სერია A. XX ტური: სპალეტის გასაჭირი და თვალცრემლიანი დიბალა... [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგმა ტურმა, ვფიქრობთ, საბოლოო პასუხი გასცა ერთ მეტად მნიშვნელოვან კითხვას - სკუდეტოსთვის მხოლოდ ორი გუნდი იბრძოლებს - ლიდერი "ნაპოლი" და მისი მდევარი "იუვენტუსი". მაგრამ დღეს თუ ერთი ლიდერია, ხოლო მეორე - მდევარი, პოზიციები შეიძლება ნებისმიერ ტურში შეიცვალოს.

ტურის მთავარი მატჩი ფლორენციაში გაიმართა. სტუმარი "ინტერი" ბოლო წამამდე იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ლუჩანო სპალეტიმ კარგი დასაწყისის შემდეგ ერთხელაც ჩასვა გუნდი დაცვაში და დაისაჯა კიდეც.

"ნერაძური" ახლა ძალიან ცუდ ფორმაშია. საკმარისია, აღინიშნოს, რომ გუნდს უკვე 5
მატჩია, არ მოუგია. ეს საგანგაშო ამბავია. მით უმეტეს, "ინტერს", ერთი ხანობა, ჩემპიონობის ამბიციაც კი გაუჩნდა და პირველ ადგილზეც იყო. სპალეტის გუნდი მაურო იკარდის თავურის შემდეგ დაწინაურდა - არგენტინელმა თავისივე დარტყმულსა და მეკარისგან მოგერიებულ ბურთს დაამატა.

"ფიორენტინა" მთელი შეხვედრის განმავლობაში უკეთესი იყო და ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა, რომ წაეგო. საფეხბურთო სამართალმა პური ბოლოსღა ჭამა. ჯოვანი სიმეონემ მაინც აიღო შესანიშნავად მოთამაშე სამირ ჰანდანოვიჩის კარი, ვინც თითქოს არაფრის დიდებით არ აპირებდა გოლის გაშვებას, მაგრამ ახლო მანძილიდან ძლიერად დარტყმულს ვეღარ გაუმკლავდა.

"არ ვიცი, რატომ მეკითხებით სულ ერთსა და იმავეს. დედაჩემი 80 წლისაა და მანაც კი კარგად იცის, რომ "ინტერს" არ აქვს საკმარისი რესურსი. დღეს რანოკიას მინდორზე ყოფნა იყო იძულებითი ნაბიჯი. ჩვენ არ გვყავს მცველები და ეს იცის ყველამ. მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს მხოლოდ ქულის ასაღებად იყო საკმარისი", - თქვა სპალეტიმ.


ხალიდუ კულიბალისა და ხოსე კალიეხონის გოლებით "ნაპოლიმ" საშინაო ასპარეზზე მოუგო "ვერონას". მაურისიო სარის გაწვრთნილ გუნდს ცოტა სანერვიულო თამაში გამოუვიდა. "ნაპოლი" თავიდანვე კი უტევდა, მაგრამ მეტოქე მწყობრად იდგა დაცვაში.

მეორე ტაიმში ყველაფერი თავის ადგილას დადგა. ჯერ იყო და, კულიბალიმ შეტევაში ჩართვა შედეგიანი თავურით აღნიშნა, მერე კი კალიეხონმა შეირგო ლორენცო ინსინიეს შესანიშნავი გადაცემა.

გამარჯვების მიუხედავად, "ნაპოლის" თამაშში მაინც შეიმჩნეოდა ერთი სერიოზული ნაკლი - ძალიან ბევრ მომენტს ქმნიდა მოწინააღმდეგის კართან, მაგრამ გატანა ძალიან უჭირდა...


ცუდ ფორმაშია კიდევ ერთი ფავორიტი "რომა". დედაქალაქელებმა საკუთარ მინდორზე მიიღეს "ატალანტა" და ბევრისთვის მოულოდნელად, მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ.

ბერგამოულმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, განსაკუთრებით, მატჩის სადებიუტო ნაწილში და ეს გამარჯვება სავსებით დაიმსახურა. ის კი არა, "რომამ" მას შემდეგაც ვერ მოუმატა საგრძნობლად, როცა რიცხობრივ უპირატესობაში დარჩა. რაც მთავარია, არ იგრძნობა ერთიანობა.

ფაქტია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდში რაღაც ხდება. თუ ასე გაგრძელდა, გუნდის სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება და მერე ძალიან ძნელი იქნება ევროზონაში მოხვედრა. ფაქტია, "რომას" ხელმძღვანელებს ამ დროისთვის გაცილებით უკეთესი შედეგის იმედი ჰქონდათ, ვიდრე მეხუთე ადგილია.


მოსისხლე მტრის გულის გასახეთქად, შესანიშნავ ფორმაშია "ლაციო". სპალ-თან გამარჯვება თავისთავად მოსალოდნელი იყო, მაგრამ მოულოდნელი გახლდათ ის შესანიშნავი, დომინანტური ფეხბურთი, რომელიც სიმონე ინძაგის გუნდმა აჩვენა. "ბიანკოჩელესტეს" ლიდერმა ჩირო იმობილემ კი სულაც "პოკერი" გაახერხა, ტურის გმირი გახდა და ბომბარდირთა დავაში იკარდისაც გადაუსწრო. გავრისკავთ და ვიტყვით - რომ არა "ლაციოს" მიმართ მსაჯების მხრიდან აშკარა ანტიპათია, რომაულ კლუბს ამ დროისთვის რამდენიმე ქულით მეტი ექნებოდა.

"მილანის" შემადგენლობაში პირველი გოლი გაიტანა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ. ეს გოლი 3-ქულიანი აღმოჩნდა "შავ-წითელი" გუნდისთვის მოკრძალებულ "კროტონესთან" შეხვედრაში.

სხვა საქმეა, რომ მეტოქის აშკარა სისუსტის მიუხედავად, "მილანის" თამაშში არაერთი ნაკლი შეიმჩნეოდა. თუმცა შედეგი მაინც მთავარია და ამიტომაც იყო ჯენარო გატუზო თამაშის დასრულების შემდეგ პოზიტიურ განწყობაზე. ერთი ფაქტია - თითქმის გამორიცხულია, მიმდინარე სეზონში "როსონერიმ" რაიმე სერიოზულისთვის იბრძოლოს.


გვერდს ვერ ავუვლით სერია A-ში ვალტერ მაძარის დაბრუნებას. "ტორინომ" ახალი დამრიგებლის ხელმძღვანელობით პირდაპირ "იფრინა" და "ბოლონიას" კარში 3 უპასუხო გოლი შეაგდო.

მაძარის იტალიური ფეხბურთის გულშემატკივართა წინაშე წარდგენა არ სჭირდება. ეს ის კაცია, საფუძველი რომ ჩაუყარა იმ "ნაპოლის", რომელიც ყველას გვახარებს კარგი თამაშით.

"იუვენტუსმა" რთული გასვლითი შეხვედრა მოუგო "კალიარის". მასიმილიანო ალეგრის გუნდს თავისუფლად შეეძლო, ქულები დაეკარგა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ფედერიკო ბერნარდესკიმ და დუგლას კოშტამ საგოლე კომბინაცია გაითამაშეს, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც ამ შეხვედრის ბედი.

"იუვეს" გამარჯვება დაჩრდილა პაულო დიბალას ტრავმამ. მეორე ტაიმის დასაწყისში მას მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაეჭიმა და თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი.

წინასწარი მონაცემებით (დეტალური გამოკვლევის შედეგები ამ დღეებში დაიდება) არგენტინელს სადღაც ერთი თვე გაუცდება, მათ შორის, დიდი ალბათობით, "ტოტენჰემთან" საჩემპიონთალიგო პლეი-ოფის პირველი მატჩიც...


რა შეიძლება ითქვას ტურის სხვა ტენდენციებზე? ალბათ, "ბენევენტო" უნდა გამოვარჩიოთ. გუნდმა კატასტროფული სტარტის შემდეგ ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა. რობერტო დე ძერბის შეგირდებმა პოტენციურად მათზე გაცილებით ძლიერი "სამპდორია" დასცეს.

ფაქტები
  • ზედიზედ 24 საგარეო მატჩია, "იუვენტუსს" გააქვს მინიმუმ ერთი გოლი. ცალკე აღებული გუნდისთვის ეს არის მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდი.
  • "რომასთან" მატჩში "ატალანტამ" 1440-ჯერ მოიპოვა ბურთი და მოიგო 264 ორთაბრძოლა, რაც მიმდინარე გათამაშებაში რეკორდია.
  • მასიმილიანო ალეგრიმ მწვრთნელის რანგში სერია A-ს მე-200 მატჩი მოიგო, აქედან 100 - "იუვენტუსში" ყოფნის პერიოდზე მოდის.
  • "რომამ" სერია A-ს ბოლო 3 მატჩიდან 2 წააგო - იმდენი, რამდენიც ჩემპიონატის წინა 20 მატჩში.
  • "ატალანტასთან" მატჩის პირველ 20 წუთში "რომამ" 2 გოლი გაუშვა, მაშინ, როცა მთელი სეზონის განმავლობაში დროის ანალოგიურ მონაკვეთში 3 გოლი ჰქონდა გაშვებული.
  • 1964 წლის შემდეგ "ჯენოამ" პირველად მოახერხა სერია A-ს ზედიზედ 4 მატჩში (იგულისხმება ერთი სეზონის ფარგლებში) კარის "მშრალად" შენახვა.
  • ენრიკო ბრინიოლამ ("ბენევენტო") სერია A-ში სულ 3 მატჩი ითამაშა და სამივე შემთხვევაში მისი გუნდი წაუგებელი დარჩა (2 მოგება, 1 ფრე).
  • ჩირო იმობილემდე "ლაციოს" ბოლო ფეხბურთელი, ვინც სერია A-ს ზედიზედ ორ სეზონში შეძლო 20 და მეტი გოლის გატანა, იყო ჯუზეპე სინიორი (1992/93 და 1993/94 წლების სეზონებში).
  • სერია A-ს მცველებს შორის ყველაზე მეტი (4) გოლი კალიდუ კულიბალის ("ნაპოლი") აქვს გატანილი.
  • ჩირო იმობილემ ("ლაციო") სერია A-ს ერთ მატჩში 4 (და მეტი) გოლი პირველად გაიტანა. უკანასკნელი ფეხბურთელი, ვინც იტალიის მთავარ ლიგაში 4 (და მეტი) გოლი გაიტანა, იყო "ლაციოს" კიდევ ერთი მოთამაშე მარკო პაროლო ("პესკარასთან" მატჩში 2017 წლის თებერვალში).
  • ჩირო იმობილე გახდა პირველი ფეხბურთელი ბალდე კეიტას ("ლაციოს" ყოფილი მოთამაშე) შემდეგ, ვინც 2017 წლის აპრილში, "პალერმოსთან" მატჩის (6:2) პირველ ტაიმში, 3 გოლი გაიტანა.
  • სერია A-ს ცალკე აღებული მატჩის პირველ 30 წუთში 5 გოლი "ლაციომდე" არავის გაუტანია.
  • "ფიორენტინამ" სერია A-ს ბოლო 8 მატჩიდან 6 ფრედ ითამაშა - იმდენი, რამდენიც ამავე ტურნირის წინა 29 შეხვედრაში.
  • "ინტერმა" "ფიორენტინას" წინააღმდეგ ჩატარებულ სერია A-ს ბოლო 7 მატჩიდან 5 წააგო (2 ფრე), მაშინ, როცა წინა 16 მატჩში მხოლოდ ერთხელ წააგო ფლორენციულ გუნდთან (12 მოგება, 3 ფრე).
სერია A. XX ტური
კიევო-უდინეზე 1:1
გოლები: 1:0 რადოვანოვიჩი (9), 1:1 ტომოვიჩი (41-საკ. კარში)

ფიორენტინა-ინტერი 1:1
გოლები: 0:1 იკარდი (55), 1:1 სიმეონე (90+1)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო (82. კანდრევა), შკრინიარი, რანოკია (75. ნაგატომო), სანტონი - ვესინო, გალიარდინი - ჟოაო მარიო (65. დალბერტი), ბორხა ვალერო, პერიშიჩი - იკარდი.

ტორინო-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 დე სილვესტრი (39), 2:0 ნიანგი (53), 3:0 ფალკე (85)
გამოუყენებელი პენალტი: პულგარი (50. ბოლონია)

მილანი-კროტონე 1:0
გოლი: 1:0 ბონუჩი (54)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი (83. ლოკატელი), ბილია, ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (76. კალინიჩი).

ბენევენტო-სამპდორია 3:2
გოლები: 0:1 კაპრარი (45+1), 1:1 კოდა (69), 2:1 კოდა (84), 3:1 ბრინიოლა (90+1), 3:2 კოვნაცკი (90+4)
გაძევება: სალა (83. სამპდორია)

ჯენოა-სასუოლო 1:0
გოლი: 1:0 გალაბინოვი (80)

ნაპოლი-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 კულიბალი (65), 2:0 კალიეხონი (78)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი (85. მაქსიმოვიჩი), კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (76. ზელინსკი) - კალიეხონი, მერტენსი, ინსინიე (86. როგი).

სპალ-ლაციო 2:5
გოლები: 0:1 ლუის ალბერტო (5), 1:1 ანტენუჩი (8-პენ), 1:2 იმობილე (19), 1:3 იმობილე (26), 2:3 ანტენუჩი (31), 2:4 იმობილე (41), 2:5 იმობილე (51)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლესი, დე ვრეი, რადუ (58. რამოს მარკი) - ბაშტა, პაროლო, ლუკას ლეივა (76. ლულიჩი), მილინკოვიჩ-სავიჩი (58. ანდერსონი), ლუკაკუ - ლუის ალბერტო, იმობილე.

რომა-ატალანტა 1:2
გოლები: 0:1 კორნელიუსი (14), 0:2 დე როონი (19), 1:2 ჯეკო (56)
რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი (83. პერესი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (51. შიკი), გონალონი, სტროოტმანი (76. უნდერი) - ელ შაარავი, პეროტი, ჯეკო.
გაძევება: დე როონი (45. ატალანტა)

კალიარი-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ბერნარდესკი (74)
იუვენტუსი (4-3-2-1): შჩესნი - ბარძალი, ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (60. მანჯუკიჩი), პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი (79. ლიხტშტაინერი), დიბალა (50. დუგლას კოშტა) - იგუაინი.

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 12 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
21 იანვარი: ატალანტა-ნაპოლი, ბოლონია-ბენევენტო, ლაციო-კიევო, სამპდორია-ფიორენტინა, სასუოლო-ტორინო, უდინეზე-სპალ, ვერონა-კროტონე, კალიარი-მილანი, ინტერი-რომა
22 იანვარი: იუვენტუსი-ჯენოა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული