სერია A. XXIII ტური: "ინტერი" უფსკრულის პირას, "იუვენტუსი" მეშვიდე ცაზე [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის ორი ადრეული მატჩიდან ერთ-ერთი დიდი სიურპრიზით დასრულდა. "ინტერმა" გააგრძელა ზოგადად ზესენსაციური შაბათის საერთო ხაზი და ზედიზედ მერვე მოუგებელი მატჩი ჩაატარა. მეტოქესაც ხომ გააჩნია - ლუჩანო სპალეტის გუნდმა საშინაო შეხვედრაში ვერ მოუგო "კროტონეს".

ყველაზე საკვირველია ის, რომ მილანელებს ასე ერთბაშად მოეძალათ პრობლემები. არადა, ამას გარკვეული ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა. მაშინ "ნერაძური" სატურნირო ცხრილს ედგა სათავეში, ახლა კი ჩემპიონობას ვინ ჩივის, ზოგადად, მოგება გაუხდა სანატრელი.

"კროტონესთან" შეხვედრას რაც შეეხება, "ინტერს" დააკლდა ტრავმირებული მაურო იკარდი, თუმცა ანგარიში გახსნა ედერმა,
ვინც სწორედ დაშავებული არგენტინელის ადგილი დაიკავა.

ამის შემდეგ ისე ჩანდა, რომ ფავორიტი იოლ 3 ქულას ჩაიდებდა ჯიბეში, მაგრამ ასე არ მოხდა. ბარბერისმა წონასწორობა აღადგინა და თამაში 1:1 დასრულდა.

თამაშის შემდეგ "ინტერის" ფანობამ საკუთარი გუნდი გასახდელში სტვენით გააცილა. სპალეტიმ კი შემდეგი თქვა: "ჩვენ სუსტი ხასიათი გვაქვს. რა თქმა უნდა, მოგება იყო მიზანი და ეს უნდა გაგვეკეთებინა".

ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ არ ვფიქრობთ, რომ "ინტერის" პრობლემები მხოლოდ ხასიათის ბრალია. ყოველ შემთხვევაში, შემადგენლობის მხრივ ის მოწინააღმდეგეზე ბევრად მაღლა იდგა...


"რომამ" ჩენგიზ უნდერის უსწრაფესი და ერთადერთი გოლით გასვლაზე მოუგო "ვერონას" და ხანგრძლივი უიღბლო სერია შეწყვიტა. "რომამ" არაერთი მომენტი შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთი შეაგდო.

ლორენცო პელეგრინის გაძევების გამო "ჯალოროსიმ" თამაში კაცნაკლულმა ჩაამთავრა, თუმცა მათ მიერ მოპოვებულ სამ ქულას დაუმსახურებელს ვერაფრით უწოდებ კაცი.

"რომამ" მართლაც გემრიელად ითამაშა, მისმა მთავარმა მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ კი თქვა: "ჩვენს ტაქტიკაში არ ყოფილა გადამწყვეტი ცვლილებები. იყო ერთადერთი ის, რომ მოვახერხეთ სახიფათო მომენტებიდან ერთ-ერთის გარდაქმნა გოლად და ამან ძალიან გამახარა. ფაქტი ისაა, რომ კიდევ უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ რეალური მომენტებისას".


ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" გასამართავ პლეი-ოფს შესანიშნავ ფორმაში ეგებება "იუვენტუსი". "ბებერმა ქალბატონმა" საშინაო ასპარეზზე "სასუოლოს" 7 უპასუხო გოლი გაუტანა. ტურინელები აკეთებდნენ ყველაფერს, რაც სურდათ. ამდენად, ეს ანგარიში აბსოლუტურად ლოგიკურია.

"იუვეს" გარკვეული პრობლემები ჰქონდა შემადგენლობასთან დაკავშირებით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამან სტუმრებს ვერ უშველა. პირველ ტაიმში სამი ხედირამ დუბლი შეასრულა, მეორე ტაიმი კი გონსალო იგუაინის ბენეფისად (ჰეთ-თრიკი) იქცა. რაც მთავარია, "იუვემ" შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა. ტურინელებს ბოლომდე რომ გამოედოთ თავი, ძალიან დიდი ალბათობით, ორნიშნა ანგარიშიც დაფიქსირდებოდა.

"ჩვენ ძალიან დამაჯერებლად ვითამაშეთ, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ სეზონი სწორედ ახლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. ახლა გვმართებს ძალების მაქსიმალური მობილიზება, რათა ის ამოცანები გადავჭრათ, რომლებიც დავისახეთ. მიმაჩნია, რომ მომატება კიდევ შეგვიძლია. მახარებს იგუაინის ასეთი შედეგიანი თამაში. ჩემპიონთა ლიგაზეც და სერია A-შიც გუნდი მხოლოდ უმაღლეს მიზნებს ისახავს. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ამის მიღწევა. ამ ეტაპისთვის ეს არის პიკი", - თქვა თამაშის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ.


"მილანი", ბოლო დროს ფერზე რომ მოვიდა, უდინედან შინ ქულით დაბრუნდა. არადა, ჯენარო გატუზოს გუნდი თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მილანელებმა ამ გოლის შემდეგ ძალიან ინერტულად ითამაშეს. თავად განსაჯეთ, მათ ტაიმ-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ დაარტყეს მოწინააღმდეგის კარის ჩარჩოში და ისიც - არცთუ სახიფათოდ.

შესანიშნავი იყო სუსოს გოლი, თუმცა "როსონერის" ბანაკში სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც მინდორი დატოვა კალაბრიამ - ახალგაზრდა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო. ეს იყო და, "მილანი" მართლაც რომ ბრინჯივით აირია. ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენიმე ათეული ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ბოლოს საკუთარ კარში გაიტანა. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში ბურთი ჯერ ლეონარდო ბონუჩის მოხვდა.

დარჩენილ დროში მოგება უფრო "უდინეზეს" შეეძლო. ასე ჩაუმწარა დღე ყოფილ თანაგუნდელ გატუზოს "უდინეზეს" მწვრთნელმა მასიმო ოდომ. "მილანმა" კი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ ვერ მოიგო - საქმე მანამდე უნდა მოეთავებინა, სანამ ამის საშუალება იყო.

"ეს იყო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ამ სეზონში. გამოვავლინეთ ხასიათი და მინდორზე დავდეთ ყველაფერი. შედეგი არ არის მთავარი, ახლა მთავარი ის იყო, რომ დავინახეთ - ჩვენ შეგვიძლია ასე ვითამაშოთ. რაც შეეხება კალაბრიას გაძევებას, რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს შესანიშნავი ფეხბურთელები, უბრალოდ, ხანდახან გვჩვევია სულელური შეცდომები და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს", - თქვა გატუზომ.


ფაქტები
  • სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი (6) წითელი ბარათი "მილანის" ფეხბურთელებმა მიიღეს.
  • "იუვენტუსმა" პირველად მოახერხა მიმდინარე სერია A-ში პირველ ტაიმში 3 გოლის გატანა.
  • ჩენგიზ უნდერმა ("რომა") გოლი გაიტანა 43-ე წამზე. ეს არის "რომას" უსწრაფესი გოლი სერია A-ში 2012 წლის იანვრის შემდეგ.
  • "ინტერს" 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ანალოგიური სერია ამ გუნდმა ბოლოს 2017 წლის მაისში დაასრულა.
  • მიმდინარე სერია A-ში "სამპდორიამ" დაკარგა ყველაზე მეტი (17) ქულა იმ შეხვედრებში, რომლებშიც თავად იყო დაწინაურებული.

სერია A. XXIII ტური
სამპდორია-ტორინო 1:1
გოლები: 1:0 ტორეირა (11), 1:1 აკუა (25)
გაძევება: აკუა (73. ტორინო)

ინტერი-კროტონე 1:1
გოლები: 1:0 ედერი (23), 1:1 ბარბერისი (60)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, დალბერტი (74. კანსელო) - ბროზოვიჩი (77. კარამო), ბორხა ვალერო, ვესინო - კანდრევა (64. რაფინია), პერიშიჩი, ედერი.

ვერონა-რომა 0:1
გოლი: 0:1 უნდერი (1)
რომა (4-2-3-1): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი, სტროოტმანი - უნდერი (70. ჟერსონი), ნაინგოლანი, ელ შაარავი (78. პეროტი) - ჯეკო (89. დეფრელი).
გაძევება: პელეგრინო (51. რომა)

ატალანტა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 მანჩინი (72)

ბოლონია-ფიორენტინა 1:2
გოლები: 0:1 მირანტე (41-საკ. კარში), 1:1 პულგარი (44), 1:2 კიეზა (71)

კალიარი-სპალ 2:0
გოლები: 1:0 ჩიგარინი (34), 2:0 საუ (78)

იუვენტუსი-სასუოლო 7:0
გოლები: 1:0 ალექს სანდრო (9), 2:0 ხედირა (24), 3:0 ხედირა (27), 4:0 პიანიჩი (38), 5:0 იგუაინი (63), 6:0 იგუაინი (74), 7:0 იგუიანი (83)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - დე შილიო, რუგანი (46. ბენატია), კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (46. სტურარო), პიანიჩი, მატუიდი (26. მარკიზიო) - ბერნარდესკი, მანჯუკიჩი, იგუაინი.

უდინეზე-მილანი 1:1
გოლები: 0:1 სუსო (9), 1:1 ჯ. დონარუმა (76-საკ. კარში)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - აბატე, ბონუჩი, რომანიოლი, კალაბრია - კესი, ბილია, ბონავენტურა (71. ანტონელი) - სუსო, ჩალჰანოღლუ (79. ბორინი), ანდრე სილვა (72. კალინიჩი).
გაძევება: კალაბრია (68. მილანი)

ბენევენტო-ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 მერტენსი (20), 0:2 ჰამშიკი (47)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჟორჟინიო (78. დიავარა), ჰამშიკი (70. ზელინსკი) - კალიეხონი, ინსინიე, მერტენსი (76. როგი).


ორშაბათი, 5 თებერვალი
ლაციო-ჯენოა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 10 - ედინ ჯეკო (რომა), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
9 თებერვალი: ფიორენტინა-იუვენტუსი
10 თებერვალი: სპალ-მილანი, კროტონე-ატალანტა, ნაპოლი-ლაციო
11 თებერვალი: სასუოლო-კალიარი, კიევო-ჯენოა, ინტერი-ბოლონია, სამპდორია-ვერონა, ტორინო-უდინეზე, რომა-ბენევენტო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული