რინომ წასვლა დაადასტურა და ორი წლის ხელფასზე უარი თქვა

AutoSharing Option
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კლუბიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

"არ იყო იოლი "მილანიდან" წასვლა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო.

ამ კლუბში 18 დაუვიწყარი თვე გავატარე. ეს გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო, თუმცა ყველანაირად ნაფიქრი და ჩამოყალიბებული.

ორწლიან კონტრაქტზე უარი ვთქვი? დიახ, რადგან "მილანთან" ჩემი ურთიერთობის ისტორია ფულზე არასდროს იქნება დამოკიდებული", - თქვა გატუზომ.

ადრე კი ცნობილი გახდა, რომ "მილანს" ასევე სპორტული დირექტორი ლეონარდოც დატოვებს.

"მილანმა" სერია A-ში სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა.

"მილანს" გატუზოს წასვლის შესახებ ოფიციალური
განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც ხედავთ, რინომ ეს ინფორმაცია თავად დაადასტურა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, გატუზომ ამის შესახებ გადაწყვეტილება კლუბის აღმასრულებელ დირექტორთან, ივან გაზიდისთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. ლეონარდოს წასვლის მიზეზად კი გაზიდისთან კონფლიქტი სახელდება.

ლეონარდო და გატუზო მასშტაბურ სატრანსფერო კამპანიას ითხოვდნენ და გამოცდილი ფეხბურთელების მოყვანა სურდათ, რომლებიც გუნდს მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში დაეხმარებოდნენ.

გაზიდისი კი "მილანის" განვითარებას სხვანაირად ხედავს. ფინანსური ფეარ-პლეის წესების დაცვის გამო მას დანახარჯების შემცირება და აქცენტის გაკეთება ახალგაზრდა ფეხბურთელების მოყვანაზე სურს.

იტალიური მედიის ცნობით, "მილანის" ახალწვეულების მაქსიმალური ასაკი 23 წელი იქნება.

შესაბამისად, შემცირდება ხელფასებიც, რაც ამჟამად 137 მლნ ევროს შეადგენს. აქედან გამომდინარე, კლუბს დატოვებენ რიკარდო მონტოლივო (2.5 მლნ წელიწადში), ინაციო აბატე (2.3), კრისტიან საპატა (2), ხოსე მაური (1.4), ტიემუე ბაკაიოკო (3.5).

გატუზომ "მილანი" 2017 წლის 27 ნოემბერს ჩაიბარა, როცა გუნდიდან ვინჩენცო მონტელა გაათავისუფლეს. აქამდე ის "პრიმავერაში" მუშაობდა და ახალ ადგილზე იმავე ხელფასით, სეზონში 125 ათასი ევროთი გადავიდა.

ჯენარომ "მილანი" მაშინ ჩაიბარა, როცა ის მე-7 ადგილზე იყო, ხოლო ჩემპიონატი მე-6 ადგილზე დაასრულა და ევროპა ლიგაზე გავიდა. თასზე "მილანი" ტურინის "იუვენტუსთან" ფინალში 0:4 დამარცხდა.

2018 წლის აპრილში გატუზოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმეს და მისი ხელფასი 17-ჯერ გაიზარდა.

2018/19 წლების სეზონში "მილანი" დიდი ხნის განმავლობაში მე-4 ადგილზე იყო, მაგრამ საბოლოოდ მეხუთე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩა, ხოლო ევროპა ლიგაზე ჯგუფიდან ვერ გავიდა.

გატუზოს ხელმძღვანელობით, "მილანმა" 84 მატჩი ჩაატარა და აქედან 40 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კაცი ხარ კაცური რომც აგეღო ხელფასი მაინც,ლეგენდა ხარ ჩემთვის,იმედია მალდინი და ლეონარდო დარჩებიან რატომღაც მჯერა მაგათი მალდინი მაინ დარჩეს
პაოლო
20:47 28-05-2019
1
მოედანზეც ეტყობოდა რა კაცია...საღოლ რინო!
emigranti
02:33 29-05-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული