იტალიის თასის პირველი ნახევარფინალური მატჩი "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის 1:1 დასრულდა.
შეხვედრამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, 72 738 მაყურებელი დაესწრო, რაც იტალიის თასის ნახევარფინალების რეკორდია.
"მილანის" თავდამსხმელმა ანტე რებიჩმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა - 9 თებერვალს "ინტერის" კარიც დალაშქრა. მის ანგარიშზე ყველა ტურნირზე უკანასკნელ 6 შეხვედრაში 5 გოლია.
კომპენსირებულ დროში რონალდოს დარტყმული ბურთი საჯარიმოში კალაბრიას ხელზე მოხვდა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და კრიშტიანომ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი სისრულეში მოიყვანა. პორტუგალიელმა ზედიზედ მერვე მატჩში გაიტანა და წელს მოედანს უგოლოდ არ ტოვებს.
ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ისევე, როგორც გაძევებული თეო ერნანდესი, საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 4 მარტს ტურინში გაიმართება.
შეგახსენებთ, მეორე ნახევარფინალურ წყვილში ჩატარებულ პირველ მატჩში "ნაპოლიმ" სტუმრად 1:0 სძლია "ინტერს".
მილანი. "სან სირო". 72 738 მაყურებელი
მილანი - იუვენტუსი 1:1
გოლები: 1:0 რებიჩი (61), 1:1 რონალდო (90+1, პენ)
გაძევება: ერნანდესი (72)