ინგლისის პრემიერლიგაში 33-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრები გაიმართა.
"ევერტონმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა, 3:2 დაამარცხა და უმაღლეს ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა.
მატჩი მეტად დრამატული გამოდგა. სტუმრები ჯან-ფილიპ მატეტამ 21-ე წუთზე დააწინაურა. 36-ე წუთზე ჯორდან აიუმ სხვაობა ორბურთიანი გახადა.
მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე, მაიკლ კინიმ ერთი ბურთი გაქვითა, 75-ე წუთზე რიჩარლისონმა წონასწორობა აღადგინა, გამარჯვების გოლი კი 85-ე წუთზე კი დომინიკ კალვერტ-ლევინმა გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ "კანფეტების" გულშემატკივრები "გუდისონ პარკის" მოედანზე შეცვივდნენ და უმაღლეს დივიზიონში დარჩენა ფეხბურთელებთან ერთად აღნიშნეს.
რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, "ევერტონს" 39 ქულა აქვს, 22 მაისს კი ბოლო ტურის შეხვედრას სტუმრად "არსენალთან" ჩაატარებს.
"კრისტალ პალასი" 45 ქულით მე-13 ადგილს იკავებს, იმავე 22 მაისს "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს.
სხვა მატჩები:
"ასტონ ვილა" - "ბარნლი" - 1:1
"ჩელსი" - "ლესტერი" - 1:1