სერია A. XXV ტურის წინ: როცა "ნაპოლი" ჩასაფრებულია...

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის მთავარი დაპირისპირება ტურინული დერბია. "იუვენტუსისთვის" ახლა ყველა ქულას მართლაც რომ ოქროს ფასი აქვს, ფეხის დაცდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

მასიმილიანო ალეგრის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში მაინცდამაინც კარგად ვერ ითამაშა "ტოტენჰემთან" საშინაო შეხვედრაში. გუნდს აშკარად აქვს საკადრო პრობლემები და ეს ნათლად აისახება ტურინელთა თამაშზე. ფაქტია, "იუვე" შორსაა იდეალური ფორმისგან.

ამ ტურში შედარებით იოლი ამოცანა აქვს ჩემპიონატის ლიდერ "ნაპოლის". ნეაპოლელები სპალ-ს ეთამაშებიან საშინაო ასპარეზზე და თუ სასწაული არ მოხდა, წესით, მეტოქე ყოველგვარი პრობლემების გარეშე უნდა დაამარცხონ.

"ნაპოლის"
გადატვირთული კალენდარი აქვს, გუშინ ევროპალიგაზეც ითამაშა, მაგრამ ამ მხრივ მაურიციო სარის გაწვრთნილი გუნდი ვერ დაიწუწუნებს, რადგან ზუსტად ამავე დღეშია (ალბათ, უარესშიც) მისი მთავარი კონკურენტი "იუვენტუსიც".

ტურის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი მილანში გაიმართება. "სან სიროზე" ყოჩაღი "სამპდორია" ჩავა. ჯენარო გატუზო ჯერაც რჩება სერია A-ს ყველაზე დაბალანაზღაურებად მწვრთნელად, მაგრამ თუ "მილანის" პროგრესი გაგრძელდა, საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რინოსთვის ჯამაგირის მომატებაზეც იფიქრებენ...

მართალია, ამ გუნდების შეხვედრები გოლუხვობით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც ფიცხელ ბრძოლას ველით, რადგან ორივე გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია.

კარგი თამაში უნდა იყოს "უდინეზე"-"რომა". ეგაა, სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, რომაელები ყოველთვის ახერხებენ უდინელთა დამარცხებას. რა თქმა უნდა, ფავორიტი "ჯალოროსია", მაგრამ "უდინეზეს" სენსაციის შემოთავაზება რომ შეუძლია, ესეც ფაქტია.

"ჯენოასა" და "ინტერის" შეხვედრა იმითაა გამორჩეული, რომ "ნერაძურის" რამდენიმე ისეთ ფეხბურთელთან მოუწევს დაპირისპირება, რომლებიც ადრე სწორედ "ინტერის" ღირსებას იცავდნენ.

ფაქტები
  • "რომამ" ბოლო 9 ურთიერთშეხვედრაში დაამარცხა "უდინეზე".
  • "კიევოს" და "კალიარის" შორის ბოლო 12 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.
  • "ბოლონიასა" და "უდინეზეს" შორის უკანასკნელ 6 შეხვედრაში ორივეს არ გაუტანია გოლი.
  • "ნაპოლი" და სპალ-ი იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს მეორედ ხვდებიან.
  • "ატალანტასა" და "ფიორენტინას" შორის ბოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა.
  • "მილანსა" და "სამპდორიას" შორის ბოლო 5 თამაშში ორივეს არ გაუტანია გოლი.

სერია A. XXV ტური
შაბათი, 17 თებერვალი
უდინეზე-რომა 18:00
კიევო-კალიარი 21:00
ჯენოა-ინტერი 23:45

კვირა, 18 თებერვალი
ტორინო-იუვენტუსი 15:30
ბენევენტო-კროტონე 18:00
ბოლონია-სასუოლო 18:00
ნაპოლი-სპალ 18:00
ატალანტა-ფიორენტინა 21:00
მილანი-სამპდორია 23:45

ორშაბათი, 19 თებერვალი
ლაციო-ვერონა 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული