სერია A. XXXII ტურის წინ: რომი ორად გაიყოფა

AutoSharing Option
ამ კვირაში რამდენიმე დერბია და ყველაზე სასტიკი ჯახი რომში უნდა შედგეს. მარადიული ქალაქი ორად გაიყოფა. ერთმანეთის წინააღმდეგ ხომ "ლაციო" და "რომა" ითამაშებენ. ეს მატჩი, რომც არაფერს წყვეტდეს, მაინც ტურის ცენტრალური დაპირისპირება იქნებოდა.

ახლა კი ასე ნამდვილად არაა - ოდინდელი მტრები ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტები არიან ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილებისთვის ბრძოლაში.

"რომა" ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა. ამ გუნდის მიერ რამდენიმე დღის წინ ჩადენილ სასწაულზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ, რადგან უკვე საკმარისად დავწერეთ.

საკითხავია, "ბარსელონასთან" გმირულად ჩამთავრებული თრილერის შემდეგ ეყოფა თუ არა "რომას" საიმისო ძალა,
ბოლომდე დაიხარჯოს დერბიში. უნდა ვიფიქროთ, რომ ეყოფა - ამის თაობაზე "ჯალოროსის" მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ ილაპარაკა და მან ყველაზე უკეთ იცის თავისი ბიჭების მდგომარეობა.

დასვენებული არც სიმონე ინძაგის "ლაციოა" მას შემდეგ, რაც ევროპალიგაზე საპასუხო მატჩი ითამაშა "ზალცბურგთან". და მაინც, დერბი ისეთი რამეა, გუნდებმა დაღლილობა და სხვა მიზეზები გვერდით უნდა გადადონ.

შესაძლოა, ამ ტურში რეალურად დასრულდეს საჩემპიონო ბრძოლა. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "ნაპოლი" გასვლაზე ვერ შეძლებს "მილანის" დამარცხებას. ორი აზრი არ არის, რომ მაურიციო სარის გუნდს ურთულესი გამოცდა ელის.

ჯენარო გატუზოს ხელში "მილანი" უკეთესი გუნდი გახდა და ახლაც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საშინაო ასპარეზზე "როსონერის" ფანობა გაახაროს და თან საჩემპიონო დავაზეც მოახდინოს გავლენა.

"ნაპოლის" წაფორხილებას მოუთმენლად ელის "იუვენტუსი". "ბებერი ქალბატონი", რომელსაც მადრიდში ძალიან ცოტა დააკლდა გმირობამდე (თამაშის დამატებით დროში გადაყვანა ტურინელებისთვის მართლაც გმირობა იქნებოდა, პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე), შინ ალბათ მოუგებს უმოტივაციოდ დარჩენილ "სამპდორიას". მასიმილიანო ალეგრის გუნდს ახლა მთავარ საზრუნავად "სკუდეტოს" მოპოვება დარჩა და აქ კომპრომისი გამორიცხულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "იუვესთვის" სეზონი წარუმატებლად შეფასდება.

ფაქტები
  • "უდინეზემ" სერია A-ში ზედიზედ 8 მატჩი წააგო.
  • "კიევოსა" და "ტორინოს" შორის ბოლო 4 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
  • "ინტერმა" ბოლო 2 მატჩი მოუგო "ატალანტას".
  • ბოლო 3 მატჩია, "ფიორენტინა" კარს "მშრალად" ინახავს.
  • "მილანსა" და "ნაპოლის" შორის ბოლო 4 მატჩში ორივემ შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა.
  • "ბოლონიას" ბოლო 5 მატჩია, არ მოუგია.
  • მიმდინარე სერია A-ს პირველ წრეში "სამპდორიამ" "იუვენტუსს" 3:2 მოუგო.
  • "ლაციოსა" და "რომას", ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბოლო 8 მატჩში ფრედ არ უთამაშიათ.

სერია A. XXXII ტური
შაბათი, 14 აპრილი
კალიარი-უდინეზე 17:00
კიევო-ტორინო 20:00
ჯენოა-კროტონე 20:00
ატალანტა-ინტერი 22:45

კვირა, 15 აპრილი
ფიორენტინა-სპალ 14:30
მილანი-ნაპოლი 17:00
ბოლონია-ვერონა 17:00
სასუოლო-ბენევენტო 17:00
იუვენტუსი-სამპდორია 20:00
ლაციო-რომა 22:45

ბომბარდირები: 27 - ჩირო იმობილე (ლაციო); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 21 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 18 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 17 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 15 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული