"რომას" წარუმატებლობა გრძელდება - 1:4 "ნაპოლისთან" და ევროთასების ზონიდან გავარდნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების ნახევარფინალისტი "რომა", რომელმაც გასულ წელს 1/4-ფინალში ტურნირიდან სენსაციურად "ბარსელონა" გამოთიშა, წელს საკუთარ თავს არ ჰგავს.

თებერვალში "რომა" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, მაშინ, როდესაც მისი მეტოქე პლეი-ოფში გასული კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე სუსტი - "პორტო" იყო. ასეთ შედეგს "რომასგან" არავინ ელოდებოდა. ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო უსამსახუროდ დარჩა.

დი ფრანჩესკოს გაშვებას დაემატა სპორტული დირექტორის, რამონ მონჩის გადადგომაც, რომელმაც წასვლის მიზეზად მასსა და კლუბის პრეზიდენტ ჯეიმს პალოტას შორის აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

8 მარტს "რომას" მწვრთნელად გამოცდილი კლაუდიო რანიერი დაინიშნა,
თუმცა შედეგები ჯერჯერობით ვერც მან გამოასწორა. რანიერის ხელში "რომამ" ერთ-ერთ აუტსაიდერ "ემპოლის" მოუგო და "სპალთან" დამარცხდა.

31 მარტს "რომა" შინ მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" ხვდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ორი დღით ადრე საკუთარი მატჩი "მილანმა" წააგო, ევროთასებისთვის მებრძოლი კიდევ ერთი გუნდი - "ლაციო" ზედა სამეულში მყოფ "ინტერს" ეთამაშებოდა, რანიერის გუნდს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.

მატჩის დასაწყისშივე არკადიუშ მილიკმა ნეაპოლიტანური გუნდი დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს დიეგო პეროტიმ 11-მეტრიანიდან ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა კვლავ შეძლეს სწრაფი გოლის გატანა - 50-ე და 55-ე წუთებზე დრის მერტენსმა და სიმონე ვერდიმ რომაელები რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს.

რანიერიმ მატჩის გადასარჩენად მოედანზე ახალგაზრდა ნიკოლო ძანიოლო შეუშვა, თუმცა არანაკლებ გამოცდილმა კარლო ანჩელოტიმ ამას სამი შეცვლით უპასუხა და 81-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ამინ იუნესმა მასპინძლები მეოთხედ დაამწუხრა.

ამის შემდეგ რანიერიმ მოედანზე ჩენკ უნდერი და ჯასტინ კლუივერტი შეუშვა, მაგრამ მდგომარეობის გამოსასწორებლად ძალიან ცოტა დრო რჩებოდა.

რომი. "სტადიო ოლიმპიკო"
რომა-ნაპოლი 1:4
გოლები: 0:1 მილიკი (2), 1:1 პეროტი (45+4), 1:2 მერტენსი (50), 1:3 ვერდი (55), 1:4 იუნესი (81).

რომა: ოლსენი, სანტონი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი, დე როსი (კ) (82 კლუივერტი), ნ'ზონზი, შიკი (63 ძანიოლო), კრისტანტე, პეროტი (82 უნდერი), ჯეკო.
მთ. მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
ნაპოლი: მერეტი, ჰიუსაი (68 მალკუიტი), მაქსიმოვიჩი, კულიბალი, რუი, კალიეხონი, ალანი, რუისი, ვერდი (74 იუნესი), მერტენსი (58 უნასი), მილიკი.
მთ. მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

დიდი ანგარიშით განცდილი მარცხის შემდეგ "რომა" ევროთასების ზონის მიღმა, მე-7 ადგილზე იმყოფება და მხოლოდ 2 ქულით უსწრებს "სამპდორიასა" და "ფიორენტინას".

დიდი ალბათობით, ზაფხულში რომაელებს ახალი მწვრთნელის ძებნა მოუწევთ. რანიერის ერთ-ერთ სავარაუდო შემცვლელად მედია მაურიციო სარის ასახელებს, რომლის მომავალიც ლონდონის "ჩელსიში" ასევე კითხვის ქვეშ დგას.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული