ლივერპულის მენეჯმენტის სკოლამ ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების სია შეადგინა.
როგორც აღმოჩნდა, კვლევის პირველადგილოსანი "ტოტენჰემ ჰოთსპურია", ის 2.5 მილიარდ ფუნტზე ძვირი ღირს. მეორე ადგილზე "მანჩესტერ სიტი" 2.2 მილიარდი ფუნტით შეფასდა. მას მოჰყვება "მანჩესტერ იუნაიტედი" 2.1 მილიარდით.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ სამმა კლუბმა შეძლო 2 მილიარდი ფუნტის გადაჭარბება. ყველაზე იაფი გუნდი "ბორნმუთია", რომელიც 99 მილიონ ფუნტად შეფასდა.
"ტოტენჰემის" პირველობა გონივრულმა მენეჯმენტმა განაპირობა. გასულ წელს ისინი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე გავიდნენ, ადგილობრივ ჩემპიონატში კი მე-4 ადგილს დასჯერდნენ. გარდა ამისა, "დეზების" სახელფასო უწყისი
100-150 მილიონით ნაკლებია, ვიდრე პრემიერლიგის ყველაზე ძვირად ღირებული ექვსეულის." - აცხადებს კირან მაგუაიარი, რომელიც კვლევის მენეჯერი იყო.
"ტოტენჰემის" მოგება გასულ წელს 24%-ით გაიზარდა. კლუბი ხელფასებზე ბიუჯეტის 39%-ს ხარჯავს. შედარებისთვის, "ლესტერის" ხელფასებზე ბიუჯეტის 84% იხარჯება.
ყველაზე ძვირად ღირებული კლუბების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
1. "ტოტენჰემი" - 2.5 მილიარდი ფუნტი
2. "მანჩესტერ სიტი" - 2.2 მილიარდი ფუნტი
3. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 2.1 მილიარდი ფუნტი
4. "ლივერპული" - 1.5 მილიარდი ფუნტი
5. "არსენალი" - 1.3 მილიარდი ფუნტი
6. "ჩელსი" - 1.2 მილიარდი ფუნტი
7. "ვულვერჰემპტონი" - 458 მილიონი ფუნტი
8. "ნიუკასლი" - 387 მილიონი ფუნტი
9. "ბერნლი" - 350 მილიონი ფუნტი
10. "ლესტერი" - 304 მილიონი ფუნტი