რაც უნდა ტრაგიკული იყოს "ლივერპულისა" და მისი გულშემატკივრებისათვის, პრემიერლიგის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში მერსისაიდული გუნდი ინგლისის ჩემპიონი ვერ გახდება.
როგორც Sky Sports-ს ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა განუცხადა, "სიტუაცია თვეებით გაიწელება, მომდევნო სეზონის დაწყებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, 75%-ით დარწმუნებული ვარ, სეზონი ვეღარ დასრულდება."
აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგის რეგლამენტში არაფერი წერია ჩემპიონატის ნაადრევად დასრულების შესახებ. ამიტომ კლუბებს კონსესუსამდე მისვლა მოუწევთ.
პრემიერლიგის ცხრილში ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე მყოფი გუნდის ხელმძღვანელი The Telegraph-ს ინგლისის ჩემპიონატის დასრულების სავარაუდო 4 სცენარზე ესაუბრა.
პირველი ვერსია (ყველაზე რეალური ვარიანტი)
- დეკემბერში გამოცხადდება პაუზა და ამ პერიოდში ჩატარდება ევროპის ჩემპიონატი.
- მომავალი სეზონი ჩვეულებრივად ჩაივლის, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს ჩატარდება (ამ შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტია უეფასა და ფიფას შორის, რადგან ეს უკანასკნელი 2021 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას გეგმავს).
მეორე ვერსია (საკმაოდ რეალური)
ინგლისის პრემიერლიგა 4 აპრილს განახლდება და გუნდები შეხვედრებს მაყურებლის გარეშე, მკაცრი შემოწმების შემდეგ ჩაატარებენ. გამოტოვებული ტურებისთვის სხვადასხვა დღე გამოინახება, შეხვედრები კი კალენდრის მიხედვით გაიმართება.
მესამე ვერსია
პრემიერლიგა სრულდება, "ლივერპული" ხდება ჩემპიონი და ლიგიდან არცერთი კლუბი არ ვარდება. 29 ტურის შედეგებით გავარდნა-დარჩენის საკითხის გადაჭრა რთულია.
ამასთანავე, ჩემპიონშიფში არის ორი კლუბი, რომლებიც ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ - "ლიდსი" და "ვესტ ბრომვიჩი". მათი იქ დატოვება არასამართლიანია.
აქედან გამომდინარე, კლუბებმა ლიგას შესთავაზეს ვარიანტი, რომლის თანახმადაც, 1 სეზონი 22 კლუბით ჩატარდეს და წლის ბოლოს 3-ის ნაცვლად, 5 გუნდი გავარდეს.
მეოთხე ვერსია
ინგლისის პრემიერლიგის სეზონი შემოდგომაზე დასრულდება, მომავალი ორი სეზონი კი კალენდარული წლის მიხედვით ჩატარდება ან მიმდინარე სეზონი გაუქმებულად გამოცხადდება.
უკანასკნელი მოთხოვნა პირდაპირ დააყენა პრემიერლიგის ორმა კლუბმა - "ვესტ ჰემმა" და "ტოტენჰემმა". ბუნებრივია, ამ კლუბების შედეგებიდან გამომდინარე, მათ სეზონის გაუქმება ყველაზე მეტად აწყობთ.
თუმცა, ამ შემთხვევაში როგორ უნდა გაირკვეს, ვინ ითამაშებს უეფას ევროტურნირებზე? მოკლედ, ყველაფერი ძალიან რთულადაა.
მომზადებულია sports-ის მიხედვით