) და "მანჩესტერ სიტის" (77) ჩამორჩება.
- ალვარო მორატამ ("ჩელსი") ყველაზე მეტი, 12 თავური გოლი გაიტანა მიმდინარე პრემიერლიგაში.
პრემიერლიგა. XX ტური
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 5:2
გოლები: 1:0 კეინი (22), 2:0 კეინი (39), 3:0 ალი (49), 4:0 სონი (51), 4:1 ბუფალი (64), 5:1 კეინი (67), 5:2 ტადიჩი (82)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, დემბელე (54. სისოკო) - ერიქსენი, ალი (84. უინქსი), სონი (76. ლამელა) - კეინი.
ბორნმუთი-ვესტ ჰემი 3:3
გოლები: 0:1 კოლინზი (7), 1:1 გოსლინგი (29), 2:1 აკე (57), 2:2 არნაუტოვიჩი (81), 2:3 არნაუტოვიჩი (89), 3:3 უილსონი (90+3)
ჩელსი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 მორატა (46), 2:0 ალონსო (60)
ჩელსი (3-5-1-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კეჰილი, რიუდიგერი - მოზესი, ფაბრეგასი, კანტე (85. დრინკუოტერი), ბაკაიოკო, ალონსო - აზარი (73. ვილიანი) - მორატა (82. ბატშუაი).
ჰადერსფილდი-სტოკი 1:1
გოლები: 1:0 ინსი (10), 1:1 ზობი (60)
მანჩესტერ იუნ-ბარნლი 2:2
გოლები: 0:1 ბარნსი (3), 0:2 დეფური (36), 1:2 ლინგარდი (53), 2:2 ლინგარდი (90+1)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - იანგი, ჯოუნსი, როხო (46. მხითარიანი), შოუ - პოგბა, მატიჩი - მატა, იბრაჰიმოვიჩი (46. ლინგარდი), რაშფორდი - ლუკაკუ.
უოტფორდი-ლესტერი 2:1
გოლები: 0:1 მაჰრეზი (37), 1:1 უაგი (45), 2:1 შმეიხელი (65-საკ. კარში)
ლივერპული-სუონსი 5:0
გოლები: 1:0 კოუტინიო (6), 2:0 ფირმინო (52), 3:0 ალექსანდერ-არნოლდი (65), 4:0 ფირმინო (66), 5:0 ოქსლეიდ-ჩემბერლენი (83)
ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, კლავანი, რობერტსონი (75. მილნერი) - ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ჩანი, ვეინალდუმი - სალაჰი (69. ლალანა), კოუტინიო, ფირმინო (68. სოლანკე).
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 0:0
ოთხშაბათი, 27 დეკემბერი
ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი 23:45
ხუთშაბათი, 28 დეკემბერი
კრ. პალასი-არსენალი 23:59
ბომბარდირები: 18 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 15 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 10 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი).
XXI ტური
30 დეკემბერი: ბორნმუთი-ევერტონი, ჩელსი-სტოკი, ჰადერსფილდი-ბარნლი, ლივერპული-ლესტერი, ნიუკასლი-ბრაიტონი, უოტფორდი-სუონსი, მანჩესტერ იუნ-საუთჰემპტონი
31 დეკემბერი: კრ. პალასი-მანჩესტერ სიტი, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი
4 იანვარი: ტოტენჰემი-ვესტ ჰემი
XXII ტური
1-ლი იანვარი: ბრაიტონი-ბორნმუთი, ბარნლი-ლივერპული, ლესტერი-ჰადერსფილდი, სტოკი-ნიუკასლი, ევერტონი-მანჩესტერ იუნ
2 იანვარი: საუთჰემპტონი-კრ. პალასი, სუონსი-ტოტენჰემი, ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი, მანჩესტერ სიტი-უოტფორდი
3 იანვარი: არსენალი-ჩელსი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"