სერია A. VI ტური: "იუვემ" იფრინა, "ნაპოლის" გაუჭირდა, "რომა" უმატებს... [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინული დერბი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. "იუვენტუსმა" ქვა ქვაზე არ დატოვა თანაქალაქელი "ტორინოსგან" - მოწინააღმდეგის კარში 4 უპასუხო გოლი შეაგდო. კვლავ დიდებული იყო პაულო დიბალა, ვინც ამჯერად დუბლი მიითვალა.

"ტორინო" პირველი ტაიმის შუაწელიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ "იუვე" ნებისმიერ შემთხვევაში მოიგებდა. კიდევ კარგი, "ტორინოს" ვეტერანმა მეკარე სალვატორე სირიგუმ გამოიდო თავი, თორემ ანგარიში არასაფეხბურთოც იქნებოდა. მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა მირალემ პიანიჩმა, ვინც გოლს ორი საგოლე გადაცემაც მიაყოლა.

სტუმარს რამდენიმე ნახევარმომენტი ჰქონდა. ეს იყო და ეს. იტალიის ნაკრების ფორვარდ ანდრეა
ბელოტის ძალიან გაუჭირდა. "ბებერმა ქალბატონმა" კი ჩემპიონთა ლიგაში "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრის წინ კარგი განწყობა შეიქმნა.

ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც უნდა დავწეროთ: დიბალამ 1959 წლის შემდეგ პირველად მოახერხა იტალიის ჩემპიონატის ექვს ტურში 10 გოლის გატანა. მაშინ "ინტერის" ფეხბურთელმა ანტონიო ანჯელინომ საწყის ოთხ ტურში 11 გოლი შეაგდო.

"იუვეს" დარად უდანაკარგოა "ნაპოლი", რომელმაც გასვლაზე რთული გამარჯვება მოიპოვა სპალ-თან. ყველაფერი ალჟირელი გულამის რეიდმა და ძლიერმა დარტყმამ გადაწყვიტა. მაურისიო სარის გუნდი ტრადიციულად ჯობდა მეტოქეს, მაგრამ ასევე ტრადიციულად არ იყო უშეცდომო დაცვაში და მატჩის ენდშპილში ნერვიულობაც მოუხდა.

"ნაპოლის" ერთი ცუდი ამბავი აქვს - კვლავ სერიოზული ტრავმა მიიღო პოლონელმა ფორვარდმა არკადიუშ მილიკმა. ეჭვობენ ჯვარედინი მყესების გაწყვეტაზე, რაც ხანგრძლივ პაუზას ნიშნავს. დღეს მილიკს ცნობილი დასტაქარი პიერ პაოლო მარიანი გასინჯავს. ეს ის პროფესორია, ვისთანაც ფეხბურთელმა დაახლოებით ერთ წლის წინ გაიკეთა ოპერაცია, რომელიც ახლაც შეიძლება დასჭირდეს...

მოლოდინისამებრ, "რომამ" საშინაო ასპარეზზე შანსი არ დაუტოვა "უდინეზეს". დუბლით გამოირჩა სტეფან ელ შაარავი, ერთიც ედინ ჯეკომ შეაგდო. ზოგადად, "რომა" თანდათან შედის ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში და ეს შეხვედრაც ამის დასტური იყო.

მორიგი ჩაგდებული მატჩი "მილანის" შესრულებით - საპატასა და ალვარესის გოლებით "როსონერი" "სამპდორიასთან" დამარცხდა. ფაქტია, ვინჩენცო მონტელას გუნდი არასტაბილურად თამაშობს, თუმცა, მეორე მხრივ, ესეც გასაგებია, რადგან ზაფხულში გუნდის შემადგენლობა თითქმის მთლიანად შეიცვალა.

"ინტერმა" დ'ამბროზიოს გვიანი გოლით გატეხა მედგრად მებრძოლი "ჯენოა". საგოლე გადაცემა (კუთხურიდან) შეცვლაზე შესულმა ჟოაო მარიომ მიითვალა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ლუჩანო სპალეტიმ შესვენებისას ბიჭებთან ნაყოფიერად იმუშავა.

"ლაციომ" ჩირო იმობილეს დუბლითა და საგოლე პასის წყალობით გასვლაზე მოსრა "ვერონა". ჩირო მართლაც დიდებულ ფორმაშია. ამას ნათლად ადასტურებს "ლაციოს" მიერ გამართული ბოლო შეხვედრები.

ფაქტები
  • "ინტერმა" მიმდინარე სერია A-ში 8 გოლი გაიტანა ბოლო 15 წუთში.
  • რობერტო ინგლეზეს ("კიევო") მიერ სერია A-ში გატანილი პირველი 15 გოლიდან 7 თავური დარტყმით გავიდა.
  • ჩირო იმობილემ ("ლაციო") ბოლო 5 მატჩიდან თითოეულში ან გოლი გაიტანა (8), ან საგოლე პასი (2) გააკეთა.
  • პირველად სერია A-ს ისტორიაში, ორმა გუნდმა ("იუვენტუსი" და "ნაპოლი") მოიგო ჩემპიონატის პირველი 6 მატჩი.
  • პირველად სერია A-ს ისტორიაში, "ნაპოლიმ" მოიგო ჩემპიონატის პირველი 6 მატჩი.
  • მირალემ პიანიჩმა "იუვენტუსის" 4 გოლიდან სამში მიიღო მონაწილეობა - ერთი თავად გაიტანა, ორიც პარტნიორებს გაატანინა.
  • პასკუალე სკიატარელასა (სპალ) და ლორენცო ინსინიეს ("ნაპოლი") გოლებს შორის ინტერვალი 77 წამი იყო.
  • დიეგო პეროტიმ ("რომა") პირველად ვერ შეძლო 11-მეტრიანის გატანა. მანამდე მას 10 პენალტი ჰქონდა რეალიზებული.
  • ედინ ჯეკომ ("რომა") სერია A-ს ბოლო 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

რომა-უდინეზე 3:1
გოლები: 1:0 ჯეკო (12), 2:0 ელ შაარავი (30), 3:0 ელ შაარავი (45), 3:1 ლარსენი (90)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი (78. პერესი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი (74.მორენო) - ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი - პეროტი, ჯეკო (71. დეფრელი), ელ შაარავი.


სპალ-ნაპოლი 2:3
გოლები: 1:0 სკიატარელა (14), 1:1 ინსინიე (14), 1:2 კალიეხონი (71), 2:2 ვივიანი (78), 2:3 გულამი (83)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, მაქსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - ზიელინსკი (70. მილიკი), დიავარა, ჰამშიკი (61. ალანი) - კალიეხონი, მერტენსი (78. როგი), ინსინიე.


იუვენტუსი-ტორინო 4:0
გოლები: 1:0 დიბალა (16), 2:0 პიანიჩი (40), 3:0 ალექს სანდრო (57), 4:0 დიბალა (90)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - პიანიჩი, მატუიდი - კუადრადო (62. ბერნარდესკი), დიბალა, დუგლას კოშტა - მანჯუკიჩი (80. იგუაინი).
გაძევება: ბაზელი (24. ტორინო)


სამპდორია-მილანი 2:0
გოლები: 1:0 საპატა (10), 2:0 ალვარესი (90)
მილანი (3-5-2): დონარუმა - კ. საპატა, ბონუჩი, რომანიოლი - აბატე (82. ბორინი), კესი, ბილია, ბონავენტურა (58. კუტრონე), როდრიგესი - კალინიჩი, სუსო (78. ჩალჰანოღლუ).


კალიარი-კიევო 0:2
გოლები: 0:1 ინგლეზე (53), 0:2 სტეპინსკი (90)
გაძევება: პისაკანე (83. კალიარი)


კროტონე-ბენევენტო 2:0
გოლები: 1:0 მანდრაგორა (43), 2:0 როდენი (58)


ინტერი-ჯენოა 1:0
გოლი: 1:0 დ'ამბროზიო (87)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ'ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, დალბერტი - ვესინო, ბორხა ვალერო (72. კარამო) - კანდრევა (60. ედერი), ბროზოვიჩი (81. ჟოაო მარიო), პერიშიჩი - იკარდი
გაძევება: ომეონგა (90. ჯენოა), ტაარაბტი (90. ჯენოა)


ვერონა-ლაციო 0:3
გოლები: 0:1 იმობილე (24-პენ), 0:2 იმობილე (40), 0:3 მარუშიჩი (60)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - პატრიკი, ლუის ფელიპე, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (84. დი ჯენარო), ლულიჩი, ლუკაკუ (68. მურჯა) - ლუის ალბერტო (71. კაისედო) - იმობილე.


სასუოლო-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 ოკვონკვო (89)
გაძევება: მანიანელი (83. სასუოლო)


ფიორენტინა-ატალანტა 1:1


ბომბარდირები: 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 8- ჩირო იმობილე (ლაციო), 6 - ედინ ჯეკო (რომა), მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი)

მომდევნო ტური
30 სექტემბერი:
უდინეზე-სამპდორია, ჯენოა-ბოლონია

1-ლი ოქტომბერი:
ნაპოლი-კალიარი, ბენევენტო-ინტერი, კიევო-ფიორენტინა, ლაციო-სასუოლო, სპალ-კროტონე, ტორინო-ვერონა, მილანი-რომა, ატალანტა-იუვენტუსი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული