სერია A. VI ტურის წინ: ტურინული დერბის მოლოდინში

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატში ორი უდანაკარგო გუნდი დარჩა. ამ ორიდან ერთს ძალზე პრინციპული დაპირისპირება ელის - ტურინულ დერბიში "იუვენტუსი" "ტორინოს" უმასპინძლებს. "ბებერმა ქალბატონმა" შემადგენლობის წარმატებულ როტაციას მიმართა "ფიორენტინასთან", თუმცა გამარჯვება მძიმე ბრძოლად დაუჯდა.

"ტორინოს" რაც შეეხება, ბევრი მიიჩნევს და ჩვენ ვეთანხმებით, რომ "ნაპოლისთან" ერთად ეს გუნდი ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს სერია A-ში. "იუვენტუსში" უკვე შეეჩვივნენ ხედირასა და დე შილიოს არყოფნას. ამას დაემატა ბენედიქტ ჰიოვედესის ტრავმა - გერმანელ მცველს ვარჯიშზე კუნთი დაეჭიმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში იუქმებს. "ტორინოში" კი საეჭვოა ობის, აკუასა და
ბონიფაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

"ნაპოლიმ", წესით, მორიგი გამარჯვება უნდა მიითვალოს. სპალ-ს ნამდვილად არ აქვს იმის რესურსი, რომ ფავორიტი შეაჩეროს. მით უმეტეს, სეზონის სტარტზე ნეაპოლური კლუბი მაქსიმალურადაა დაცული ტრავმებისაგან და ოპტიმალური შემადგენლობითაც თამაშობს.

სეზონის სტარტის ერთ-ერთი "აღმოჩენის", ლორენცო პელეგრინის გარეშე მოთამაშე "რომამ" უნდა დაამტიცოს, რომ სტაბილური გუნდია. ამ თეზისის გასამყარებლად "ჯალოროსის" საშინაო ასპარეზზე "უდინეზეს" დამარცხება სჭირდება. სტუმრებს დააკლდებათ ვიდმარი, ხოლო პერიცას თამაში საეჭვოა.

ასე თუ ისე, "მილანი" ჯერ სტაბილურად მიუყვება სატურნირო აღმართს. ვინჩენცო მონტელას გუნდს რთული გასვლა ელის გენუაში, სადაც ის მისთვის კარგად ნაცნობ "სამპდორიას" შეხვდება. "მილანს" არ ეყოლება კონტი, ხოლო ანტონელისა და მონტოლივოს თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. "სამპდორიას" შემადგენლობაში კი, დიდი ალბათობით, ვერ ვიხილავთ დოდოსა და ვივიანოს.

"ინტერმა" წინა ტურში გასვლაზე ქულები დაკარგა "ბოლონიასთან" და ახლა შემართული იქნება საიმისოდ, რომ შინ აუცილებლად მოუგოს "ჯენოას". "ნერაძურის" თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა ჰყავს, ერთადერთი, ვინც აკლია, კანსელოა. სამაგიეროდ, "ჯენოას" რიგებში საეჭვოა ლაპადულას, პანდევისა და ბირაგის თამაში.

"ნაპოლისთან" შინ შერცხვენილი "ლაციო" ანდერსონისა და ნანის გარეშე ეცდება ნამუსის მოწმენდას "ვერონასთან" საგარეო მატჩში. დანაკლისი სტუმრებსაც სოლიდური აქვთ - თუნდაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, ჩერჩის არყოფნა რად ღირს. რა თქმა უნდა, წყვილის ფავორიტი მაინც რომაული კლუბია.

ფაქტები
  • ბოლო 9 მატჩია, "უდინეზეს" "რომასთვის" არ მოუგია.
  • ბოლო 5 ტურინული დერბიდან "იუვენტუსმა" 3 მოიგო, ერთი დაპირისპირება ფრედ (გასულ სეზონში, 1:1 "იუვენტუსის" მოედანზე) დასრულდა და ერთშიც "ტორინომ" იმარჯვა (2:1 - 2015 წლის 26 აპრილს)
  • 11 მატჩია, "ატალანტა" ვერ ახერხებს "ფიორენტინას" ძლევას. ბერგამოელებმა ამ წყვილში ბოლოს 2012 წელს გაიმარჯვეს (2:0 შინ).
  • "ფიორენტინასა" და "ატალანტას" შორის ბოლო 2 მატჩი ერთნაირი ანგარიშით, 0:0 დასრულდა.
  • "სამპდორიამ" "მილანს" შინ ბოლოს 2010 წელს მოუგო (2:1).
  • ბოლო 17 წელიწადში "ლაციომ" (ყველა ტურნირის ჩათვლით) მხოლოდ ერთხელ შეძლო "ვერონასთან" გასვლითი მატჩის მოგება.
  • დრის მერტენსი ("ნაპოლი") და ივან პერიშიჩი ("ინტერი) ის ორადორი ფეხბურთელია, ვინც 5 ევროპული ტოპლიგის მასშტაბით 2017 წელს 10 (და მეტი) გოლი გაიტანა და 10 (და მეტი) საგოლე პასი გააკეთა.

23 სექტემბერი, შაბათი
რომა-უდინეზე
სპალ-ნაპოლი
იუვენტუსი-ტორინო

24 სექტემბერი, კვირა
სამპდორია-მილანი
კალიარი-კიევო
კროტონე-ბენევენტო
ვერონა-ლაციო
ინტერი-ჯენოა
სასუოლო-ბოლონია
ფიორენტინა-ატალანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული