ცნობილი გახდა იმ ინციდენტის დეტალები, რომლის შედეგადაც "მანჩესტერ სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს 1 შეხვედრით ჩამოსცილდა.
Sky Sports-ის ინფორმაციით, ჩხუბი ნაკრების შეკრების პირველივე დღეს მოხდა. სტერლინგი იმ ოთახში შევიდა, სადაც გომესი და სხვა ფეხბურთელები ისხდნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ. რაჰიმი ჯოს მიუბრუნდა და უთხრა: "ფიქრობ, რომ უკვე დიდი ბიჭი ხარ, ხომ?"
ფეხბურთელებმა თავიდან ჩათვალეს, რომ სტერლინგი ხუმრობდა და საპასუხოდ გაიცინეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "სიტის" შემტევი სრულიად სერიოზული იყო. ის მიუახლოვდა ჯოს და ყელში სწვდა. გომესმაც აგრესიითვე უპასუხა და ბოლოს,
თანაგუნდელებმა ფეხბურთელები გააშველეს.
აღსანიშნავია, რომ ამ ინციდენტის შემდეგ სტერლინგმა გომესს ბოდიში მოუხადა. მოგვიანებით, "ლივერპულის" მცველმა საუთგეითს სთხოვა, არ გაეშვა სტერლინგი ნაკრებიდან, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.