სერია A. XVII ტურის წინ: დროა წახვიდე აქედან!

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგ ტურში "ინტერი" "უდინეზეს" უმასპინძლებს. მილანური გრანდი კარგ ფორმაშია და ამ წყვილის უდავო ფავორიტიც ის არის. მით უმეტეს, "ნერაძური" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ცხადია, ლუჩანო სპალეტის გუნდისთვის ამ შეხვედრაში დანაკარგის დაშვება წარმოუდგენელია.

მეორეადგილოსანი "ნაპოლი" რთულ გასვლით შეხვედრას ჩაატარებს ტურინში. "ნაპოლისთვის" მთავარი თავისტკივილი ის არის, რომ შესაძლოა, ვერ ითამაშოს გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ლორენცო ინსინიემ.

ბოლო დროს იქმნება შთაბეჭდილება, რომ "ნაპოლი" ცოტა დაიღალა და გადაიწვა კიდეც, რაც მწირი რესურსებით ორ ფრონტზე ბრძოლას უნდა მივაწეროთ, მაგრამ სკუდეტოსთვის მებრძოლმა მაურიციო სარის გუნდმა საკუთარ
თავში უნდა იპოვოს ძალა, რომ ისევ გვიჩვენოს ისეთი ფეხბურთი, როგორიც ყველას თვალს სჭრიდა.

რაც შეეხება "ტორინოს", წინა ტურში "გრანატამ" მსაჯების აშკარა დახმარებით, მაგრამ მაინც დაამარცხა "ლაციო" და ახლა კარგ ხასიათზეა. არადა, სხვანაირად რომ წასულიყო საქმე, შესაძლოა, სინიშა მიხაილოვიჩი დღეს უკვე აღარ ყოფილიყო გუნდის მთავარი მწვრთნელი...

"რომას" ბოლო დროს შედარებით არასტაბილური თამაში დასჩემდა. ფაქტია, მომდევნო ტურში რომაელებს ისეთი დაპირისპირება ელით, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ. რა თქმა უნდა, ვადასტურებთ პატივისცემას "კალიარის" მიმართ, მაგრამ ეს ისეთი მეტოქეა, "ჯალოროსიმ" ქულების დაკარგვა არ უნდა დაუშვას.

ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი "მილანი" აშკარა ფავორიტია "ვერონასთან" გასვლით შეხვედრაში, გუნდთან, რომელსაც ოთხშაბათს თასზე შინ 3:0 მოუგო. ამ მატჩში ერთი უსიამოვნო ამბავი მოხდა - "მილანის" ფანებმა ობსტრუქცია მოუწყვეს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას, ვის გარშემოც სატრანსფერო სპეკულაციები ზაფხულის მერე არ წყდება. "ჩვენს მოთმინებასაც საზღვარი აქვს!

დროა, წახვიდე აქედან"! - ეწერა ერთ-ერთ ბანერზე, რომელზეც ახალგაზრდა მეკარის უფროსი ძმაც (ანტონიო დონარუმა, რომელიც ასევე "მილანის" მეკარე გახლავთ) იყო მოხსენიებული "პარაზიტის" მეტსახელით.

ამგვარმა დამოკიდებულებამ ახალგაზრდა გოლკიპერი ცხარე ცრემლით ატირა და ცხადია, ეს მის სათამაშო განწყობაზე პოზიტიურად ვერ აისახება. როგორც ჩანს, მისი აგენტი მინო რაიოლა მიზანს აღწევს - დონარუმას მილანური კარიერა დასასრულს უახლოვდება. ცნობილია, რომ მისით "რეალი" და პსჟ არიან დაინტერესებულნი...

ასეა თუ ისე, "როსონერი" ყველა ვარიანტში სერიოზულად უნდა მიუდგეს ვერონულ ვოიაჟს. ამის გაკვეთილი გატუზომ უპირობო აუტსაიდერ "ბენევენტოსთან" შეხვედრაში უკვე მიიღო.

რა თქმა უნდა, მილანელები ვერ იბრძოლებენ სკუდეტოსთვის და, დიდი ალბათობით, ვერც ჩემპიონთა ლიგის საგზურს შესწვდებიან, მაგრამ, თუნდაც შემადგენლობის მიხედვით, გუნდი აშკარად უკეთეს პოზიციას იმსახურებს, ვიდრე დღეს არის.

ცხადია, "იუვენტუსი" 3 ქულისთვის ჩადის ბოლონიაში, სადაც ყველას უჭირს თამაში. "ბებერი ქალბატონი" აშკარა ფავორიტია და მასპინძლებს დიდი ჯაფა დაადგებათ მის შესაჩერებლად.

საეჭვოა მარიო მანჯუკიჩის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ისევე, როგორც ჯორჯო კიელინისა და ჯანლუიჯი ბუფონის თამაში, მაგრამ "იუვე" ვალდებულია, მათ გარეშეც მოიგოს, რადგან საჩემპიონო რბოლაში წელს გაცილებით მძიმე კონკურენციაა.

"ლაციო" გაბრაზებულია მსაჯებზე და სამართლიანადაც. "ტორინოსთან" შეხვედრაში მათ მართლაც უკადრებელი იკადრეს იმ მხრივ, რომ დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან დაინახეს. კლუბის ხელმძღვანელობა თითქოს ჩემპიონატიდან გასვლაზეც კი ალაპარაკდა, მაგრამ იმედია, საქმე აქამდე არ მივა. სიმონე ინძაგის გუნდს ძალიან რთული საგარეო მატჩი ელის
"ატალანტასთან". მასპინძლები შინაურ კედლებში ყოველთვის შემტევ ფეხბურთს გვთავაზობენ.
თავად "ლაციოც" კარგად უტევს და წესით, კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

იტალია
სერია A. XVII ტური
შაბათი, 16 დეკემბერი
ინტერი-უდინეზე 18:00
ტორინო-ნაპოლი 21:00
რომა-კალიარი 23:45

კვირა, 17 დეკემბერი
ვერონა-მილანი 15:30
ბოლონია-იუვენტუსი 18:00
კროტონე-კიევო 18:00
ფიორენტინა-ჯენოა 18:00
სამპდორია-სასუოლო 18:00
ბენევენტო-სპალ 21:00
ატალანტა-ლაციო 23:45
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინტერი 16 12 4 0 33-10 40
2. ნაპოლი 16 12 3 1 35-10 39
3. იუვენტუსი 16 12 2 2 41-14 38
4. რომა 15 11 2 2 27-10 35
5. ლაციო 15 10 2 3 36-19 32
6. სამპდორია 15 8 3 4 28-20 27
7. მილანი 16 7 3 6 23-21 24
8. ატალანტა 16 6 5 5 23-20 23
9. ტორინო 16 5 8 3 22-22 23
10. ფიორენტინა 16 6 4 6 26-19 22
11. ბოლონია 16 6 3 7 19-20 21
12. კიევო 16 5 6 5 17-26 21
13. უდინეზე 15 6 0 9 23-24 18
14. კალიარი 16 5 2 9 16-27 17
15. სასუოლო 16 4 2 10 10-28 14
16. ჯენოა 16 3 4 9 14-21 13
17. კროტონე 16 3 3 10 12-32 12
18. სპალ 16 2 5 9 15-28 11
19. ვერონა 16 2 4 10 14-32 10
20. ბენევენტო 16 0 1 15 8-38 1
ბომბარდირი: 16 - მაურო იკარდი (ინტერი); 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 9 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 8 - ედინ ჯეკო (რომა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული