პრემიერლიგა. XVI ტური: ...თურმე "სიტიც" აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" პირველი მატჩი წააგო წლევანდელ პრემიერლიგაში. ლიდერის ძლევა "ჩელსიმ" მოახერხა, რომლის მთავარ მწვრთნელს, მარიციო სარის არასოდეს ჰყავდა დამარცხებული პეპ გვარდიოლა და მატჩის წინ ამბობდა, რომ არ იცის, როგორ მოუგოს ესპანელს.

ეს პირველ ტაიმშიც ჩანდა - ლონდონელებმა საშინლად ითამაშეს, უამრავი მომენტი შეაქმნევინეს მეტოქეს და სასწაულით შეინარჩუნეს საკუთარი კარი "მშრალად". უფრო მეტიც: ბურთის 38 პროცენტის ფლობისა და ერთადერთი ზუსტი დარტყმის მიუხედავად, ტაიმის მოგება შეძლეს - ედენ აზარის ერთადერთმა აჩქარებამ ნ'გოლო კანტეს გოლი მოიტანა.

მეორე ტაიმში "ჩელსიმ" მოუმატა, ერთი-ორჯერ სახიფათოდ დაარტყა და
78-ე წუთზე კუთხურიდან მეორე გოლიც გაიტანა. ბოლოსკენ "სიტიმ" შტურმის მოწყობაც ვერ შეძლო და გამოჩნდა, რომ თურმე გვარდიოლას გუნდიც მოკვდავია.


* * *
"ლივერპულმა" გაანადგურა "ბორნმუთი" - 4:0. ჰეთ-თრიკი შეასრულა მოჰამედ სალაჰმა, რასაც მეტოქის ავტოგოლიც დაემატა. სალაჰმა კლუბის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაიტანა 40 გოლი პრემიერლიგაში. მას ამისთვის 52 მატჩი დასჭირდა (ფერნანდო ტორესს - 60 მატჩი, ლუის სუარესს - 78).

თამაშის შემდეგ დიდსულოვანმა ეგვიპტელმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი მისცა ჯეიმს მილნერს, რომელმაც პრემიერლიგაში მე-500 მატჩი ჩაატარა. "წითლები" სათავეში ჩაუდგნენ გათამაშების ცხრილს და ახლა ერთი ქულით უსწრებენ "სიტის".


* * *
"მანჩესტერ იუნაიტედმა" სეზონში პირველად გაიტანა ოთხი გოლი - დაზარალდა "ფულჰემი". ლონდონური კლუბი უკვე პირველ ტაიმში 0:3-ს აგებდა, მეორეში "გაცოცხლდა", პენალტით სხვაობა შეამცირა, მაგრამ ერთ წუთში სულელური გაძევება მიიღო.

ბოლო 10 წუთში რეშფორდმა, რომელმაც ორი საგოლე პასი შეასრულა, ულამაზესი გოლით დაასრულა მატჩი. კლაუდიო რანიერის "ფულჰემმა" მე-40 გოლი გაუშვა ჩემპიონატში და განწირული ჩანს. რანიერის მორიგი საოცრებისთვის ნახევარი წელი აქვს.


* * *
"არსენალი" 83-ე წუთამდე წვალობდა "ჰადერსფილდთან", სანამ ტორეირამ ვარდნაში არ გაიტანა. ლონდონელები 2007 წლის შემდეგ პირველად, 21 მატჩია არ აგებენ.


ჰეონ-მინ სონმა თავად გაიტანა, ალისაც გაატანინა და "ტოტენჰემმა" 2:0 მოუგო "ლესტერს". "ტოტენჰემს" საკლუბო ისტორიაში საუკეთესო სტარტი აქვს.


ფაქტები
  • ხუან მატამ პრემიერლიგაში 50-ე გოლი გაიტანა. ის მეხუთე ესპანელია ფერნანდო ტორესის, დავიდ სილვას, დიეგო კოშტასა და სესკ ფაბრეგასის შემდეგ, ვინც ამ ზღვარს მიაღწია.
  • ლუკაკუმ შეწყვიტა ოფიციალურ მატჩებში 997-წუთიანი უგოლო სერია.
  • "არსენალს" ყველა ტურნირზე 21-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. ბოლოს ასეთი სერია გუნდს 2007 წელს ჰქონდა - მაშინ გუნდი 28 მატჩი არ მარცხდებოდა.
  • ედენ აზარი რვა შედეგიანი პასით ლიგის ლიდერია.
  • დელე ალიმ 50-ე გოლი გაიტანა "ტოტენჰემის" შემადგენლობაში.
  • პეპ გვარდიოლამ მესამედ წააგო პრემიერლიგაში "ჩელსისთან". ესპანელი მწვრთნელი ინგლისში ყველაზე ხშირად "არისტოკრატებთან" აგებს.
  • "არსენალისა" და "ჰადერსფილდის" მატჩში მხოლოდ ორი ზუსტი დარტყმა იყო.
  • სესარ ასპილიკუეტამ "ჩელსის" შემადგენლობაში 300 მატჩი ჩაატარა.
  • "ვესტ ჰემის" ფორვარდ ხავიერ ერნანდესს ინგლისის ჩემპიონატში 49 გოლი აქვს გატანილი და ყველა - მეტოქის საჯარიმოდან დარტყმით.

პრემიერლიგა. XVI ტური
ბორნმუთი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 სალაჰი (25), 0:2 სალაჰი (48), 0:3 კუკი (68-საკ. კარში), 0:4 სალაჰი (77)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - მილნერი, მატიპი, ვან დაიკი, რობერტსონი - კეიტა (65. ლალანა), ფაბინიო, ვეინალდუმი - შაჩირი (65. მანე), ფირმინო (81. ჰენდერსონი), სალაჰი.

არსენალი-ჰადერსფილდი 1:0
გოლი: 1:0 ტორეირა (83)
არსენალი (3-4-1-2): ლენო - ლიხტშტაინერი (46. მხითარიანი), მუსტაფი (66. ნაჩო მონრეალი), პაპასტატოპულოსი - ბელერინი, ტორეირა, ჯაკა, კოლაშინაცი - გენდუზი - ლაკაზეტი (46. ივობი), ობამეიანგი.

ბარნლი-ბრაიტონი 1:0
გოლი: 1:0 ტარკოვსკი (40)

მანჩესტერ იუნ-ფულჰემი 4:1
გოლები: 1:0 იანგი (13), 2:0 მატა (28), 3:0 ლუკაკუ (42), 3:1 კამარა (67-პენ), 4:1 რაშფორდი (82)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - დალოტი, ჯოუნსი, სმოლინგი (58. როხო), იანგი - მატიჩი, ერერა - რაშფორდი (84. მაკტომინი), მატა, ლინგარდი (73. ფრედი) - ლუკაკუ.

კარდიფი-საუთჰემპტონი 1:0
გოლი: 1:0 პეტერსონი (74)

ვესტ ჰემი-კრ. პალასი 3:2
გოლები: 0:1 მაკარტური (6), 1:1 სნოდგრასი (48), 2:1 ხავიერ ერნანდესი (62), 3:1 ფელიპე ანდერსონი (65), 3:2 შლუპი (76)

ჩელსი-მანჩესტერ სიტი 2:0
გოლები: 1:0 კანტე (45), 2:0 დავიდ ლუიზი (78)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (65. ბარკლი) - პედრო, ვილიანი (75. ლოფტუს-ჩიკი), აზარი (90. ჟირუ).
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა (68. გიუნდოგანი) - მაჰრეზი (84. ფოდენი), სანე (53. გაბრიელ ჟეზუში), სტერლინგი.

ლესტერი-ტოტენჰემი 0:2
გოლები: 0:1 სონი (45+1), 0:2 ალი (58)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე (78. უოლკერ-პიტერსი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - დაიერი, უინქსი - სისოკო, ალი, სონი (74. კეინი) - ლუკას მოურა (67. ერიკსენი).

ნიუკასლი-ვულვზი 1:2
გოლები: 0:1 ჟოტა (17), 1:1 პერესი (23), 1:2 დოჰერტი (90+4)
გაძევება: იედლინი (57. ნიუკასლი)

ორშაბათი, 10 დეკემბერი
ევერტონი-უოტფორდი 23:59

ბომბარდირები: 10 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 9 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 8 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), გლენ მარეი (ბრაიტონი), კალუმ უილსონი (ბორნმუთი).

მომდევნო ტური
15 დეკემბერი: მანჩესტერ სიტი-ევერტონი, კრისტალ პალასი-ლესტერი, ჰადერსფილდი-ნიუკასლი, ტოტენჰემი-ბარნლი, უოტფორდი-კარდიფი, ვულვზი-ბორნმუთი, ფულჰემი-ვესტ ჰემი
16 დეკემბერი: ბრაიტონი-ჩელსი, საუთჰემპტონი-არსენალი, ლივერპული-მანჩესტერ იუნაიტედი

გიორგი თვალია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული