სერია A. III ტური: ბოლო წამის მაგია "სან სიროზე" [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მესამე ტურის ცენტრალური მატჩი ისეთი აღმოჩნდა, კარგა ხანს რომ ვერ დავივიწყებთ - "მილანმა" "რომას" უკანასკნელ წამს გამოგლიჯა ხელიდან 3 ქულა. ქომაგებს ძველი "როსონერი" გაახსენდებოდათ. ვნახოთ, გაგრძელება იქნება თუ არა...

თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში "მილანი" მეტოქეზე უკეთესი იყო. ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. რიკარდო როდრიგესმა შესანიშნავი გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რომელსაც მილანელთა კოტდივუარელი ლეგიონერი ფრანკ კესი შორეულ ძელთან გამოეხმაურა და ანგარიში გახსნა.

მდევრის როლში მყოფმა "რომამ" მეორე ტაიმი ძალიან აქტიურად დაიწყო და ანგარიშიც მალევე გათანაბრდა. მილანელმა მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს და
არგენტინელ ფედერიკო ფასიოს დარტყმის საშუალება მისცეს - 1:1.

მატჩის ენდშპილისთვის "მილანს" უფრო მეტი ძალა შემორჩა. მასპინძლები შედარებით მწვავედ უტევდნენ და ამან შედეგი გამოიღო. ჯენარო გატუზომ გამოიცნო შეცვლა, როცა მინდორზე პატრიკ კუტრონე შეუშვა.

ბოლო, დამატებულ წუთზე გონსალო იგუაინმა შესანიშნავი გადაცემით რომაელთა მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და კუტრონეს ისღა დარჩენოდა, "სან სირო" "აეფეთქებინა" - 2:1.


"ბოლონია" საშინაო ასპარეზზე მაგრად გაუძალიანდა "ინტერს", მაგრამ საბოლოოდ, ფავორიტს ქედი მაინც მოუხარა. პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა, მეორე ტაიმში კი მილანელებმა საქმეს მოჰკიდეს ხელი და აღარ გაიმეორეს ის შეცდომები, რომლებმაც "ტორინოსთან" საშინაო გამარჯვების საშუალება არ მისცათ.

ჯერ რაჯა ნაინგოლანმა გახსნა ანგარიში მატეო პოლიტანოს გადაცემის შემდეგ. ამის შემდეგ ივან პერიშიჩი დაეხმარა შედეგიანი დარტყმის განხორციელებაში ანტონიო კანდრევას, რომელსაც 504-დღიანი უგოლო პერიოდი ჰქონდა. ბოლოს კი ხორვატმა თავადაც შეაგდო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.


"იუვენტუსი" უპირობო ფავორიტის რანგში ეწვია სერია A-ში დაბრუნებულ "პარმას". მატჩი "ბებერი ქალბატონის" სწრაფი გოლით დაიწყო. მარიო მანჯუკიჩი წამებში გაერკვა სიტუაციაში და ახლო მანძილიდან შეაგდო.

ამის შემდეგ "პარმამ" რამდენჯერმე დაძაბა სიტუაცია სტუმართა კართან და "იუვეს" კარის ძელიც "მოიკითხა". ტაიმის ბოლომდე ანგარიშიც გათანაბრდა. კოტდივუარელმა ჟერვინიომ, ვისაც ადრე "რომაში" უთამაშია, ახლახან კი ჩინეთიდან დაბრუნდა იტალიაში, გოლი კარის ხაზიდან შეაგდო.
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა მაინც მოიგო. მანჯუკიჩმა გოლს დიდებული საგოლე პასი შემატა, გადამწყვეტი დარტყმა კი ახლო მანძილიდან ბლეზ მატუიდიმ შეასრულა.

...და კრიშტიანო რონალდო? ის ამჯერადაც უგოლოდ დარჩა.


ყველასათვის გასაკვირად, "სამპდორიამ" შინ მიწასთან გაასწორა კარლო ანჩელოტის "ნაპოლი". სტუმრების თავკაცმა ძირითად შემადგენლობაში გარკვეულ ექსპერიმენტებს მიმართა, რამაც არ გაამართლა. დუბლი მიითვალა ფრანგმა შემტევმა გრეგორი დეფრელმა, მაგრამ მატჩის მთავარი გმირი მაინც ვეტერანი ფაბიო კვალიარელა გახლდათ.

35 წლის შემტევმა მართლაც რომ დიდებული მატჩი ჩაატარა. ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა დეფრელს, მერე კი თავად გაიტანა ისეთი გოლი, ნებისმიერი მაღალი რანგის ვარსკვლავი რომ მოაწერდა ხელს.


სერია A. III ტური
მილანი-რომა 2:1
გოლები: 1:0 კესი (40), 1:1 ფასიო (59), 2:1 კუტრონე (90+5)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, როდრიგესი (76. ლაქსალტი) - კესი, ბილია, ბონავენტურა (84. კუტრონე) - სუსო, ჩალჰანოღლუ (81. კასტილიეხო), იგუაინი.
რომა (3-4-1-2): ოლსენი - ფასიო, მანოლასი, მარკანო (46. ელ შაარავი) - კარსდორპი (78. სანტონი), დე როსი, ნზონზი, კოლაროვი - პასტორე (68. კრისტანტე) - შიკი, ჯეკო.

ბოლონია-ინტერი 0:3
გოლები: 0:1 ნაინგოლანი (67), 0:2 კანდრევა (82), 0:3 პერიშიჩი (85)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო (86. ვრსალკო), დე ვრეი, შკრინიარი, ასამოა - ბროზოვიჩი, გალიარდინი - პოლიტანო, ნაინგოლანი (78. ვესინო), პერიშიჩი - კეიტა (79. კანდრევა).

პარმა-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (2), 1:1 ჟერვინიო (33), 1:2 მატუიდი (58)
იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა (80. დიბალა), პიანიჩი (73. ემრე ჯანი), მატუიდი - ბერნარდესკი (55. დუგლას კოშტა), რონალდო, მანჯუკიჩი.

ფიორენტინა-უდინეზე 1:0
გოლი: 1:0 ბენასი (73)

ლაციო-ფროზინონე 1:0
გოლი: 1:0 ლუის ალბერტო (49)
ლაციო (3-5-1-1): სტრაკოშა - უოლასი, აჩერბი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი (82. მურჯა), ლულიჩი - ლუის ალბერტო (90. ბადელი) - იმობილე (85. კაისედო).


ატალანტა-კალიარი 0:1
გოლი: 0:1 ბარელა (45)

სამპდორია-ნაპოლი 3:0
გოლები: 1:0 დეფრელი (11), 2:0 დეფრელი (32), 3:0 კვალიარელა (75)
ნაპოლი (4-3-3): ოსპინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი, დიავარა (71. როგი), ზელინსკი - ვერდი (46. უნასი), ინსინიე (46. მერტენსი), მილიკი.

სასუოლო-ჯენოა 5:3
გოლები: 0:1 პიატეკი (27), 1:1 ბოატენგი (34), 2:1 ლიროლა (38), 3:1 ბაბაქარი (41), 4:1 სპოლი (45-საკ. კარში), 5:1 ფერარი (62), 5:2 პანდევი (70), 5:3 პიატეკი (83)

ტორინო-სპალ 1:0
გოლი: 1:0 ნკულუ (52)

კიევო-ემპოლი 0:0

ბომბარდირები: 3 - მარკო ბენასი (ფიორენტინა), კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა).

მომდევნო ტური
16 სექტემბერი: რომა-კიევო, კალიარი-მილანი, ემპოლი-ლაციო, ფროზინონე-სამპდორია, ჯენოა-ბოლონია, ინტერი-პარმა, იუვენტუსი-სასუოლო, ნაპოლი-ფიორენტინა, სპალ-ატალანტა, უდინეზე-ტორინო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაინგოლანი და სტროტმანი გაუშვეს და ხუთი მცველი დააყენეს მილანთან რათ უნდოდა მილანს 5 მცველი . და წინ შიკი და ჯეკო ერთად ორი ერთნაირი თავდამსხმელი და სკამზე უნდერი და კლუივერტი და ელშა . ეს თამაში დიფრანჩესკომ წააგო და არა რომამ
ტოტტი
13:42 03-09-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული