ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გარეთ საუთგეითის ინიციატივით, ეროვნულ გუნდს დროებით "მანჩესტერ სიტის" შემტევ რაჰიმ სტერლინგს ჩამოაცილებენ, რისი მიზეზიც "ლივერპულის" მცველ ჯო გომესთან მომხდარი კონფლიქტი გახდა.
სტერლინგმა "ლივერპულთან" გამართული მატჩის ბოლოს ნერვები ვერ მოთოკა და, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ჯო გომესს გაეჭიმა. გომესმა ხელის კვრით მოიშორა თანამემამულე, თუმცა სტერლინგი არ დაწყნარდა. "სიტის" 7-იანმა გომესთან საქმის გარჩევა თამაშის დასრულების შემდეგაც სცადა ნაკრების შეკრების დროს და მართალია, მერე ბოდიში მოიხადა, თუმცა ნაკრებიდან მაინც მოკვეთეს.
გარეთ საუთგეითმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას მხარი ნაკრების მთელმა
შემადგენლობამ დაუჭირა და მათ არ სჭირდებათ კლუბური ცხოვრებიდან ნაკრებში კონფლიქტების გადმოტანა.
ისე, საინტერესო იქნებოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა საუთგეითი, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი რომ ყოფილიყო იმ პერიოდში, როცა "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელები "ელ კლასიკოში" დროის დიდ ნაწილს ჩხუბში ატარებდნენ.
საინტერესოა რაჰიმ სტერლინგის ტრანსფორმაცია მოჩხუბარ ბიჭად. არადა, კარგად გვახსოვს 2014 წლის მსოფლიო თასის წინ გამართული შეხვედრა ინგლისისა და ეკვადორის ნაკრებ გუნდებს შორის, როცა ეკვადორელთა კაპიტანმა ანტონიო ვალენსიამ ჯერ კისრით დაიჭირა სტერლინგი, შემდეგ სახეში გაარტყა, თუმცა სტერლინგის რეაქცია მაშინ სრულიად განსხვავებული იყო.