სერია A. XXIV ტურის წინ: რომაელები ნეაპოლში, ქალბატონი ფლორენციაში

AutoSharing Option
ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა - ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "იუვენტუსს", დიდი ალბათობით, "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან. თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ექიმებზეა. დავამატოთ ამას ისიც, რომ "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩი ელის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. და მაინც, "ქალბატონი" ფლორენციაში, სადაც მას ყოველთვის მტრულად ხვდებიან, უდავო ფავორიტია.

ტურინელებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ფეხის დაცდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საჩუქრით "ნაპოლი" ისარგებლებს. ისე კი, "ფიორენტინას" ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ძლიერ მეტოქეს ებრძოლოს, მით უმეტეს, გუნდი ოპტიმალური
შემადგენლობით ითამაშებს. ეგაა, "იები" ამ ბოლო დროს "ხასიათის" გუნდად ჩამოყალიბდნენ.

რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით "ლაციოს" სტუმრობას ნეაპოლში. ამ ბოლო დროს "ლაციალემ" ცოტა კი აურია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. ლიდერი "ნაპოლი" კი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. მასპინძელთა შორის საეჭვოა ესპანელი მცველის, რაულ ალბიოლის ჯანმრთელობა.

"მილანი", რომელიც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე, გუნდს დაამსგავსა ჯენარო გატუზომ, სტუმრად ითამაშებს სპალ-თან. რა თქმა უნდა, "როსონერის" მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ სპალ-ი გასავარდნ ზონაშია და თავს გადადებს თუნდაც ერთი ქულისთვის. "მილანს" ვერ დაეხმარებიან წინა ტურში გაძევებული დავიდე კალაბრია, ანდრეა კონტი და რიკარდო როდრიგესი.

არავინ იცის, რას ჩაიდენენ "სან სიროზე" "ინტერის" განაწყენებული ქომაგები იმ შემთხვევაში, თუ მათმა საყვარელმა გუნდმა ამჯერადაც ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება. ისე, დასასრული ყველაფერს აქვს და, ალბათ, ლუჩანო სპალეტის გუნდის ნავსიანი სერიაც უნდა დასრულდეს ადრე თუ გვიან. პროგნოზის გაკეთება კი ძნელია - თუ "ინტერმა" წინა ტურში ვერ მოუგო "კროტონეს", შეიძლება ვერც "ბოლონია" დაამარცხოს. რაც შეეხება ტრავმირებულ მაურო იკარდის, "ნერაძურის" მთავარმა მეგოლემ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ითამაშებს თუ არა, ამის თქმა ჯერ ძნელია.

წესით, ძალიან იოლი თამაში უნდა ჰქონდეს "რომას", რომელიც აუტსაიდერ "ბენევენტოს" მასპინძლობს. ვფიქრობთ, არც დანიელე დე როსის არყოფნა იქნება "ჯალოროსისთვის" დამაბრკოლებელი ფაქტორი. და მაინც, სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა. სტუმრები ყველანაირად ეცდებიან, ფავორიტი გაამწარონ. მიმდინარე სეზონში მათ ეს ერთხელ უკვე შეძლეს, როცა "მილანის" ამბიციები შეიწირეს.

ფაქტები
  • "კროტონესა" და "ატალანტას" შორის ბოლო 3 მატჩიდან სამივე "ატალანტამ" მოიგო.
  • "ტორინომ" და "უდინეზემ" ბოლო 4 შეხვედრიდან ოთხივეში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "იუვენტუსმა" და "ფიორენტინამ" ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.
  • "ნაპოლიმ" ბოლო 5 მატჩიდან "ლაციოს" 4 მოუგო.

სერია A. XXIV ტური
პარასკევი, 9 თებერვალი
ფიორენტინა-იუვენტუსი 23:45

შაბათი, 10 თებერვალი
სპალ-მილანი 18:00
კროტონე-ატალანტა 21:00
ნაპოლი-ლაციო 23:45

კვირა, 11 თებერვალი
სასუოლო-კალიარი 15:30
კიევო-ჯენოა 18:00
ინტერი-ბოლონია 18:00
სამპდორია-ვერონა 18:00
ტორინო-უდინეზე 18:00
რომა-ბენევენტო 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული