სერია A. II ტური: დიბალას პირველი ჰეთ-თრიკი და ვიდეორეფერის შეცდომები [VIDEO]

AutoSharing Option
ჯენოა-იუვენტუსი
მნიშვნელოვანი მომენტები

ჩემპიონს მე-7 წუთისთვის 2 გოლი ჰქონდა გაშვებული და, ალბათ, გაახსენდა შარშანდელი მატჩი "მარასიზე", როცა "ჯენოამ" 3:1 მოიგო.

მე-18 წამზე(!) მირალემ პიანიჩი მასპინძელ ფორვარდებს "შეეშველა", როცა ფლანგურ პასს საკუთარი კარისკენ შეუცვალა მიმართულება და ავტოგოლი მიითვალა.

ბოსნიელმა საყრდენმა ცოტა ხანში სანახევროდ გამოისყიდა "დანაშაული" და პაულო დიბალას საგოლედ მიაწოდა ბურთი, რაც მატჩის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ ზედიზედ მეორე მატჩში "იუვენტუსის" კარში პენალტი ვიდეორეფერიმ "დანიშნა". სპეციალისტების შეფასებით, 11-მეტრიანი ფრიად საკამათო იყო. თუმცა კამათი არ მოჰყოლია დიბალას პენალტს, რომელიც ასევე ვიდეორეფერის "მითითებით"
დაინიშნა.

ჩემპიონატის დაწყებამდე ისმოდა ცინიკური ფრაზები, თითქოს, ვიდეოგამეორება მაქსიმალურად შეზღუდავდა არბიტრების მხრიდან "იუვენტუსის" სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ორივე სასტარტო მატჩში "ბებერი ქალბატონის" კარში დანიშნული 11-მეტრიანებით ვიღაც ზემოთქმულის გამართლებას ცდილობს.

საუკეთესო მოთამაშე
რა თქმა უნდა, ამ სტატუსს ულაპარაკოდ იმსახურებს 23 წლის პაულო დიბალა, რომელმაც სერია A-ში 50 გოლს მოუყარა თავი, ხოლო ეს ჰეთ-თრიკი პირველია მის იტალიურ კარიერაში.

კომენტარი
მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსი"): "ბედმა გაგვიღიმა, რომ შინ გამარჯვებულები ვბრუნდებით. ამისთვის მადლობა ბიჭებს! რაც შეეხება ვიდეორეფერის, ამ თემაზე არ ვიკამათებ. ვიტყვი მხოლოდ ერთს, რომ ყველას მოთმინება გვჭირდება მანამ, ვიდრე სისტემა ეფექტურად ამუშავდება. ყველას აქვს შეცდომები, მათ შორის - ჩვენც, რაზეც ბევრი უნდა ვიმუშაოთ, ასევე, მსაჯებმაც... დიბალას გამო კი ბედნიერი ვარ, თუმცა ღრმად მწამს, რომ ეს მისი მაქსიმუმი არაა".

ფაქტები
  • პაულო დიბალამ პირველად მოახერხა სერია A-ს ზედიზედ ორ სასტარტო ტურში გოლების გატანა
  • მირალემ პიანიჩის ავტოგოლი არის ყველაზე სწრაფი გოლი "იუვენტუსის" კარში 2013 წლის ოქტომბრის ("მილანი", სალი მუნტარი) შემდეგ

რომა-ინტერი
მნიშვნელოვანი მომენტები
მეორე ტაიმში, აგებდა რა თამაშს, "ინტერის" დღევანდელმა და "რომას" ყოფილმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მოედანზე შეუშვა ჟოაო მარიო, რასაც მოჰყვა ბორხა ვალეროს უკან დაწევა, მისთვის უფრო ჩვეულ როლში. ჟოაო მარიომ კი "ინტერის" შეტევებს მეტი სიმწვავე მისცა, ფაქტობრივად, თამაშის ხასიათი შეცვალა.

55-ე წუთზე, როცა "რომა" ჯერ კიდევ იგებდა, არ დაინიშნა პენალტი "ინტერის" კარში, როცა მილან სკრინიარმა უხეშად ითამაშა დიეგო პეროტის წინააღმდეგ.

გარდა მაურო იკარდის დუბლისა, "ინტერის" გამარჯვებაში დიდი როლი აქვს ივან პერიშიჩის ორ საგოლე პასსაც.

კომენტარი
ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომა"): "მარტივ სიტუაციებში დავუშვით ბავშვური შეცდომები და ეს წაგებად დაგვიჯდა, თორემ, ვიდრე ანგარიში გათანაბრდებოდა, თამაშს ჩვენ ვკარნახობდით. ძალიან არ მესიამოვნა, რომ ამის მერე სიმწვავე დავკარგეთ, ეს იყო მთავარი მინუსი... ამას გარდა, ასეთ მატჩებში ცოტა იღბალმაც უნდა გადმოგხედოს. დღეს ამით უფრო მეტოქე იყო განებივრებული. საერთო ჯამში, თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, წაგებას არ ვიმსახურებდით, მით უფრო, ორი ბურთით".

ფაქტები
  • 2014 წლის აპრილის შემდეგ მაურო იკარდიმ ზედიზედ ორ მატჩში 2 და მეტი გოლი პირველად გაიტანა
  • 2008 წლის შემდეგ "ინტერმა" პირველად შეძლო "რომას" დამარცხება "ოლიმპიკოზე"

ბენევენტო-ბოლონია
"ბენევენტოსთვის" ეს ისტორიული მატჩი იყო. კამპანიური კლუბი იტალიურ ელიტაში თავის პირველ საშინაო მატჩს ატარებდა, თუმცა მარკო ბარონის (1991-93 წლებში "ბოლონიას" ღირსებას იცავდა) გუნდს დებიუტი ჩაუმწარდა.

ფაქტები
  • მატჩში გამოიყენეს ვიდეორეფერი, რის გამოც მასპინძელს ბოლო წუთზე გატანილი გოლი გაუუქმეს
  • მატჩის არბიტრმა ჯამპაოლო კალვარეზემ ტრავმა(!) მიიღო და ბოლო 9 წუთს მეოთხე მსაჯი გაუძღვა

ბენევენტო-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 დონსა (55)

ჯენოა-იუვენტუსი 2:4
გოლები: 1:0 პიანიჩი (1-საკ. კარში), 2:0 გალაბინოვი (7-პენ), 2:1 დიბალა (14), 2:2 დიბალა (45+4-პენ), 2:3 კუადრადო (62), 2:4 დიბალა (90+2)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (74. ბარძალი), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (58. მატუიდი), პიანიჩი (80. ბეტანკური) - კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი.


რომა-ინტერი 1:3
გოლები: 1:0 ჯეკო (15), 1:1 იკარდი (67), 1:2 იკარდი (77), 1:3 ვესინო (87)
რომა (4-3-3): ალისონი - ჟეზუში, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი (83. უნდერი), სტროოტმანი - პეროტი (90+1. ტუმინელო), დეფრელი (62. ელ შაარავი), ჯეკო.
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, სკრინიარი, მირანდა, ნაგატომო (56. დალბერტი) - ვესინო, გალიარდინი (46. ჟოაო მარიო) - კანდრევა (84. კანსელო), ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი.


ტორინო-სასუოლო 3:0
გოლები: 1:0 ბელოტი (44), 2:0 ლიაიჩი (84), 3:0 ობი (88)


მილანი-კალიარი 2:1
გოლები: 1:0 კუტრონე (10), 1:1 ჟოაო პედრო (56), 2:1 სუსო (70)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კონტი, მუსაკიო, ბონუჩი, როდრიგესი - კესი, მონტოლივო, ჩალჰანოღლუ (63. ბილია) - სუსო, ბორინი (90+4. ანტონელი), კუტრონე (78. კალინიჩი).


კიევო-ლაციო 1:2
გოლები: 0:1 იმობილე (11), 1:1 პაჩარელი (34), 1:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (89)
ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - უოლესი, დე ვრიი, რადუ - ბაშტა (80. მარუშიჩი), პაროლო, ლუკას ლეივა (60. კაისედო), ლულიჩი (60. ჯ. ლუკაკუ) - მილინკოვიჩ-სავიჩი, ალბერტო - იმობილე.

ფიორენტინა-სამპდორია 1:2
გოლები: 0:1 კარპარი (32), 0:2 კვალიარელა (35-პენ), 1:2 ბადელი (50)


ნაპოლი-ატალანტა 3:1
გოლები: 0:1 კრისტანტე (15), 1:1 ზელინსკი (56), 2:1 მერტენსი (61), 3:1 როგი (87)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი (74. როგი), ჟორჟინიო (66. დიავარა), ჰამშიკი (58. ალანი) - კალიეხონი, ინზინიე, მერტენსი.


სპალ-უდინეზე 3:2
გოლები: 1:0 ბორიელო (25), 2:0 ლაძარი (54), 2:1 ნიუტინკი (72), 2:2 ტერო (87-პენ), 3:2 რიცო (90+4)


კროტონე-ვერონა 0:0


ბომბარდირები: 4 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი); 3 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული