პრემიერლიგა. III ტურის წინ: მოურინიო VS პოჩეტინო

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ახალაღზევებულ "ვულვზთან" სტუმრობით 100-პროცენტიანი სასტარტო შედეგის განვრცობას ეცდება.

მართალია, პეპ გვარდიოლას დანაკლისი აქვს კევინ დე ბრუინის სახით, მაგრამ ამას უნდა შეეგუოს, თან გრძელი და ხარისხიანი სათადარიგო სკამი მას საშუალებას მისცემს, ბელგიელის არყოფნა დიდად არ შეიმჩნიოს.

ეს გუნდები ბოლოს 2017 წლის ოქტომბერში, ინგლისის ლიგის თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. "სიტიმ" პენალტების სერიაში სძლია მეტოქეს, რომელმაც ორი 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა...

"ლივერპულზე" გვარიანი ავანსები გაიცა. ექსპერტთა უმეტესობის შეფასებით, იურგენ კლოპის გუნდი უკვე მზად არის ჩემპიონობისთვის იმ სატრანსფერო პოლიტიკის ფონზე, რაც კლუბმა ამ ზაფხულს
გასწია. "ვესტ ჰემთან" შთამბეჭდავი სტარტის (4:0) შემდეგ, "ლივერპული" ვერ იყო ისეთივე თვალისმომჭრელი "კრისტალ პალასთან" სტუმრობისას, თუმც 2:0 გაიმარჯვა. კლოპი პროგრესს ასე ხედავს - როცა შარშან ლამაზად თამაში არ გამოგვდიოდა, იმ თამაშს ვერც ვიგებდით, ახლა ცუდი თამაშით მოგებაც ვისწავლეთო...

"ლივერპულმა" პირველ ორ მატჩში არც ერთი გოლი არ გაუშვა და ეგებ ეს არის პროგრესის ყველაზე უტყუარი ნიშანი, ან გნებავთ, სწორი სატრანსფერო პოლიტიკის შედეგი. გასულ სეზონში კლოპის ბიჭებმა "ბრაიტონი" ორივე მატჩში აიკლეს - 4:0, 5:1. აბა, ახლა რისი იმედი უნდა ჰქონდეთ "თოლიებს"? ალბათ, იმის, რომ მეორე ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" წააქციეს (3:2) და უხასიათობას არ უჩივიან.

ძალიან საინტერესო უნდა იყოს ლონდონური დერბი "არსენალსა" და "ვესტ ჰემს" შორის. მეტოქენი მატჩს ნულოვანი მარაგით ხვდებიან, რაც თავისთავად მშვენიერი მოტივაციაა. მაგრამ აქ უფრო სხვა ფაქტორები მუშაობს - ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ახალი ცოცხი კი, ეტყობა, ყოველთვის კარგად ვერ გვის. უნაი ემერისაც და მანუელ პელეგრინისაც ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო საიმისოდ, რომ ფეხბურთელები თავიანთ ჭკუაზე მოიყვანონ. ამდენად, ხვალინდელი დერბის პროგნოზირებას აზრი არ აქვს. ისე კი, შეგახსენებთ - გასულ სეზონში "არსენალმა" "ვესტ ჰემს" შინ 4:1 მოუგო.

ჯერჯერობით, "ჩელსიზე" ფრთხილად უნდა ვილაპარაკოთ. მაურიციო სარის გუნდმა ორივე მატჩი კი მოიგო, თუმც თავად მწვრთნელიც აღიარებს, რომ ასეთი თამაშით "სიტისთან" კონკურენცია არ გამოვა. ოღონდ, სარი იმაშიც დარწმუნებულია, რომ "ჩელსის" მომატების რესურსიც აქვს.

ლონდონელები "სენტ ჯეიმს პარკს" სტუმრობენ, სადაც "ნიუკასლმა" პირველ ტურში მაგრად იბრძოლა "ტოტენჰემთან" და ეჭვი არ არის, "ჩელსისაც" დიდ ბრძოლას გაუმართავს. ეგ არის, რომ რაფა ბენიტესს არ ეყოლება მეორე ტურში გაძევებული მცველი ისააკ ჰეიდენი. ესეც გავიხსენოთ ყოველი შემთხვევისთვის - გასული სეზონის ბოლო ტურში "ნიუკასლმა" "ჩელსის" შინ 3:0 სძლია.

და ტურის მთავარი მატჩი: "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ამ წყვილში სტუმარ გუნდს 2014 წლის შემდეგ არ გაუმარჯვია და იმავე წელს იყო მათ შორის ბოლო ფრეც (0:0 ლონდონში). საქმეს ისეთი პირი უჩანს, სტუმრის ამბავში ნავსის გატეხა სავსებით მოსალოდნელია. ჟოზე მოურინიოს სამწყსოში დაძაბული ფონია, "იუნაიტედი" დენთის კასრს წააგავს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აფეთქდეს...

მოურინიოსგან განსხვავებით, მაურისიო პოჩეტინო, რომელიც ასევე უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობის სატრანსფერო პოლიტიკით (თუ ამას "პოლიტიკა" ჰქვია), თავადაც ინარჩუნებს სიმშვიდეს და გუნდშიც ჯანსაღი კლიმატია. ოღონდ, ეგ არის, რომ "ტოტენჰემის" რესურსი ვერც ამჯერად იქნება საკმარისი ჩემპიონობისთვის საბრძოლველად. ოთხეული? ეგ შეიძლება.

და კიდევ ერთი - მოურინიოსა და პოჩეტინოს შორის აქამდე 15 პაექრობა გაიმართა, საიდანაც პორტუგალიელმა 11 მოიგო, არგენტინელის აქტივში 3 გამარჯვებაა, ერთი თამაშიც ფრედ დასრულდა.

ფაქტები
  • "ვულვზთან" გამარჯვების შემთხვევაში, "მანჩესტერ სიტი" გახდება პირველი კლუბი მოქმედს ჩემპიონებს შორის, ვინც 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად შეძლებს სტარტზე ზედიზედ 3 მატჩის მოგებას.
  • 1954/55 წლების სეზონის შემდეგ, "არსენალს" სტარტზე ზედიზედ 3 მატჩი არ წაუგია.
  • 2017/18 წლების სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მიმდინარე კამპანიის მეორე ტურის ჩათვლით, "ბორნმუთმა" 24 ქულა მოაგროვა იმ თამაშებში, რომელსაც თავიდან აგებდა.
  • "ევერტონი" ემზადება იმისთვის, რომ მეოთხე ცდაზე (და პირველად) შეძლოს "ბორნმუთის" სტუმრად დამარცხება.
  • 1956 წლის შემდეგ "ჰადერსფილდი" და "კარდიფი" პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ინგლისური ტოპლიგის ეგიდით.
  • "ჰადერსფილდმა" პრემიერლიგის ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო და გაიტანა 4 გოლი.
  • "ლესტერმა" წააგო ბოლო პრემიერლიგის ბოლო 4 საგარეო მატჩი. უარესი სერია (ზედიზედ 7 მარცხი) "მელიებს" 2014 წელს ჰქონდათ.
  • "ლივერპულს" არ წაუგია პრემიერლიგის ბოლო 22 საშინაო მატჩი.
  • "უოტფორდმა" ჩემპიონატის ბოლო 9 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო, "კრისტალ პალასთან" უკანასკნელ 16 მატჩში კი მხოლოდ 2-ჯერ გაიმარჯვა.
  • "ბარნლის" არ წაუგია ბოლო 10 მატჩი პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან.
  • "ნიუკასლმა" "ჩელსის" პრემიერლიგის ბოლო 5 საშინაო მატჩიდან 4 მოუგო.
  • "მანჩესტერ "იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" პრემიერლიგის ბოლო 26 საშინაო მატჩიდან 21 მოუგო (3 ფრე, 2 მარცხი), ბოლო 4 მატჩში კი "მშრალი" ანგარიშით დაამარცხა.
  • უკანასკნელი ლონდონური კლუბი, ვინც "ოლდ ტრაფორდზე" გამარჯვება მოახერხა, სწორედ "ტოტენჰემია" (2014 წელს).

პრემიერლიგა. III ტური
შაბათი. 25 აგვისტო
ვულვზი-მანჩესტერ სიტი 15:30
არსენალი-ვესტ ჰემი 18:00
ბორნმუთი-ევერტონი 18:00
ჰადერსფილდი-კარდიფი 18:00
საუთჰემპტონი-ლესტერი 18:00
ლივერპული-ბრაიტონი 20:30

კვირა. 26 აგვისტო
უოტფორდი-კრ. პალასი 16:30
ფულჰემი-ბარნლი 19:00
ნიუკასლი-ჩელსი 19:00

ორშაბათი. 27 აგვისტო
მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 23:00

ბომბარდირები: 3 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რიჩარლისონი (ევერტონი); 2 - კალუმ უილსონი (ბორნმუთი), პედრო (ჩელსი), რობერტო პერეირა (უოტფორდი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული