სერია A. I ტური: რონალდომ საკუთარ ტყავზე გამოსცადა... [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს პირველი ტური ნაკლული გამოდგა ცნობილი ტრაგედიის გამო. გენუის ორივე გუნდს გადაუდეს თამაში და, მათ გარდა, პირველ ტურში ვერ ვნახეთ "მილანი" და "ფიორენტინაც"...

...სამაგიეროდ, ვნახეთ კრიშტიანო რონალდოს დებიუტი სერია A-ში. ამიტომაც განუზომლად დიდი იყო ინტერესი "კიევოსა" და "იუვენტუსის" მატჩის მიმართ. მასიმილიანო ალეგრიმ რონალდო გამოკვეთილ ფორვარდად დააყენა. რა თქმა უნდა, პორტუგალიელი შესამჩნევი ფიგურა იყო მოედანზე, მაგრამ პირველ მატჩში ამაოდ დაშვრა, "იუვემ" კი ურთულესი თამაში მოიგო ძალზე მოტივირებულ "მფრინავ ვირებთან".

თავის დროზე, რონალდომ პრეზენტაციისას თქვა - ვიცი, რომ სერია A ძალიან
რთული ლიგააო. ახლა მან ეს უკვე საკუთარ ტყავზე გამოსცადა. "იუვეს" ახალწვეულთან უცნაურ ვითარებაში შეჯახებისას ცხვირი გაიტეხა "კიევოს" მეკარე სტეფანო სორენტინომ, რომელიც სტადიონიდან პირდაპირ ჰოსპიტალში გააქანეს...


"ლაციო" ჩირო იმობილეს შესანიშნავი გოლით უგებდა "ნაპოლის", მაგრამ საბოლოოდ მაინც წაგებული დარჩა. ეს იყო კარლო ანჩელოტის პირველი მატჩი სერია A-ში 9-წლიანი უცხოური "მივლინების" შემდეგ.


დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ამიტომ პირველი ტურის მიმოხილვაზე მეტად საინტერესო უფრო ის იყოს, რა ტრანსფერები განხორციელდა სერია A-ში "ფანჯრის" დახურვის წინ, რაზეც გასაგები მიზეზის გამო მკითხველს ვერ ვუამბეთ.

მაშ ასე:
  • დიეგო ლაქსალტი "ჯენოადან" "მილანში" გადავიდა. მილანურმა კლუბმა მასში 18 მილიონი გადაიხადა. ურუგვაელმა ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 93-ე ნომერი აიღო.
  • სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "მილანმა" მეორე ფეხბურთელიც შეიძინა - სამუელ კასტილიეხო "ვილიარეალიდან". ამ ფეხბურთელმა შარშან, ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი და 8 შედეგიანი პასი დააგროვა. ესპანელი "მილანში" მეშვიდე ნომრით ითამაშებს.
  • საპირისპირო მიმართულებით - "მილანიდან" "ვილიარეალში" გადავიდა კარლოს ბაკა. შარშან კოლუმბიელმა იჯარით სწორედ ამ გუნდში ითამაშა. ასე რომ, ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდება. ლა ლიგაში ბაკამ 35 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
  • პეპე რეინასთან გამოთხოვების შემდეგ "ნაპოლი" მეკარეს ეძებდა და ტრანსფერების ბოლო დღეს "არსენალიდან" იჯარით აიყვანა დავიდ ოსპინა. იტალიელებს კოლუმბიელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
  • სიმონე ძაძა სამშობლოში დაბრუნდა. ფორვარდის შეძენასთან ახლოს იყო "სამპდორია" და თითქოს ამ გუნდმა მოილაპარაკა "ვალენსიასთან", მაგრამ თავად ძაძამ "ტორინო" აირჩია. ტურინელებმა იჯარაში 2 მილიონი გადაიხადეს.
  • ვეტერანმა ფორვარდმა ჟერვინიომ დატოვა ჩინეთი და სერია A-ში დაბრუნდა. ის "პარმაში" გააგრძელებს კარიერას. კოტდივუარელი ამ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 27-ე ნომრით ითამაშებს.
  • რაგნარ კლავანი "ლივერპულიდან" "კალიარიში" გადავიდა, რომელმაც ესტონელში 2 მილიონი ევრო დახარჯა.
  • ემილიანო რიგონიმ დატოვა "ზენიტი" და იჯარით წავიდა "ატალანტაში".
  • "იუვენტუსმა" "არსენალიდან" შეიძინა სტეფ მავიდიდი, რომელიც ფორვარდია და კარიერაში ორი გოლი აქვს გატანილი ("ჩარლტონის" რიგებში).
  • კოსტარიკელი ჯოელ კემპბელი სერია A-ში დაბრუნებულ "ფროზინონეში" გადავიდა.

სერია A. I ტური
კიევო-იუვენტუსი 2:3
გოლები: 0:1 ხედირა (3), 1:1 სტეპინსკი (38), 2:1 ჯაკერინი (56-პენ), 2:2 ბანი (75-საკ. კარში), 2:3 ბერნარდესკი (90+3)
იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (84. ემრე ჯანი), პიანიჩი - კუადრადო (56. ბერნარდესკი), დიბალა, დუგლას კოშტა (64. მანჯუკიჩი) - რონალდო.

ლაციო-ნაპოლი 1:2
გოლები: 1:0 იმობილე (25), 1:1 მილიკი (45+3), 1:2 ინსინიე (59)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - რამოს მარკი (46. ბასტოსი), აჩერბი, რადუ - კასერესი, მილინკოვიჩ-სავიჩი, ბადელი (68. კორეა), პაროლო (88. კატალდი), მარუშიჩი - ლუიშ ალბერტო, იმობილე.
ნაპოლი (4-3-3): კარნეზისი - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, ჰამშიკი (70. დიავარა), ზელინსკი (85. როგი) - კალიეხონი, ინსინიე (76. მერტენსი), მილიკი.

ტორინო-რომა 0:1
გოლი: 0:1 ჯეკო (89)
რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პასტორე (75. შიკი), დე როსი, სტროოტმანი - იუნდერი (70. კლუივერტი), ელ შაარავი (60. კრისტანტე), ჯეკო.


ბოლონია-სპალ 0:1
გოლი: 0:1 კურტიჩი (71)
გაძევება: ნადი (89. ბოლონია)

ემპოლი-კალიარი 2:0
გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 2:0 კაპუტო (52)

პარმა-უდინეზე 2:2
გოლები: 1:0 ინგლეზე (43), 2:0 ბარილა (59), 2:1 დე პაული (65-პენ), 2:2 ფოფანა (69)

სასუოლო-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 ბერარდი (27-პენ)
ინტერი (4-4-1-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, დე ვრეი, მირანდა, დალბერტი (46. პერიშიჩი) - პოლიტანო, ვესინო, ბროზოვიჩი (86. კარამო), ასამოა - მარტინესი (69. კეიტა) - იკარდი.


ორშაბათი. 20 აგვისტო
22:30 ატალანტა-ფროზინონე
სამპდორია-ფიორენტინა გადაიდო
მილანი-ჯენოა გადაიდო

მომდევნო ტური
25 აგვისტო. იუვენტუსი-ლაციო, ნაპოლი-მილანი
26 აგვისტო. სპალ-პარმა, კალიარი-სასუოლო, ფიორენტინა-კიევო, ფროზინონე-ბოლონია, ჯენოა-ემპოლი, ინტერი-ტორინო, უდინეზე-სამპდორია
27 აგვისტო. რომა-ატალანტა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული