პრემიერლიგა. XXVI ტურის წინ: გვარდიოლა სარის წინააღმდეგ

AutoSharing Option
ოლე გუნარ სულშერი დაუმარცხებელუია მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა.

ნორვეგიელს წარმატებული სერიის გაგრძელების მშვენიერი შანსი აქვს. მისი გაწვრთნილი გუნდი "ფულჰემს" ეთამაშება. "ქოთიჯელები" კარგად არიან დაკომპლექტებული, მაგრამ ძალიან ცუდად თამაშობენ და შეძლებს თუ არა კლაუდიო რანიერი გუნდის გადარჩენას, ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"არსენალი" ეთამაშება ლამის წყალწაღებულ "ჰადერსფილდს". რა თქმა უნდა, უნაი ემერის მიერ გაწვრთნილი გუნდი ფავორიტია, მაგრამ სხვა შედეგიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან "მეთოფეთა" დაცვის ხაზში ტრავმების ეპიდემიაა. სოკრატის პაპასტატოპულოსსა და ექტორ ბელერინს ნამდვილად ვერ ვიხილავთ მინდორზე და არც
სხვა მცველების ჯანმრთელობის მდგომარეობაა სახარბიელო.
ჩემპიონატის ლიდერი "ლივერპული" "ბორნმუთთან" შეხვედრაში უდავო ფავორიტი გვგონია. გასაგებია, რომ მერსისაიდელები ახლა სულაც არ არიან იდეალურ ფორმში, მაგრამ "ბორნმუთი" კარგად ვერ იცავს თავს და ბედს სულ შეტევაში ეძებს. ასეთ "გახსნილ " გუნდთან კი იურგენ კლოპის კრებულს შედარებით უნდა გაუადვილდეს თამაში.

ტრავმებით დაღდასმული "ტოტენჰემი" "ლესტერს" დაუხვდება. ლონდონელებს მოგება სჭირდებათ, თუმცა ეს იოლი არ იქნება. "მელიები" ლიდერების რისხვად იქცნენ, "დეზებს" კი ამ დროს ჰარი კეინი და დელე ალი აკლიათ - მთავარი ხალხი შეტევის ხაზში.

ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "მანჩესტერ სიტი" უპირობო ფავორიტად ითვლება "ჩელსისთან" დაპირისპირებაში - ასეთია უმეტესობის აზრი. "ჩელსის" ჰქონდა და, შეიძლება, ახლაც აქვს კრიზისული პერიოდი (ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედებს გუნდის საერთო განწყობაზე 5:0 აუტსაიდერ "ჰადერსფილდთან") პერიოდი, მაგრამ არ გვგონია, რომ ამ გუნდებს შორის კლასში დიდი სხვაობაა.

"მანჩესტერ სიტი", რომელმაც გუშინწინ, 27-ე ტურის გადმოტანილ მატჩში (ლიგის თასის ფინალის გამო), "ევერტონს" სტუმრად 2:0 მოუგო, დაუბრუნდა საჩემპიონო რბოლას, რომელსაც, თითქოს, ჩამოსცილდა მას მერე, რაც "ლივერპული" ერთი ხანობა 7 ქულით გაიჭრა წინ...

მაგრამ, როცა საქმე გვაქვს მაღალი კლასის გუნდებთან, 7-ქულიანი ჩამორჩენა კატასტროფა ნამდვილად არ არის. რაც უფრო მოახლოვდება პირველობის ფინიში, მით უფრო გაიზრდება წნეხი და ეს, მეტ-ნაკლებად, ყველა გუნდზე იმოქმედებს.

უკან ვერც "ჩელსი" დაიხევს. შემდგომი შესაძლო დანაკარგები "არისტოკრატებს" ოთხეულში მოხვედრის შანსებს შეუმცირებს. ასე რომ, ნამდვილად დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია პეპ გვარდიოლასა და მაურიციო სარის დუელი - ორი ძალიან თვითმყოფადი და მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფიის მადიდებელი სპეციალისტის დაპირისპირება. ასე რომ, "მანჩესტერ სიტი"-"ჩელსის" ინტრიგა ყოველმხრივ გარანტირებული აქვს.

ბოლო ურთიერთშეხვედრებიც გავიხსენოთ. ამ სეზონში "ჩელსიმ" შინ 2:0 მოუგო "სიტის", ხოლო მანამდე, აგვისტოში, ამავე ანგარიშით სუპერთასზე დამარცხდა. თებერვლის ბოლოს კი ისინი ლიგის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

ფაქტები
  • "ფულჰემსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ლივერპულმა" ზედიზედ 3 თამაში მოუგო "ბორნმუთს".
  • "კრისტალ პალასსა" და "ვესტ ჰემს" შორის უკანასკნელ სამ დაპირისპირებაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • "ჰადერსფილდსა" და "არსენალს" შორის ბოლო 3 მატჩში ორივეს არ გაუტანია.
  • "კარდიფმა" უკანასკნელ 3 შეხვედრაში სძლია "საუთჰემპტონს".
  • "ბრაიტონსა" და "ბარნლის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.
  • "ტოტენჰემმა" ბოლო 2 თამაშში აჯობა "ლესტერს".
  • "მანჩესტერ სიტისა" და "ჩელსის" შორის ბოლო 4 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია.

პრემიერლიგა. XXVI ტური
შაბათი, 9 თებერვალი
ფულჰემი-მანჩესტერ იუნ 16:30
კრ. პალასი-ვესტ ჰემი 19:00
ჰადერსფილდი-არსენალი 19:00
ლივერპული-ბორნმუთი 19:00
საუთჰემპტონი-კარდიფი 19:00
უოტფორდი-ევერტონი 19:00
ბრაიტონი-ბარნლი 21:30

კვირა, 10 თებერვალი
ტოტენჰემი-ლესტერი 17:30
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 20:00

ორშაბათი, 11 თებერვალი
ვულვზი-ნიუკასლი 23:59

ბომბარდირები: 16 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 15 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი); 14 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 12 - ედენ აზარი (ჩელსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული