"მანჩესტერ იუნაიტედის" 9 დამამცირებელი ანტირეკორდი - პრობლემა მწვრთნელშია თუ ფეხბურთელებში?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოლე გუნარ სოლკსკიაერთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბი პირდაპირ უფსკრულისკენ მიექანება: უშანსოდ გამოვარდნა ჩემპიონთა ლიგიდან "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში, პრემიერლიგაში ბოლო 5 მატჩიდან 3-ში დამარცხება და რეალური საფრთხე, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდება.

"გუდისონ პარკზე" გამართულმა შეხვედრამ აჩვენა, რომ "ეშმაკებს" გაცილებით ბევრი პრობლემა აქვთ, ვიდრე ჩანდა.

1. სიმწარე - სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად გაუშვა 4 გოლი ინგლისის პრემიერლიგაში.

2. საშინელება - სოლსკიაერის ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად ვერ დაარტყა კარში ზუსტად.

3. სირცხვილი - ზედიზედ სამი მარცხი პრემიერლიგის გასვლით
თამაშებში - ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის"  ისტორიაში 1996 წლის იანვარში მოხდა.

4. თავის მოჭრა - პრემიერლიგაში გაშვებული 48 გოლი - ყველაზე ცუდი შედეგი კლუბის ისტორიაში.

5. არეულობა - 5 მარცხი ზედიზედ გასვლაზე ყველა ტურნირში. ასეთი რამ ფერგიუსონის დანიშვნამდე იყო.

6. კოშმარი  - ბოლო 17 წელიწადში ზედიზედ ორ მატჩში 3 და მეტი ბურთი "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად გაუშვა.

7. შერცხვენა - 2014 წლის შემდეგ პირველად გაუშვეს 4 გოლი ტოპ 6-ის გარეთ მყოფი გუნდისგან.

8. სიქაჯე - 2019 წელს საჯარიმო დარტყმებიდან დე ხეამ 8 გოლი გაუშვა, ლიგის ყველაზე ცუდ შედეგამდე 1 გოლია დარჩენილი.

9. ჯოჯოხეთი - "მანჩესტერ იუნაიტედი" ზედიზედ 11 მატჩია მოედანს გაშვებული გოლის გარეშე არ ტოვებს. მსგავსი რამ ბოლოს 1998 წელს მოხდა.

ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ "მანჩესტერის" ფანები დიდ პროტესტს არ გამოხატავენ მთავარი მწვრთნელის მიმართ, არც ფანები და არც "მანჩესტერის" ლეგენდები, არავინ არ საუბრობს იმაზე, რომ სოლსკიაერი ცუდი მწვრთნელია, ყველა ფეხბურთელებს აკრიტიკებს.

მაგალითად, გარი ნევილი Sky Sport-თან აღშფოთებას ვერ მალავდა:

"საშინლად გაბრაზებული ვარ, გულწრფელად რომ გითხრათ. ბევრჯერ მითქვამს სხვადასხვა კლუბთან დაკავშირებით, რომ როცა შენს ეზოში სარეველები იზრდება, უნდა ადგე და ისინი თავიდან მოიშორო.

Sportall.Ge

თავიდან ფანებს ესმოდათ ჟოზე მოურინიოსი, მაგრამ ბოლოს მის გაშვებას მოითხოვდნენ. ახლა ასე არ მოხდება, გულშემატკივრები სოლსკიაერს უჭერენ მხარს.

გუშინ "მანჩესტერ სიტის" თამაში ვნახე. ისინი იქ არიან, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედს" სურს იყოს, ანუ პრემიერლიგის სათავეში "ლივერპულის" გვერდით - ბერნარდო სილვა, რაჰიმ სტერლინგი, კევინ დე ბრუინი, დავიდ სილვა. ისინი გაცილებით უფრო კარგი ფეხბურთელები არიან, ვიდრე "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელში მყოფები და მათზე ორჯერ მეტს მუშაობენ.

"ევერტონმა" მათზე 4 კილომეტრით მეტი ირბინა. წარმოგიდგენიათ? "ევერტონმა"! ან "ლივერპულს" შეხედეთ, მოედანზე თითოეული ინჩისთვის იბრძვიან.

ჩვენ დავემშვიდობეთ ჟოზე მოურინიოს. იყო საუბარი იმაზე, რომ ის ცუდი მწვრთნელია. გესმით, ჟოზე მოურინიო, ბოლო 20 წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელი და იცით, რა მოხდა? მან ამ ფეხბურთელების რწმენა დაკარგა"- თქვა "მანჩესტერის" ლეგენდამ.

ლივერპულელმა ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველაზე ცუდი თამაში იყო, რაც მან Sky Sport-ზე დაიწყო მუშაობა.

Sportall.Ge

თვითონ სოლსკიაერიც არ იყო მშვიდად, თუმცა მაინც თავს იკავებდა:

"თუ ამ კლუბში თამაში გინდა, ეს რაღაცაზე უფრო მეტს უნდა ნიშნავდეს შენთვის. მე ისეთი გუნდი მინდა, რომელიც ყველაზე მეტს იშრომებს პრემიერლიგაში; ზუსტად ისეთი, როგორიც ფერგიუსონის მწვრთნელობისას ვიყავით; ისეთი როგორებიც, ზოგადად, ვართ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერი ხარ, მაინც ბევრი უნდა ირბინო. ვიცი, რომ კარგ ფორმაში არ ვართ, მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ, როგორც გუნდი. ერთი ხელის მოსმით მთელ შემადგენლობას ვერ შეცვლი.

მე ვაპირებ, ვიყო წარმატებული აქ, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელი ამ წარმატებული გუნდის ნაწილი არ იქნება, ბევრიც კი."

Sportall.Ge

კითხვაზე, განიცდინენ თუ არა ასეთი შედეგს ფეხბურთელები, სოლსკიაერმა უპასუხა:

"არ ვიცი. თუმცა მათ უნდა ჰკითხოთ. მე დავსვი ეგ შეკითხვა, თუმცა თქვენ ჩემგან პასუხს ვერ მიიღებთ" - თქვა ნორვეგიელმა.

ფეხბურთელებიდან ნემანია მატიჩის კომენტარი გავრცელდა, რომელიც საკუთარ თავს ადანაშაულებს ყველაფერში:

"ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი. პირველ რიგში - ჩვენმა მიდგომამ. ვთვლი, რომ ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელებმა, მათ შორის, მეც, დღეს კარგად არ ვითამაშეთ. ასე რომ, ახალგაზრდებს არაფერი არ უნდა დავაბრალოთ.

ყველაზე დიდი პრობლემა მე ვიყავი. ასეთ მატჩებში მოედნის ცენტრი უნდა მოიგო და ამის შემდეგ ათამაშდება გუნდი უკეთესად. ჩვენ ეს ვერ შევძელით" - თქვა სერბმა.

Sportall.Ge

"ჩვენ მცირე შეხვედრა გვქონდა. ვეცდებით, უკეთესად ვითამაშოთ შემდეგ მატჩებში. წინ დიდი თამაში გველის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ.

შეხვედრაზე ნათქვამს გარეთ არ გამოვიტან, თუმცა ვთვლი, რომ კარგი შეხვედრა იყო" - დასძინა ნემანია მატიჩმა.

როგორც უნდა იყოს, "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ცუდი შედეგები აქვს, ძალიან ცუდ ფეხბურთს თამაშობენ ბოლო დროს და ვნახოთ, მოახერხებს თუ არა სოლსკიაერი გუნდის ხასიათის შეცვლას, რისი იმედიც არც მას აქვს.

alt"ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედს" შავი დღე აყარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
დროზე გაყიდეთ პოგბა და გასახდელის ლიდერები.
ზვიადი
00:10 23-04-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული