ტრანსფერის მოლოდინი: რევოლუციური შენაძენი "ფიორენტინასთვის"!

AutoSharing Option
"ფიორენტინამ" თურქეთის ნაკრებისა და "დორტმუნდის" ნიჭიერი გარემარბი ემრე მორი დაიბევა, ვისაც მინდვრის ცენტრშიც წარმატებით შეუძლია გარჯა.

საინტერესოა, რომ მორს არ უთამაშია "დორტმუნდის" მიერ გამართულ ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში. როცა გერმანული კლუბის სპორტულ დირექტორ მიხაელ ცორკს მიზეზი ჰკითხეს, მან დუმილი არჩია. მორის სანაცვლოდ "იები" 15 მილიონ ევროს გადაიხდიან. კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

ისიც ვთქვათ, რომ 20 წლის მორი ფეხბურთელად დანიაში ჩამოყალიბდა, თუმცა სანაკრებო ასპარეზად თურქეთი აირჩია. მის შესახებ კომენტარი გააკეთა თურქეთის ნაკრების, "ფიორენტინასა" და "მილანის" ყოფილმა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა. სწორედ მან აღმოაჩინა
პირველად მორი დანიაში და ყველასთვის უცნობი თინეიჯერი ევროპის ჩემპიონატზეც წაიყვანა.

"ჩემი აზრით, "ფიორენტინასთვის" ეს იქნება რევოლუციური შენაძენი. თავის დროზე მორი სწორედ მე აღმოვაჩინე და პირდაპირ ვიტყვი - ამით ძალიან ვამაყობ! მისით რამდენიმე ნაკრები იყო დაინტერესებული, თუმცა მან თურქეთის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. ის ჩვენი და ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის მომავალია...

"ფიორენტინას" ძალიან სჭირდებოდა ასეთი ფეხბურთელი. მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. გარდა ამისა, ფლობს იტალიურ ენას, რაც მას "ვიოლაში" ადაპტაციას გაუადვილებს. ემრეს ყველა პირობა აქვს იმისთვის, რომ გუნდის ლიდერი გახდეს.

დაიმახსოვრეთ - ემრე მორი მალე ჩაეწერება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა რიგებში. საამისოდ მას ყველანაირი მონაცემი გააჩნია. მე ვიტყოდი, ის დაბადებულია ფეხბურთისთვის. ნიჭთან ერთად, მისი მთავარი კოზირი დიდი შრომისმოყვარეობაა. მე ბოლომდე მჯერა მისი. თანაც, ის ნამდვილი პოლიგლოტია...

რაც მთავარია, ემრე ძალიან პოზიტიური ადამიანია და ის თავის ირგვლივ მუდამ საუკეთესო განწყობას ქმნის. კიდევ ერთხელ ვამბობ - "ფიორენტინაში" მას ლიდერობა მოუწევს და, ჩემი აზრით, ის ბოლომდეა მზად ამისთვის", - თქვა თერიმმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული