საუკეთესო ვიდეო, რაც ფეხბურთის შესახებ შეიძლება ნახოთ - ინგლისის ფეხბურთის ლეგენდის ემოციური ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
იან რაითი 90-იანების ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია - "არსენალის" ლეგენდამ პრემიერლიგაში 113 გოლი გაიტანა; თამაშებისა და გოლების ოდენობის შეფარდებით ისეთ ფორვარდებზე მაღლა დგას, როგორებიც დიდიე დროგბა, უეინ რუნი, რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი, რობინ ვან პერსი და სხვები არიან. ამ სტატიაში მოთხრობილი ამბავი კი იანს თავს 2005 წელს გადახდა.

რაითი წარმოშობით იამაიკელი გახლავთ, ლონდონში კი მძიმე პირობებში იზრდებოდა. მამამ მიატოვა, დედა ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და როგორც თვითონ ამბობს, მშობლებისაგან 1 თბილი სიტყვაც არ ახსოვს. თავდამსხმელის ცხოვრებაში უდიდესი როლი ფიზიკური აღზრდის
მასწავლებელმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა პილოტმა სიდნი პიგდენმა ითამაშა. როგორც იანი ამბობს, სწორედ მისტერ პიგდენი იყო პირველი მამაკაცი მის ცხოვრებაში, რომელმაც მასზე დადებითი გავლენა იქონია.

2005 წელს კი მოსწავლე და მასწავლებელი ერთმანეთს "ჰაიბერიზე" შეხვდნენ - რაითი ძველ ამბავზე იცინოდა, მასწავლებლის დანახვაზე კი სახე შეეცვალა... იქამდე კი სიდნი ამბობდა, რომ იანი 24 წელია არ უნახავს და ალბათ, ვეღარ მიცნობსო.

პიგდენი: "გამარჯობა, იან. დიდი ხანი გავიდა, ჩვენ კი ერთმანეთი არ გვინახავს."

გაოცებულმა იანმა მაშინვე ქუდი მოიხადა: "მისტერ პიგდენ! თქვენ ცოცხალი ბრძანდებით?"

პიგდენი: "ხედავთ, ცოცხალი თუ ხარო, მეკითხება?!" სიდნიმ ღიმილით შეხედა მოსწავლეს და ჰკითხა: "როგორ ხარ, აბა?"

რაითმა კი ტირილნარევი ხმით უპასუხა: "არც კი მჯერა. ვიღაცამ მითხრა, რომ ცოცხალი აღარ იყავით..." და ატირდა...

პიგდენი: "როგორც ხედავ, ძალიან მომთმენი ვარ და ძალიან მიხარია, რომ საკუთარი ცხოვრება ასე კარგად წარმართე."

ატირებული იანი კი მასწავლებელს ჩაეხუტა და ამბობდა: "არ ვიცი, რა ვთქვა, ვერ ვიჯერებ".


სიდნი პიგდენი 1922 წელს დაიბადა და 2017 წელს გარდაიცვალა. მეორე მსოფლიო ომში პილოტი იყო და ნაცისტ-ფაშისტების წინააღმდეგ იბრძოდა. ომის დასრულების შემდეგ საზეიმოდ ბუკინგემის სასახლეს სწორედ მან გადაუფრინა. მასწავლებელი ამბობდა, რომ იანის წარმატება მისთვის უფრო საამაყო იყო, ვიდრე ის ფაქტი, რომ დედოფალმა საზეიმო გადაფრენისთვის აირჩია.

იანი იხსენებდა, რომ სიდნი პიგდენი პირველი ადამიანი იყო მის ცხოვრებაში, რომელმაც აგრძნობინა, რომ რაითის ცხოვრებას ფასი ჰქონდა. მასწავლებელი ფეხბურთის მომავალ ვარსკვლავს სულ გვერდში ედგა და ცხოვრების გზის გაკვალვაში დაეხმარა.

ახლა თარნემის აკადემიის ეზოში, იქ, სადაც მისტერ პიგდენი და იან რაითი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, მასწავლებლის მოსაგონრად სპეციალური დაფაა. ყოფილი ფეხბურთელი კი აკადემიას ფინანსურად ეხმარება, რათა სკოლამ შეძლოს და დაიქირაოს სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც მოსწავლეებს სირთულეების გადალახვაში დაეხმარებიან, ისე, როგორც ერთ დროს მისტერ პიგდენი იანს დაეხმარა.



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 6 /
მასწავლებლის დანახვაზე ეგრევე რომ ქუდი მოიხადა, მარტო მაგის გამო გამიჩნდა პატივისცემა იან რაითის მიმართ! კარგი ფეხბურთელი იყო და წესიერი კაცი ყოფილა!
გულშემატკივარი
17:02 18-02-2022
0
ძალიან სასიამოვნო და ამაღელვებელი ისტორიაა,მაგრამ ბაკინგემი,ადრე ბუკინჰემად იწერებოდა ქართულ თარგმანში.იმედი მაქვს,იმგლისელები ისევ ინგლისურად ლაპარაკობენ და მხოლოდ ქართველები უგულებელყოფენ, უკვე დამკვიდრებულ ფორმებს.2003 წლიდან ხომ ახალი წელთაღრიცხვა დაიწყო საქართველოში და ძველი ყველაფერი ჩაირეცხა.
სოსო
18:08 18-02-2022
12

სიახლეები პოპულარული